
11/18/2026
ამ 21 წლის ქობულეთელი ბიჭის ისტორია კინოს ჰგავს. ამ დღეებში, მის ირგვლივ, ისე უცებ განვითარდა მოვლენები, ძლივს ვეწეოდით.
ქრონოლოგია კი ასეთი იყო: საბა ლაზიშვილი, მერაბ დვალიშვილის საგულშემატკივროდ, აბუდაბიში ჩავიდა. იქაური ინციდენტი მთელმა პლანეტამ ნახა - ჩხუბი, სხვადასხვა დივიზიონის და წონის ჩემპიონები ერთმანეთზე რომ დაალაგა. ფაქტს საერთაშორისო გვერდებზე და არხებზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა - ვინ არის ეს საბა ლაზიშვილი, რა ამბები დაატრიალაო. საქართველოში კი, ამ პატარა ბიჭის სიმამაცესა და მეგობრობაზე, ყველას სულმნათი შოთას "ვეფხისტყაოსანი" გაგვახსენდა; ტარიელი რომ ხატაეთის ბრძოლის ამბავს ჰყვება:
"კაცი კაცსა შემოვტყორცნე, კაც ცხენისა დავდგი გორი,
კაცი ჩემგან განატყორცნი ბრუნავს, ვითა ტანაჯორი”.

მერე ორი დღე ციხეში იჯდა. იქიდან გამოვიდა და ყოვლად მოუმზადებლად, გაუცნობიერებლად აღმოჩნდა რინგზე. ვინც მერაბს და საბას თავს დაესხა - ნურმაგომედოვის ნაცვლად აჭიდავეს. აჭიდავეს, ღირსეულად იასპარეზა და UFC-ის დიდების დარბაზის მებრძოლს (გამოცდილს და ასაკში მყოფს) მოუგო!
ამ მოვლენათა ჯაჭვის დაჯერება ხომ რთულია - "აუ, რა ჰოლივუდია". ფილმს ჰგავს, ამერიკულ ბლოკბასტრეს. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა.


ფეისბუქზე ერთი ასტროლოგი გოგონას პოსტს გადავეყარე. კატო წერს:
"ახლა ისეთ სიტუტუცეს ვაკეთებ, ცხოვრებაში რომ არასდროს გამიკეთებია ჯერ. მარა მე უკვე ვაპატიე ჩემ თავს და მივეცი ამ ერთხელ უფლება, იმისთანა საოცარი რამ მოხდა ამ დღეებში.
აი, საბას რუკაში, რომ არ ჩამეხედა არ იქნებოდა რა, ვერ გამიძლებდა გული და სული. იქ რაც დამხვდა კიდე ეს ,რომ არ გამეზიარებინა ასევე ვერ გავძლებდი.
აქვე დავსძენ, რომ ამაზე არაეთიკური საქციელი არ არსებობს, როცა ადამიანის რუკაში მისი ნებართვის გარეშე იხედები და ამას მერე საჯაროდ ფენ.
ვედური ასტროლოგიური შეფასება:
საბა არის უკონკურენტო მებრძოლი!
მისი მეექვსე სახლი (კონკურენტების, ბრძოლის, მტრების) უძლიერესია!
რეალურად არ არსებობს მეტოქე, რომელსაც ის ვერ დაამარცხებს, რასაც ამ რამოდენიმე დღეში მომხდარი მოვლენები ადასტურებს.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო მის რუკაში ის აღმოჩნდა, რომ გარდა მისი საოცარი მებრძოლის უნარებისა, ასევე ძალიან რბილი და ნატიფია, ერთგული და სიკეთის ადამიანი.
მისი სული დედამიწას მოევლინა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, ძალის სიკეთისთვის და სწორი მოტივებისთვის გამოყენება.
საბას უზარმაზარი წარმატების გზა ელის და ასევე მის სიბრძნეს, გულს და ტექნიკას უამრავ ადამიანს გადასცემს მემკვიდრეობით.
საბა პირდაპირ ჩემპიონობისთვის იყო მზად და ზუსტად ეს შანსი დაეცა თავზე."

