
10/18/2026
ბავშვთა და მოზარდთა შორის არსებული ბულინგი დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, კიდევ უფრო მძიმე გამოწვევის წინაშე დგებიან მშობლები მაშინ, როდესაც ირკვევა, რომ ძალადობისა და დამცირების ობიექტი კი არა, მათი შვილი სწორედ მოძალადე მხარეა.
პირველი ბუნებრივი რეაქცია ამ დროს ხშირად შოკი, უარყოფა და საკუთარი შვილის დაცვის მცდელობაა. ცნობილი ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დროს ემოციების გვერდზე გადადება, ბავშვის ქცევის სიღრმისეული ანალიზი და მშობლის სწორი, გააზრებული რეაქცია, რომელიც შვილს არა აგრესიას, არამედ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლის.

"იმ მშობლების უმეტესობამ, რომელთა შვილებიც ბულინგის მსხვერპლი ან მოძალადეა, ეს არ იცის... და როდესაც მშობლები ამას იგებენ, პირველი რეაქცია თითქმის ყოველთვის, მარტო საქართველოში არა, ამერიკაშიც და ყველგან არის ასეთი - „ჩემი შვილი ასეთ რამეს არ იზამდა“, „ჩემი შვილი ესე არ არის გაზრდილი“.
მე მესმის ეს რეაქცია. თუმცა მინდა გთხოვთ, ერთი წუთით გვერდზე გადადოთ თქვენი ემოციები, რადგან კვლევები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბავშვი, რომელიც სხვებს აბულინგებს, ასევე არის გარკვეული რისკის ქვეშ.
თქვენ თქვენს შვილს უნდა მოუსმინოთ, როგორ ლაპარაკობს სხვა ბავშვებზე, აღწერს თუ არა თანაკლასელებს აგდებულად, სიძულვილით, ეძახის თუ არა ის სხვებს, მაგალითად, სულელებს, უგონოებს, "ლუზერებს". იცინის თუ არა სხვის უბედურებაზე, არის თუ არა შეპყრობილი სტატუსით, იმით, თუ ვინ არის პოპულარული და ვინ არა.

დააკვირდით, კონფლიქტს როგორ გამოხატავს. ბიჭები უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ სხვებს აბულინგებენ, ვიდრე გოგოები, მაგრამ გოგოებში ყველაზე მეტი ბულინგი ხდება სოციალურ ქსელებში და ეს უფრო ნაკლებად თვალსაჩინოა.
ეს იწყება გაყრით, ჭორების მოგონებით, ჯგუფის ამხედრებით იმ ბავშვის მიმართ.

მე გირჩევთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი აბულინგებს სხვას? პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ უარყოფთ, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ თქვენი შვილი ამას არ გააკეთებდა.
თქვენ რა პასუხსაც გასცემთ, როგორც მოიქცევით, ეს თქვენ შვილს ასწავლის, თუ როგორ უნდა უპასუხოს გარკვეულ პასუხისმგებლობას.
თუ თქვენ ინსტინქტურ, რეფლექსურ მოქცევას დაიწყებთ, ამით თქვენი შვილი სწავლობს, რომ ქცევა ასე უნდა იყოს, თუ ხარ აფორიაქებული, შენც ისევე უნდა უპასუხო.

ძალიან ხშირად გაურკვეველ ფრაზებს ნუ გამოიყენებთ, ნუ მიაყენებთ მათ შეურაცხყოფას - „საშინელი ადამიანი ხარ, ეს რა გააკეთე, როგორ მოიქეცი“. შეცვალეთ ეს ფრაზები სხვა ფრაზებით - „მე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ის, რაც გააკეთე, მგონი არ არის სწორი, მოდი ამაზე ვისაუბროთ“, იმიტომ, რომ პირველ რიგში თქვენ ეს ფაქტები უნდა გაარკვიოთ, უნდა დაუსვათ ღია შეკითხვები და ამის მიხედვით უნდა მიხვდეთ, როგორ მოიქცეთ," - გვირჩევს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია