კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლევან წულაძე, ალბათ, ყველა ჩემ კოლეგას, საყვარელ რესპონდენტთა სიაში ჰყავს. მისი უტელეფონობის გამო მთავარი ამოცანაა, მოიხელთო, სადმე გადააწყდე, თორემ ჩაწერის შემდეგ, საინტერესო ინტერვიუ რომ შეგრჩება ხელში, ეს უკვე წინასწარ იცი.
სხვადასხვა თემებს შევეხეთ. მეუღლის დაავადებაზე პირველად ისაუბრა. „ზმნა.ჯი“-ს მკითხველს ბაბუის ამპლუაშიც გააცნო თავი. კულინარიულ ორომტრიალს, ღმერთს, პროფესიას, ასაკს - ჩამოვუარეთ... მოკლედ, გავუყვეთ ნახევარ საათიან ინტერვიუს.

ჩინეთიდან ახლახან დაბრუნდა. ჭოლას ორი წლის „თეატრ სახელოსნო 42“-მა ქალაქ სიუჩანგში გოგოლის „შეშლილის წერილები“ ითამაშა.
ლევან წულაძე: პრაქტიკულად, პრემიერა ვითამაშეთ. “შეშლილის წერილები” 14 წლის წინ დავდგი იტალიელებთან ერთად, ერთობლივი ნამუშევარი იყო. მთავარ როლში იტალიელი მსახიობი იყო. ისინი იტალიურად, ჩვენ ქართულად ვთამაშობდით და ძალიან საინტერესო კო პროდუქცია იყო. ახლახან ჩინეთის თეატრალურმა ფესტივალმა დამიკვეთა იგივე სპექტაკლის დადგმა. გვქონდა დიდი ხნის მოლაპარაკება. ჩამოვიდნენ, აღვადგინეთ. მე ამისთვის ჩემით ვერ მოვიცლიდი და მადლობელი ვარ, მიხარია, რომ ჩემი ერთ-ერთი კარგი სპექტაკლი სცენას დაუბრუნდა.
ვიყავით სიუჩანგში, სეჩუანში, სადაც ყველაზე საინტერესო საჭმელები და ყველაზე საინტერესო კულტურული მოვლენებიც ხდება ხოლმე. პატარა ქალაქი დიდ ფესტივალს მასპინძლობს. ჩავედი, შევედი თეატრში და სამი დღის მერე გამოვედი. დათვალიერების საშუალება მე არ მქონია. ხალხი კეთილგანწყობილია, მაგრამ გამიკვირდა, რომ ხმაურიანები აღმოჩნდნენ. უცნაურად მყვირალა ხალხია, ქუჩაში სულ ხმაური ისმის. საჭმელი იცოცხლე! სეჩუანი მართლა ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კერძებით. ჩვენსავით, ქართველებივით ყველაფერი მოაქვთ სუფრაზე და მერე შენ ირჩევ, რაც გინდა. ეს სუფრები მოძრაობს, ტრიალებს და ამით ვერთობოდით. ვინმე, რამე კერძის გადაღებას რომ დაიწყებდა, გამოვქაჩავდით სუფრას ხელს უკან და ეყრებოდათ საჭმელი…
- რამე უცნაური - დელიკატესად აღიარებული ქვეწარმავლის კერძი არ დაგიგემოვნებიათ?
- არა, მსგავსი არ მიჭამია, ტყუილს არ ვიტყვი. რაღაც უცნაური თევზები კი იყო, ჭიებს გავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა თევზები და ძალიანაც კარგი იყო.
- D ვიტამინი მიგიღიათ...
- დიახ, ყველაზე მეტი დოზით დ ვიტამინი ყოფილა თევზში, მაგრამ სამწუხაროდ, ძვირიან თევზში იმდენი არა, რამდენიც „სელიოტკაში“ - ქაშაყში. ასე რომ, ვისაც დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, მიირთვით იაფიანი თევზი.
- თქვენ მზადება გიყვართ, ცნობილია.
- დიახ, მიყვარს. ოღონდ მარტო მზადება არ მიყვარს, პარტნიორები უნდა მყავდეს. განსაკუთრებით მიყვარს ჩემ მეგობარ - ზურა გაგლოშვილთან ერთად მზადება. ერთად ვიგონებთ კერძებს. „ზურ-ჭოლი“ - ასე ჰქვია ნებისმიერ კერძს, რომელსაც ერთად მოვიქრებთ და ვამზადებთ. ძირითადად, იმპროვიზებულად ვამზადებთ. ძაან საინტერესოა და თუ არ გამოგვივა, სამაგიეროდ, ვმდიდრდებით გამოცდილებით, რომ სხვანაირად გავაკეთოთ.