მთავარი კი, ამ დიდი გულის მქონე პატარა ბიჭის შესახებ, ახლა უნდა გაცნობოთ. საბას დედა, ეთერ ლაზიშვილი "ზმნას" ინტერვიუში უყვება, რომ საბამ, თავისი დაბადებით, დედის სიცოცხლე იხსნა! წარმოიდგინეთ, მისი მისია თავიდანვე სიკეთე, დახმარება და სხვისი გადარჩენა ყოფილა! დანარჩენს თავად ჩემი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ასეთ შვილებს ძლიერი და მათზე მლოცველი დედები ზრდიან...

ეთერ ლაზიშვილი: ჩვენ ქობულეთში ვცხოვრობთ. მე ექიმი ვარ, ჩემი მეუღლე, ანზორ ლაზიშვილი, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩვენს ხუთშვილიან ოჯახში საბა ნაბოლორაა.
აქტიური და მოძრავი ბავშვი იყო, მაგრამ ყოველთვის დაკვირვებული. იყო ცელქი, თუმცა უფროსებთან დისტანციას და სუბორდინაციას იცავდა.
ქალიშვილები ჩემს კვალს გაჰყვნენ და ექიმები არიან. უფროსი ვაჟი ზვიადი MMA-ში ვარჯიშობს, UFC-ის ყოფილი მებრძოლია. ის 14 წლით უფროსია საბაზე და მასზე დიდი გავლენა აქვს პიროვნულადაც და როგორც სპორტსმენს. ის ოჯახით ამერიკაში ცხოვრობს.

მყავს ნიკოლოზი, რომელიც საბაზე ოთხი წლით უფროსია. ის გერმანიაში ცხოვრობს.
უნდა გითხრათ, რომ ნიკოლოზის დაბადებამ მე უფალი მაპოვნინა და ტაძარში მიმიყვანა. ადამიანები უფლამდე განსაცდელს მიჰყავს. მე - სიხარულმა მიმიყვანა.
მე მუსულმანურ ოჯახში დავიბადე-გავიზარდე. (ანთაძე ვარ.) ბებია მუსულმანი იყო, ტრადიციების მიმდევარი. მაგრამ მე სულ ვეძებდი უფალს და ჭეშმარიტებას... სამი შვილი მონათლული მყავდა, მე რომ მოვინათლე. როგორც გითხარით, მეოთხე შვილის გაჩენამ მაპოვნინა უფალი და ოთხი წლის შემდეგ ჩაისახა საბაც...
- თქვენ მითხარით, რომ საბამ თქვენი სიცოცხლე იხსნა. შეგიძლიათ ამაზე უფრო კონკრეტულად გვესაუბროთ?
- საბაზე ორსულობამ და მშობიარობამ მძიმე დაავადების პროვოცირება გამოიწვია. თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს და რომ არა ნეიროქირურგი - გოგი მაღალაშვილი, არ ვიცი, როგორ წავიდოდა ჩემი საქმე.
2005 წელს დაიბადა საბა და მეხუთე დღიდან დამეწყო სიმპტომები, სამი თვის შემდეგ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დაისვა მძიმე დიაგნოზი, მაგარი გარსის გიგანტური ზომის სიმსივნე. ქირურგმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ არა ნაყოფის მიერ გამოწვეული პროვოცირება, შეიძლება ეთერი ისე დაღუპულიყო, დიაგნოზი არ დასმულიყოო. ამდენად, საბას მოვლინებამ, დაბადებამ მე გადამარჩინა, ჩემი სიცოცხლე იხსნა. ის უფლის საჩუქარი და მადლია.

ოპერაცია, რეაბილიტაციის პერიოდი არ იყო ადვილი. საბა გარკვეულ ასაკამდე დების, უფროს ძმის და მამის გაზრდილია. ნეიროქირურგს ვთხოვდი, ბევრი არ მინდა სიცოცხლე, მხოლოდ საბა რომ ფეხზე დავაყენო-მეთქი. მაგრამ დაავადება დავამარცხე და ცხოვრებაც განვაგრძე...
- საბას სპორტით დაინტერესება მოჭიდავე მამის დამსახურება იქნება...
- საბა სპორტსმენად მამამ და უფროსმა ძმამ, ზვიადმა გაზარდეს და განავითარეს. ჩემი მეუღლე თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანებში, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.

