Logo

ინტერვიუ

"როცა იღებ შეტყობინებას, რომ ომია, თურმე ყველაზე საჭირო ნივთები, ერთ ზურგჩანთაში შეიძლება ჩაატიო" - მიხეილ ხეცოიძის ინტერვიუ ცხელი წერტილიდან

"როცა იღებ შეტყობინებას, რომ ომია, თურმე ყველაზე საჭირო ნივთები, ერთ ზურგჩანთაში შეიძლება ჩაატიო" - მიხეილ ხეცოიძის ინტერვიუ ცხელი წერტილიდან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მიხეილ ხეცოიძე ათი წელია თელ ავივში ცხოვრობს. ისრაელში ჩავიდა თუ არა, აღმოაჩინა, რომ ქართულენოვანი აუდიტორია, საინფორმაციო ვაკუუმს განიცდის. ენის შესწავლამდე, ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე, ინფორმაციის მიღება თავადაც უჭირდა. ჟურნალისტი ადგა და ქართულენოვანი საინფორმაციო სააგენტო შექმნა - "ახალი ამბები ისრაელიდან" და ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტები შემოიკრიბა. დღეს კი ამ ციფრულმა მედიამ სახელმწიფოს აკრედიტაცია მოიპოვა. როგორც მიშო "ზმნასთან"ამბობს, ისრაელში აკრედიტებული ერთადერთი ქართულენოვანი საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

მიხეილ ხეცოიძე: ჩასვლის პირველივე კვირებიდან მე ჩემს პროფესიაში განვაგრძე მუშაობა. სანამ ენას შევისწავლიდი, იყო სირთულეები, თუმცა დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, რომ ჩემი ისრაელში ჩამოსვლა, სწორი გადაწყვეტილება იყო.

ჩემს სააგენტოზე ყველა ემიგრანტსა და ქართველ ებრაელს, ვისაც პროფესია ენატრებოდა, საშუალება მივეცი, რომ ემუშავა. ისეთი საგანგებო ვითარების დროს, როგორიც ახლაა ისრაელში, ჩვენი 6-7 ჟურნალისტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ძირითადად, ტელეგრაფით და ვოთსაფარხებით. ყოველწამიერად ვრცელდება ახალი ინფორმაცია, თუ რა ხდება ლიბანში, ირანში, ისრაელში და ასე შემდეგ.

ისრაელის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გახდა ქართულენოვანი აუდიტორია, ინფორმირებული ჰყოლოდა არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მსოფლიოში. გადაწყვიტეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პლათფორმებზე შეექმნათ ქართულენოვანი მაუწყებლობა და ეს მიმართულება ჩემთვის ჩაებარებინათ. ახლა ვარ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი რედაქციის ხელმძღვანელი და კვირაში ორჯერ, ქართულ ენაზე მიმყავს პოლიტიკური საინფორმაციო გადაცემა, ამ ეტაპზე რადიო პოდკასტის ფორმატში. ისრაელში ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი და ქართველი ებრაელი ცხოვრობს, ამიტომ სატელევიზიო ფორმატზეც ფიქრობენ. მნიშვნელოვანია დიასპორული ურთიერთობების განვითარება. იერუსალიმის სტუდიიდან ვერთვები და ქართულ ენაზე ვყვები ახალ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ამბებს.

ვისაც აინტერესებს ახალი ამბები ისრაელიდან, ყველამ იცის, რომ ცხელ წერტილში არის საინფორმაციო სააგენტო, რომელზეც გადამოწმებული, ზუსტი ამბები ვრცელდება. სააგენტო სამხედრო ცენზურას ექვემდებარება. ერთი შეცდომაც გამორიცხულია. სანდოობა მაღალია.

- ომის რეჟიმზე გადართვა როგორი აღმოჩნდა შენთვის?

- ისრაელში, ბოლო ათ წელიწადში, ბევრი საომარი ვითარება გვქონია. ჩვენ გამოვიარეთ 2023 წლის 7 ოქტომბერი, როცა ხამასი შემოიჭრა ისრაელში. ეს ომი არ დასრულებულა. 28 თებერვალს კი, მოულოდნელად დაიწყო ომი. თუმცა - მოულოდნელად, საერთაშორისო მედიისთვის, თორემ ვინც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვართ, მეტნაკლებად ინფორმირებულნი გახლდით, თუმცა ასე ერთ დღეში, არც ჩვენ ველოდით ომის დაწყებას, მაგრამ აქ ახლო აღმოსავლეთია მოულოდნელად იწყება ომები.