- ბატონო ლევან, როგორ მიდის თქვენი თეატრის ცხოვრება?
- ორი წელია ეს თეატრი არსებობს. ახლა ვხვდები, როგორი პოტენცია გვქონდა, თურმე და როგორ არ გამოვიყენეთ სახელმწიფო თეატრში. თავს უფლებას არ ვაძლევდით, ფინანსურად ხელგაშლილად ვყოფილიყავით. მერიდებოდა. მაინც საბჭოთა ხანჯალი გვაქვს ტვინში ჩარჭობილი - არ ქნა, ზედმეტი არ მოითხოვო! წესიერად მოიქეცი! და ასე შემდეგ. შეიძლებოდა გაცილებით მეტი. ახლა ჩემზეა დამოკიდებული. მექნება - გამოვიყენებ, არ მექნება და მოვიფიქრებ, როგორ გამოვიდე ამის გარეშე. ჯერჯერობით, ძალიან კარგად მივდივართ. ახლა ვიწყებ მონო სპექტაკლზე მუშაობას. დოსტოევსკის „წერილები მიწისქვეშეთიდან“, რომელშიც ნიკა კუჭავა ითამაშებს.
- გაამართლა ზაფხულის წამოწყებამ, არაპროფესიონალებისთვის გესწავლებინათ მეტყველება, მსახიობის ოსტატობა...?
- გაამართლა. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს ზაფხულის პროექტია, სხვა დროს ვერ ვიმუშავებ მასზე. ზაფხულში, როცა თეატრის სეზონი იხურება, იხსნება სხვა ადამიანებისთვის. საინტერესო რამაა. მძიმე სამი კვირა იყო, პრაქტიკულად არ გამოვდიოდი თეატრიდან. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ნამდვილი თეატრის მეგობრები შევიძინე.
- რა აღმოაჩინეთ არაპროფესიონალებთან მუშაობისას?
- ის, რომ მსახიობები უნდა იყვნენ ფრთხილად, რომ სამსახური არ დაკარგონ. ყველა ადამიანში აღმოჩნდა უზარმაზარი პოტენციალი, ძალიან არტისტული ხალხი ვართ. ეს ჯგუფები ასაკობრივადაც ჭრელი იყო და პროფესიულადაც. მე დიდი სიამოვნება მივიღე.
- ისევ უტელეფონოდ ხართ?
- მე მაქვს აიპედი, რომელშიც მიწერია რამდენიმე ნომერი. ციფრული ტექნიკა პირიქით, მიყვარს, მასთან ერთად მძინავს, მაგრამ ტელეფონზე ლაპარაკი არასდროს მიყვარდა.