საბას შემთხვევაში, ეს არის გენეტიკა და ვარჯიში, რომელშიც დიდი წვლილი უფროს ძმას მიუძღვის. საბა თავისუფალ ჭიდაობაშია. მისი კუმირი ზვიადია. ჩვენ რომ არ გვიჯერებდა, ამერიკაში მცხოვრებ ზიკოს ვურეკავდით და მისი სიტყვა ჭრიდა.
მახსოვს, პატარების შეჯიბრება იყო. ხუთი წლის იყო მედლით რომ მოვიდა და ისე უხაროდა... პატარას დიდებთან ავარჯიშებდნენ. მერე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგის გაგლეჯა ჰქონდა, მენისკის ოპერაციაც გაიკეთა. ორივე მუხლზე ნაოპერაციებია. ორი წელი გაუცდა და ახლახან განაახლა ვარჯიშები. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია, პროგრამისტის სპეციალობით...
- მერაბ დვალიშვილთან მეგობრობა საბას უფროს ძმას უკავშირდება?
- დიახ, მერაბი და ზვიადი ამერიკიდან მეგობრობენ. ლას-ვეგასში ცხოვრობენ, UFC-ის ქართველი მებრძოლები არიან. საბა მერაბს ზვიადმა გააცნო, მეწყვილედ სავარჯიშოდ. მერაბს საბას მონაცემები მოეწონა. ასე წაიყვანა სავარჯიშოდ ახლაც, აბუდაბიში. მაგრამ ბრძოლას რასაც ეძახიან, საბა მსგავს არც ერთ ასპარეზობაზე არ ყოფილა.

მერე მოხდა ის, რაც ყველამ იცის. ამ ინციდენტის დღეს, მე და ჩემი მეუღლე ბათუმიდან ქობულეთში ვბრუნდებოდით. ინტერნეტისთვის და სოციალური ქსელებისთვს არც ერთს არ გვეცალა და კიდევ კარგი, ასე რომ მოხდა. უცებ, მანქანაში მყოფს, საბამ მომწერა ესემესი: დედა, ალბათ, ნახავ ჩემს ვიდეოებს, შეხლა-შემოხლა მოგვივიდა, ძალიან ვაჟკაცურად გამოვედით. არ შეშინდეთ. მხოლოდ ნაკაწრები გვაქვს. კარგად ვართო. შევშფოთდი და უცებ მივწერე, რა მოხდა-მეთქი და ჩემი მინაწერი აღარ უნახავს. გავხსენი ფეისბუქი და პირველი, რაც დავინახე, ეს იყო ჩემი შვილის დასისხლიანებული სახე!
წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! ანზორმა გააჩერა მანქანა და ნახა ეს ჩხუბი. ის სპორტსმენია და ამ კუთხით შეაფასა, ყოჩაღ, ძალიან სწორად მოქცეულა ჩემი შვილიო. მერე მამშვიდებდა, რა გატირებს, ხომ ხედავ რა მოგწერაო.

წამოვიდა ხალხის ზღვა გამოხმაურება და სიყვარული. ორივე ვტიროდით, ნუთუ ვიმსახურებთ ხალხის ამხელა სიყვარულს-მეთქი. აგვერია ემოეციები - სიხარულის, სიამაყის, ნერვიულობის... თურმე, დიდი პოზიტიური ემოციის მიღებაც ძნელი ყოფილა. გაძლება უნდა. ჩვენ ვტიროდით. თუ დამიჯერებთ, 11 ნოემბრის შემდეგ, ერთი ღამე მეძინა მხოლოდ. ემოციებისგან ვერ ვიძინებ. ამხელა სიყვარულის და სიხარულის მომტანი ტალღის გამკლავება, რთული აღმოჩნდა.
მერე საბას ვწერდი, მინდოდა დაკავშირება. თურმე დაკავებულია და მე მიმალავდნენ. რომ ვერ ვუკავშირდებოდი, ვნერვიულობდი. მერე გავიგე, რომ 48 საათით დაკავებული იყო და ამდენი ემოცია ასე აირია ერთმანეთში. ჩემმა გულმა ვერ დაიტია ამ ემოციის ოკეანე. უბრალოდ ვტიროდი...
მერე ციხიდან გამოვიდა და იასპარეზა. ამის წინააღმდეგი ვიყავით ოჯახი. მეტოქე მასზე უფროსი, დიდი გამოცდილების მქონე იყო და აქეთ 21 წლის ბიჭი! საბას ზვიადისთვის უთქვამს, ისეთი ადრენალინი მაქვს მთელ სხეულში, მე მგონი, ფეიბერის დავამარცხებო. კუმირისგან თანხმობა რომ მიიღო, მერე გავიდა საასპარეზოდ.