ომის მესამე დღეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, სულ სამი საათი მეძინა. ფიზიკური გადარჩენისთვის, ერთადერთი პრობლემა - ძილია. ყოველ ერთ საათში საჰაერო განგაშის სიგნალი ირთვება და გვინდა, არ გვინდა, უსაფრთხოების წესებს ვიცავთ, გვიწევს თავშესაფარში გადასვლა და შესაბამისად, მე პროფესიიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობ; ამდენად, დაძინებას ვერ ვახერხებ. გუშინ შესაძლებლობა მქონდა ერთი საათი დამეძინა, მაგრამ ზუსტად იმ დროს, ჩრდილოეთიდან "ჰეზბოლამ" რაკეტები გამოისროლა. ჩვენ ისევ საგანგებო რეჟიმში გადავედით მთელი ღამე.

მიშო ხეცოიძე

- ინტერნეტი თავშესაფარში გამართულად მუშაობს?

- ყველა დასახლებულ პუნქტში, ერთი კილომეტრის რადიუსზე, მიწისქვეშა მუნიციპალური თავშესაფრებია, სადაც ტელეფონი იჭერს, თუმცა ზოგიერთი თავშესაფარი იმდენად ღრმად არის მიწაში, რომ კომუნიკაციის - მობილურისა და ინტერნეტის დაჭერის პრობლემებია. ახალი საცხოვრებელი სახლები აღჭურვილია თითო უსაფრთხო ოთახით. ბოლო ათწლეულში აშენებულ სახლებში, ერთი თავშესაფარი ყველას აქვს, რომელიც სარაკეტო თავდასხმის დროს, ნაკლებად ზიანდება. ამ ოთახშიც არის ინტერნეტის მიწოდების პრობლემა, რადგან დალუქულია ფანჯრები, აქვს დიდი რკინის კარები. ჩვენ მაინც ვახერხებთ კოორდინაციაში ვიყოთ ერთმანეთთან და ქართველ აუდიტორიას უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია, სად - რა ვითარებაა. არიან ქართველი ემიგრანტები, რომლებმა მხოლოდ მშობლიური ენა იციან და სხვა არხებიდან ინფორმაციას ვერ იღებენ. შესაბამისად, ეს ვალდებულება რომ გვაქვს, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.

- რითი ახერხებ რესურსის აღდგენას?

- ჰამასის შემოსვლის დროს, ასეთ რეჟიმში 24 დღე გავძელი, შემდეგ უკვე ტელევიზიას და სააგენტოებს ვთხოვე, 12 საათიანი ვადა მოეცათ, რომ უბრალოდ გამომეძინა. დღეის მონაცემებით, ვთანამშრომლობ 12 საინფორმაციო სააგენტოსთან, ერთ ქართულენოვან ტელევიზიასთან, ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. შესაბამისად, ჩემმა 12 საათიანმა დაძინებამ, ახლა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ამდენმა საინფორმაციო საშუალებამ, ჩემგან ინფორმაცია ვერ მიიღოს. ახლა, პროპაგანდული მედიების პირობებში, როცა ბევრი ფეიკი ვიდეო და ფოტომასალა ვრცელდება, რომ თითქოს ისრაელში ნგრევაა, დაღუპულები არიან, მინდა დავუპირისპირო სინამდვილე.

მიშო ხეცოიძე

- რა ვითარებაა ისრაელში ახლა?