- ფეისბუქი?
- ვპარაზიტობ და ჩემი მეუღლის და ქალიშვილის ფეისბუქიდან ვათვალიერებ ამ სივრცეს. მე პირადად არ ვმონაწილეობ იქაურ ამბებში, არ ვალაიქებ და ასე შემდეგ. ტერმინებში ვერკვევი - გაზიარება, დაფოლოვება, დაჰაჰავება... ეს ყველაფერი ვიცი. ენა ცოცხალი ორგანიზმია, რამდენი სიტყვა გვაქვს სხვადასხავ ენებიდან აღებული.
მომწონს და ვიყენებ სიტყვას "დაქენსელება". ძალიან მომწონს, "წავედი ბიჭებო, აბა, მე დავქენსელდი! კარგად ბრძანდებოდეთ." ასევე ვხმარობ აფგრეითს. ეს ცოტა უნდა დაააფგრეითო.
- ბაბუა ჭოლა როგორია? ამ სტატუსმა რა ახალი თვისება აღმოაცენა თქვენში?
- როგორც მეგონა, არც ისეთი უინტერესო ვყოფილვარ ბავშვებისთვის. ძირითადად, ბავშვებისთვის "წვერიანი მონსტრის" შთაბეჭდილებას ვტოვებდი. ჩემ დანახვაზე ტიროდნენ. მაგრამ აი, ჩემს არაჩვეულებრივ შვილიშვილთან - 4 წლის ანდრიასთან აღმოჩნდა, რომ რაღაცები თურმე შემძლებია. ყოველ დილით ამოდის ჩემს ოთახში და იქ გვაქვს ჩვენი მამაკაცური ოლიმპიური თამაშები, რომლის შემდეგ, მე მკვდარი ვგდივარ ლოგინზე და ის ბედნიერი გადის ოთახიდან.
ყოველ წუთას მეჩვენება, როგორი ფანტაზია აქვს. ღმერთო, ეს ბავშვი გენიოსია. ყველა ნაბიჯზე უნიკალურს აღმოვაჩენ მასში. ამ ახალ თაობას აქვს არაჩვეულებრივი წარმოსახვის უნარი. არ სჭირდება ბევრი სათამაშო, ფანტაზიით ქმნის ფიგურებს, მტრებს, მოყვარეებს, ქურდებს, ბანდიტებს; წარმოიდგენს მიწისძვრას. ჩემთან ერთად ებრძვის მათ. მისი წარმოსახვა გაცილებით მდიდარია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. ჩვენ მაინც სტრესით და გამოცდილებით ვართ დამძიმებულნი. მან შემქმნა, როგორც ბაბუა. მე ამაყად ვასკვნი, რომ გენიოსია და სხვა ამას ვერ გააკეთებს! (იცინის)

- სტრესი ახსენეთ. მძიმე დროებაა, სტრესული ყოფაა. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ამ მძიმე დროის მორევში არ ჩავიხარშოთ და დავრჩეთ ადამიანებად, შევინარჩუნოთ პიროვნულობა?
- ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. შესაძლებელია ეს თუ არა, ძალიან უნდა შეეცადოს. მე ყოველთვის ეს მშველოდა. შეიძლება ზედმეტად მაქვს შრომისუნარიანობა, ზედმეტად ვყვინთავ შრომაში. მაგრამ მე, ხშირად, რეალურ სამყაროს, ასე ვემალები. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, მაგრამ სხვა გამოსავალი მე არ ვიცი. ახალგაზრდებს ვურჩევ, შეიძინონ ისეთი პროფესია, რომელშიც ცხოვრების დაუნდობლობას დაემალებიან. იმდენად საინტერესო უნდა იყოს მათთვის ეს, რომ შეეძლოთ ამით ცხოვრება. მაშინ შედარებით ადვილია ცხოვრება.

- 60 წელი, რა ასაკია თქვენთვის?
- უნდა ვფიქრობდე სხვა რამეებზე.
- რას გულისხმობთ?
- წესით, უფრო ღვაწლმოსილი უნდა ვიყო. რაღაცნაირად მაინც მგონია, რომ ჯერ ისევ ჩამოუყალიბებელი ადამიანი ვარ.
- ასაკი რა არის - ციფრი, ფიზიკური ტრანსფორმაცია, სიბრძნე...?
- ასაკი ჯანმრთელობაა. ახლა ვერ მოვწყდები და ვერ გავიქცევი. წელი მეტკინება, მერე რაღაც მიჰყვება კიდევ... გონება შეიძლება დაბერდეს, თუ გადაწყვიტე, რომ რაღაც იცი კარგად. იქ იწყება შენი სიბერე. წარსულში რომ ჩარჩები და მის დაცვას იწყებ, ადრე კარგი იყო და აუუ, ასე, ისეო, ეს ასაკის შემოპარვის ნიშნებია.
მე ვცდილობ, გავერკვე ჩემს გარშემო სამყაროში, ვუყურო მის ცვალებადობას, ამოვხსნა მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ეს ჩემი პროფესიაა, ჩემთვის რთული არ არის.

- თქვენი მეუღლე, მანანა კოზაკოვა პერიოდულად იცვლის იმიჯს, სხვადასხვანაირია. თქვენ მუდამ გულშემატკივრობთ. ჩანს, რომ თქვენი ტანდემი ძლიერია...
- როცა მეუღლე გართულია თავისი პროფესიით და ბედნიერია, მაშინ შენც ბედნიერი ხარ. მე ყველა ქმარს ვუსურვებ, უპოვოს მეუღლეს სწორი პროფესია, ეს ნიშნავს ოჯახში ბედნიერებას.
კრუალას ვარცხნილობა, მგონია, რომ ცოტა გაუჭიანურდა, მაგრამ მივეჩვიე. არ მომბეზრებია. უხდება. სპექტაკლებში, ჯერჯერობით, ძალიან ოსტატურად ხმარობს. გადაინაწილებს შავს, ჭაღარას, ხან პარიკს იხურავს. მაგრამ ვფიქრობ, სცენიურ შტამპად არ გადაიქცეს.

რაც შეეხება წონას, ჩემი ცოლი ყველანაირ წონიანი მომწონს, როგორც ყველა ნორმალურ მეუღლეს. როგორც რეჟისორი გეტყვით, რომ ახლანდელი მისი მდგოამრეობა უფრო კარგია, უფრო გახსნილია, ნაკლებს ნერვიულობს თავის სილუეტზე, კოსტიუმებს ადვილად ეგუება. მსახიობისთვის მისი სახე და სხეული იარაღია. მსახიობი ტრანსფორმერი უნდა იყოს.

- იყო განსაცდელი, გამოწვევა, თუმცა დაამარცხა და ცუდი უკან არის...
- დიახ, იყო ეს გამოწვევა, დაავადება, რომელიც დაამაცხა. მე ჩუმად ვიყავი. ოპერაცია რომ გაიკეთა, იოგები დაუზიანდა, ეს მისთვის რთული იყო. უცებ პროფესიის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა. ერთი თვე შიშში გავატარეთ. ამაზე არც ერთი არ ვლაპარაკობდით.
მე იტალიაში ვდგამდი სპექტაკლს და მანანა, გულის გადასაყოლებლად ჩამოვიდა. იქ კონკრეტული პროფილის - ოპერის მომღერლების ექიმს შეხვდა, რომელმაც თავისი მოფიქრებული სუნთქვითი ვარჯიში შეასრულებინა და საღამოს უკვე მთელ ხმაზე ყვიროდა. სამ დღეში სრულად აღდა მისი სახმო აპარატი. ეს იყო ბოლონიაში, პავაროტის მშობლიურ ქალაქში.

ძალიან გმირულად გაიარა ეს ავადმყოფობა. გაუმკლავდა... ამაზე არც გვილაპარაკია. მეც პირველად ვყვები ამ ამბავს.
ძალიან ძლიერი გოგოა, მიყვარს და პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას. თავი ხელში აყავს, როდესაც რამე გადასალახი აქვს, ჩუმად და ღირსეულად, მეომარივით გადალახავს.
- ამდენ წლიანი კავშირის საიდუმლოება რა არის?
- შვილი, შვილიშვილი და ჩვენი ძაღლები. სამი იორკი და ერთი შვეიცარიული ნაგაზი, რომლებიც შესანიშნავ დროს ატარებენ. ჩვენ ვართ მათთან შეკედლებული. იორკებს ძინავთ ჩვენს ლოგინში და ჩვენც მივეტმასნებით ხოლმე.

- წიგნის დაწერა ხომ არ გაქვთ გეგმაში?
- არა, ჯერ საქმეა, მოქმედება, ჯერ ზმნა. ჯერ კიდევ ზმნა მშველის.
- თქვენი საყვარელი ზმნა?
- მომზადება - კერძების, სპექტაკლის... სამზადისი. შედეგი არ მიყვარს, სამზადისი მიყვარს. ზმნა მიყვარს.
- სად ხედავთ ჩვენს ქვეყანას ახლო მომავალში?
- აუცილებლად დასავლეთის ცივილიზაციაში. ამაზე ფიქრიც არ მინდა. ამდენი თაობა შეეწირა ამას. ჩვენ სხვა სფეროში არც ვყოფილვართ. დაპყრობილები ვიყავით სპარსელების, არაბების მიერ, მაგრამ ჩვენი კულტურული იდენტობა შევინარჩუნეთ. ახლა სამყარო განსაკუთერბით დაუნდობელი აღმოჩნდა. გლობალურმა სამყარომ შეიძლება ჩვენი ეროვნული ნიშნები ადვილად გადაყლაპოს. ამის საშიშროება არის.
აი, არაბულ ინვესტიციაში საფრთხეს ვერ ვხედავ. მე გაზრდილი ვარ ქალაქში სადაც თათარი, სომეხი, რუსი, იეზიდი ცხოვრობდა. მაგრამ ჩემი ენა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამიყენებია. მაგრამ თუ სახელმწიფოებრივი ექსპანსიაა, ეს სხვა რამეა. ჩვენ ჩრდილო მეზობელს აქვს პრეტენზია, განსაზღვროს ჩვენი კულტურული და ფსიქოლოგიური მომავალი. აი, მანდ არის საშიშროება. არა მგონია, არაბები აქ ექსპანსიის სურვილით მოდიოდეს, ბიზნესის სურვილით მოდიან. ეს ისეთი საშიში არ არის.
- საით მიდის სამყარო?
- აზრი არ აქვს ამასთან ჭიდაობას. ვხედავ ნელ-ნელა იკვეთებიან ადმიანები, ვისაც ამის ეშინია. მე წაკითხული მაქვს, რას ამბობდნენ რკინიგზაზე მეცნიერები. რკინიგზა 30 კილომეტრ საათში თუ გაივლის, ადამიანს დაეშლება გულ-ღვიძლი, მოძვრება ცხვირი, თვალები ამოვარდებაო და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაშიო. წინააღმდეგნი იყვნენ. ყველაფერი უცხო იწვევს შიშს. შიშს თუ აყევი, მაშინ დაექვემდებარები იმ უცხოს. თუ აღვირი ამოსდე და შენს სამსახურში ჩააყენე, მაშინ ყოჩაღ შენ! დინებას უნდა მივყვეთ, რადგან ამის გაჩერება შეუძლებელია. ადამიანის შემეცნების გაჩერება შეუძლებელია. ადამიანს გამოქვაბულში ვერ შეაბრუნებ. თუნდაც გადარჩენის მიზნით.
- გგონიათ, რომ კონკრეტული ადამიანები მართავენ მსოფლიოს?
- არ მჯერა შეთქმულების თეორიის. ადამიანი არ არის ისეთი სრულყოფილი, რომ ის საიდანღაც, ფარულად მართო და იცოდე მისი ნაბიჯები. ადამიანი მოულოდნენლი ქცევის მოვლენაა. გგონია მართავ და შეიძლება უცებ მოტრიალდეს და ისეთი რამე გააკეთოს, ამოყირავდეს შენი გეგმა.
- თქვენი ღმერთი... სად არის?
- ჩემი ღმერთი გელათში ცხოვრობს. ბავშვობიდან ასე გადავწყვიტე. ძალიან რელიგიური ბებია მყავდა და მიყვებოდა გელათზე. როდესაც სულიერად ძალიან მიჭირს, მივდივარ გელათში, იმ ტერიოტირიაზე თავიდან ყველას ვიშორებ და ჩემს ღმერთთან სასაუბროდ განვმარტოვდები ხოლმე. ბოდიშს ვიხდი ჩემი ბევრი საზიზღრობისთვის, ურწმუნობისთვის. ეს ძალიან პირადია.
არ ვიცი, როგორ ძინავთ იმ ადამიანებს, ვისაც გელათში არსებული მძიმე მდგომარეობა ეხება... არ ვიცი. რომ ვიყავი ვნახე, ღვთისმშობლის ფრესკას ყვრიმალი ჰქონდა მომძვრალი. რა ვიცი, აბა... დროებით მაინც მიეწებებინათ. მძიმეა ამის ყურება.
- ცხოვრება რა დრამატურგიაა?
- ცხოვრება საინტერესოა. თორემ ვინ დაგვასწრებდა შეწყვეტას?!
11/25/2025