- ისრაელში ყოველ ერთ საათში ერთხელ ვიღებთ ინფორმაციას, რომ ირანიდან ისრაელის წინააღმდეგ გამოშვებული აქვთ რაკეტები. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა მოახერხეს, რომ აპლიკაციები შეექმნათ, რომლითაც მობილურ ტელეფონზე იღებ შეტყობინებას, რომ ირანიდან გამოშვებულია რაკეტები. ყველა მოქალაქეს აქვს 15 წუთი იმისთვის, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ბუნკერში ჩავიდეს ან მიმდებარე ტერიტორიაზე მოძებნოს თავშესაფარი. შემდეგ უკვე ირთვება განგაშის სიგნალი და მოქალაქეები თავშესაფარში გადადიან. ამ რეჟიმში ვართ ბოლო სამი დღეა. ისრაელის საჰაერო უსაფრთხოება ძლიერ აღჭურვილია, რკინის გუმბათს რკინის ლაზერული სხივიც დაემატა და 99 პროცენტიანი თავდაცვა აქვს. მაგრამ ტერორისტები იმ რაოდენობის რაკეტებს ისვრიან, რომ შეიძლება სადღაც რაკეტა ჩამოვარდეს. ბოლო 24 საათში, რამდენჯერმე გამოისროლეს კასეტური რაკეტები. როცა რკინის გუმბათი რაკეტებს ანადგურებს, ჰაერიდან დიდი ნამსხვრევები ცვივა. ნამსხვრევი ნებისმიერ შენობას ანგრევს. ისრაელის სამხრეთში, ერთ-ერთ დიდ ქალაქში - ბერშევაში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ჩამოვარდა ნამსხვრევები. წუხელ იყო იერუსალიმზე თავდასხმა და სწორედ ასეთი ნატეხები ჩამოცვივდა ისრაელის დედაქალაქში. დილით ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ჩრდილოეთით არის დაძაბული ვითარება. "ჰეზბოლამ" გადაწყვიტა ისრაელზე თავდასხმა. ეს მოსალოდნელი იყო. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ახლა კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდა - ეს არის ლიბანი. ისრაელის შეიარაღებული ძალები საათობრივად წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, სადაც "ჰეზბოლას" სამმართველო საბჭოა განთავსებული. ასე რომ, ისრაელი ახლა დაჰიას რაიონს უტევს.

რაც შეეხება მსხვერპლს, სპეც ოპერაციის დაწყებიდან 750 ადამიანზე მეტი იქნა ჰოსპიტალიზებული, ოფიციალური სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. აქედან 100-მდე ადამიანი რჩება სამედიცინო დაწესებულებებში. დღეს ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულ ადამიანთა 80 პროცენტი, საჰაერო განგაშის დროს არ იმყოფებოდნენ თავშესაფარში. ერთადერთი უსართხო ადგილი თავშესაფარია. ამიტომ არის მოწოდებები, რომ თავი მათ შევაფაროთ. ამ დროისთვის 15-მდე გარდაცვლილი ჰყავს ისრაელის მხარეს. გუშინ იერუსალიმთან ახლოს, სარაკეტო თავდასხმისას, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ სახლს დაეცა.

- ცხადია, ამ რეჟიმში ცხოვრება ძალიან სტრესულია. შიშთან ერთად თანაცხოვრებას მიეჩვიე?

- ისრაელში შიშთან ერთად ცხოვრებას სწავლობ. უბრალოდ პრაგმატულები ვხდებით. ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ადამიანებს გვიჭირს დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, ვაგროვებთ ვმუშაობთ, ვყიდულობთ, ცხოვრებას ვაწყობთ. და უცებ, ირთვება საჰაერო განგაში, ვიღებთ შეტყობიენებას, რომ ომია! აღმოაჩენ, რომ ის, რაც მანამდე ცხოვრებისთვის აუცილებელი რამ გეგონა, თურმე ფუჭია. ყველაზე საჭირო ნივთები, ერთ ზურგჩანთაში შეიძლება ჩაატიო. ყველაზე საჭირო ნივთებს ხელის გულიც კი იტევს. იღებ ტელეფონს, ხელს კიდებ ძვირფას ადამიანს და გადადიხარ თავშესაფარში. იაზრებ, რომ ყველაზე ძვირფასი და საჭირო - ეს არის სიცოცხლე! ვცდილობთ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ისრაელში მატერიალური ფასეულობები, ომის დროს, გაუფასურებულია. ერთადერთი სურვილი არის გადარჩენა! და კონტაქტი ძვირფას ადამიანებთან.

- რომლებიც საქართველოში ღელავენ...

- ღელავენ, რადგან ფიქრობენ, დიდი საფრთხის ქვეშ ვარ. მთელი ქვეყანა ასეა, თუმცა ვცდილობ, არ ვიყო აქტიური მათთვის, რადგან მე ჩემი პროფესიული ვალდებულებები მაქვს. მიეჩვივნენ იმას, რომ მე ცხელ წერტილში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ჩემთვის ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია. აქ ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტებია. ისრაელში ჩემთან თანამშროლობაც იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მეც ამ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მიმდევარი ვარ.

- ომის ქარცეცხლს რომ გამოერიდო, არ გიფიქრია?

- 2019 წელს, როცა ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, მე საქართველოში ვიყავი. და მივხვდი, რომ მინდოდა, იქ ვყოფილიყავი. მე ამ დიდებულ ქვეყანას მინდა ვემსახურო და ასეთ დროს, სწორედ აქ უნდა ვიყო. მე ისრაელს ვჭირდები. ახლა დაძაბული ვითარებაა მედიისთვის, მაგრამ დღეში 2 საათი იმისთვის მაქვს გამოყოფილი, რომ ვითანამშრომლო სხვადასხვა მუნიციპალიტეტების უსაფრთხოებებისა და საგანგებო ვითარებების სამსახურებთან, ასევე სატელეფონო კონსულტაციებით ვეხმარები საქართველოს მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში. ასე რომ, ისრაელის დატოვება, ასეთ დროს, არ მიფიქრია.

- რითი შეგაყვარა ისრაელმა თავი?

- ეს წმინდა მიწაა, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქვეყანაა. მას აქვს ერთი მაგია - როცა მას მიიღებ ისეთს, როგორიც არი, ისიც ყველაფერს გაძლევს, რაც გჭირდება. აქ ომის დროსაც უსაფრთხოების განცდა გაქვს. ქართველი ემიგრანტები არ ცდილობენ აქედან წასვლას, რადგან აქ ყველაზე დაცულად გრძნობენ თავს. და მთავარი - ყველაზე ახლოს ხარ იერუსალიმთან და ღმერთთან... მე ავირჩიე, რომ სწორედ იერუალიმში არსებული სტუდიიდან გასულიყო ჩემი გადაცემა რადიოში. ახლა უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაკეტილია მაცხოვროს საფლავი, არავის უშვებენ იქ. მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს უფლის სიახლოვეს. უსაფრთხოების განცდა აქ ყველაზე მძაფრია. ქრისტეს საფლავზე, ბოლოს, ერთი კვირის წინ გახლდით. ყოველთვის სხვადასხვა განწყობით ამოვდივარ. რას გრძნობ, ვერ იაზრებ ბოლომდე. თუმცა ემოციურად სულ გრძნობ, რომ ღმერთთან ყველაზე ახლოს ხარ...

მიშო ხეცოიძე

- ნოსტალგია?

- ნოსტალგია ყოველთვის მაქვს, ყოველთვის მენატრება საქართველო. ისრაელში დაბრუნებისთანავე მენატრება. ილუმინატორში თბილისი რომ გამოჩნდება, სასწაული განწყობა მეუფლება. მაგრამ რა წამს თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში დაჯდება, შეგრძნება მაქვს, რომ სახლში ვარ. არ არსებობს ორი სამშობლო, მაგრამ ჩემთვის სამშობლოს გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ახლა ჩემი ცხოვრება ისრაელს უკავშირდება. აქ მყავს ოჯახი, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, მრავალ ათასიან აუდიტორიაში, მე ამარჩია და მანდო ისტორიული პროექტი.

მინდა "ზმნას" მეშვეობით, ემიგრანტებს მივმართო. ვიცი, მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული დროით და მისიით მიდიან უცხოეთში, რომ ასე უნდა გადარჩნენ. მაგრამ გადარჩენის მიღმა, მნიშვნელოვანია ადაპტირება მოახდინონ იმ გარემოში, სადც არიან. მე რამაც გადამარჩინა, ეს იყო ის, რომ პროფესიულად არ დავიკარგე. ეს არ იყო თავიდანვე შემოსავალიანი, თუმცა შევიქმენი სიტუაცია, რომ საყვარელი საქმე მეკეთებინა. ამიტომ ყველა ემიგრანტი, სადაც არ უნდა იყვნენ, თუ კვირაში ერთხელ, ორჯერ, თვეში ერთხელ საკუთარი საყვარელი საქმით დაკავდება, ამით ემიგრაცია შეუმსუბუქდებათ.

მე ისრაელში ბევრს დავეხმარე, რომ პროფესიულად გადარჩენილიყვნენ. რომ გავიგებდი ისრაელში ჩამოვიდა ექიმი, ლაბორანტი, ვცდილობდი, ჩემი რესურსით მისთვის მომეძებნა სამსახური, რომ პროფესიასთან ახლოს ყოფილიყო. ცნობილ მზარეულს რესტორანში ვაშოვნინე სამსახური, ექიმს - სამედიცინო სფეროში... უცხოეთში თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ და მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე დავიწყეთ ფიქრი, სამშობლოში დაბრუნება რთული იქნება.

ავტორი: თამარ გონგაძე

03/02/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024