გამოცდილება სჭირდება. მერაბის აკადემიაში უნდა მოემზადოს, რომელიც 23 ნოემბერს თბილისში გაიხსნება.
ისეთი დაკავებულია, ვერ ვკონტაქტობ. უბრალოდ ვლოცულობ მისთვის.
- დედისთვის ასეთი ასპარეზობების ყურება ძალიან რთულია. ნახეთ ორთაბრძოლა?
- არა. მე ზვიადის არც ერთი ბრძოლა არ მაქვს ნანახი. არც საბას ეს ბოლო ბრძოლა მინახავს. ვლოცულობდი და ზარი რომ გაისმა, მივხვდი, მოგებული ჰქონდა. საოჯახო ჩატი გვაქვს და იქ ერთი ამბავი იყო. საბას დები კივილით გამოძვრნენ, მომახალეს - დედა თუ იცი რა მოხდაო. სიხარულის ერთობლივი გაზიარება გვქონდა.
- ბოლომდე არ გექნებათ გაცნობიერებული, თუ რამ მოხდა ამ ერთ კვირაში...
- ზღაპარში მგონია თავი. ვერ გამოვრკვეულვარ. ამ ყველაფერს, ცხადია, საბაც ვერ აცნობიერებს. ნუთუ, ვიმსახურებ ამ ყველაფერს, დედაო, მითხრა. ძალიან უბრალო ბიჭია. გარდატეხის პერიოდში სირთულეები ჰქონდა. მაგრამ დაწყნარდა, დამშვიდდა. დინჯი გახდა. მაგრამ განსაცდელმა - ავტოავარიამ სასწაულად შეცვალა.
- რა შეემთხვა?
- სკოლის გამოსაშვებ ბანკეტზე მიმავალი საბა ავტოავარიაში მოჰყვა. სასწაულებრივად გადარჩა მაშინ. ხუთი ავტომობილი დაილეწა და არავის არაფერი მოსვლია. მხოლოდ ნაკაწრები ჰქონდა. ტვინის შერყევაც არ ჰქონდა. ამ დროს, მის შიგნით მოხდა გარდატეხა, რამაც ის 180 გრადუსით შემოატრიალა. მადლობას ვეუბნები ღმერთს ამ განსაცდელისთვის, რადგან ამ შემთხვევამ, საკმაოდ დადებითი კუთხით შეცვალა საბა.
სულ ვაკონტროლებდი და როცა გადავაჭარბე, მაშინ მითხრა: დედა, ნუ გეშინია.
მე ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ შენ ჩემი საქციელის შეგრცხვესო. მე შენ გაგახარებო. აასრულა და მერე როგორ!

იცით, რა მინდა? როგორი უბრალო და გულწრფელი სიცილიც აქვს იმ გავრცელებულ ფოტოში, ისეთი მინდა დარჩეს. საბა ნამდვილად ასეთი უშუალოა. სოცქსელებში, გამოჩნდნენ ისეთები, ვინც პოლიტიკაც გაურია კომენტარებში. მენდეთ, საბა სრულიად აპოლიტიკურია. ჩემი, დედის თხოვნაა, ჩემს შვილს ნუ გასვრიან პოლიტიკაში და ნურაფერს დააბრალებენ. როგორც იღიმება, ისეთივე უბრალოა შიგნიდანაც. იმის იქით არაფერს მალავს.

ბაღის ასაკიდან მოყოლებული გადაგებულია მეგობრებზე. ღამით, მის საძინებელში შესვლით რომ ვაკონტროლებდი და აღმოვაჩენდი, რომ იქ არ იწვა, დილით ვტუქსავდი, სად იყავი-მეთქი? მეგობარს უჭირდა და არ წავსულიყავიო? შენი შვილი ამას ვერ გააკეთებდაო და მომიყვებოდა, რა უჭირდა მის მეგობარს და რისთვის იყო წასული.
- მეგობრისთვის გაჩაღებულ საბას ჩხუბზე, ყველას "ვეფხისტყაოსანი" გაგვახსენდა...
- ვნახე კომენტარები :))) მეგობრობა მისთვის უმთავრესია, თანაც ბაღის ასაკიდან.
ამ წარმატებით ზეცაში ამაფრინა შვილმა და ჩემს ოთახში, რომელსაც კელიას ვეძახი, დამხობილი, მუხლმოდრეკილი ვტიროდი და უფალს ვმადლობდი. სიტყვებს ვერ ვპოულობდი, მადლობა, რომ ამის ღირსი გამხადე, რომ შვილმა ამხელა სიხარული მომანიჭა-მეთქი. მთელი დღის განმავლობაში ვმადლობდი უფალს.
მე ჩემი ცხოვრების ორი მესამედი ჩემს საქმიანობას შევალიე. ნეონატოლოგი (ახალშობილთა მეთვალყურე, მათი პათოლოგიების დამკვირვებელი) ვარ. რამდენჯერ საკუთარი შვილი სიცხიანი დამიტოვებია და სხვისი შვილების დასახმარებლად გავქცეულვარ სამსახურში.

ჩემს თანამშრომლებს გამოვუცხადე: ახლა, როგორც არასდროს, ისე ვჭირდები ჩემს შვილებს და განსაკუთრებით, საბას-მეთქი. დავწერე განცხადება და სამსახურიდან მოვდივარ, სამედიცინო კარიერას ვასრულებ. ამ ეტაპზე საბას უნდა დავუდგე გვერდით. მინდა ისე დაღვინდეს, მისი შინაგანი ბუნება არ გაფუჭდეს. მინდა სუფთა ღიმილი შევუნარჩუნო. იქით, ზვიადსაც უნდა მივეხმარო, რომელსაც ასევე ვაკლდი ადრეულ წლებში... და საერთოდ, ყველა შვილს მინდა დავეხმარო. ახალი ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში.
- მოსავლის მომკის პერიოდი...
- დიახ, მოსავლის მომკის პერიოდი დგება. მინდა კარგი მოსავალი მოვიმკა. ძალიან კარგად შეადარეთ. და საერთოდ, ძალიან გახსნილად მომინდა თქვენთან საუბარი. ეს მეც მიკვირს, როგორ გადაგიშალეთ გული.
- მადლობა. ქალბატონო ეთერ, როდესაც ბატონი ანზორი გამოჩნდა და საბაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელებში საზოგადოებამ დაწერა, ახლა უკვე ვხვდებით, ასეთი შეუდარებელი რატომ არის საბაო. თქვენთან საუბრის შემდეგ, იგივეს ვიტყოდი. საბა ოჯახმა გამოძერწა ასეთი...
- შვილები უფლის და მოყვასის სიყვარულით გავზარდეთ. ოჯახი არ არის, სადაც არ კამათობენ, მაგრამ ჩვენს შვილებს, ჩვენი ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ. როცა ბავშვი არაჯანსაღ გარემოში იზრდება, ეს ქვეცნობიერში ილექება და შედეგს ადრე თუ გვიან ცუდად იღებს.
- ხედავთ საბაში მომავალ ჩემპიონს?
- მამამისი ხედავს. სპორტული თვალით უყურებს.
მე კი მინდა დედებს მივმართო. დედებო, ჩემი თხოვნაა, ილოცეთ შვილებისთვის. დედის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. როცა კი თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის შვილებისთვის ვლოცულობ. ღვთისმშობელს და უფალს ვავედრებ შვილებს.
დღეში რამდენჯერმე ვმადლობ უფალს, რომ ხუთი შვილის დედა ვარ, ამდენი შვილის ღირსი გამხადა, ასეთი ბედნიერება მარგუნა. მე მიხარია, რომ დედამიშვილებს ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ბევრი შვილი, ოჯახში, სულ სხვანაირი სულით იზრდება.
ჩვენ მხოლოდ ლოცვა გადაგვარჩენს. უჭირთ - ვილოცოთ, ულხინთ - ვილოცოთ. ვმადლობდეთ განსაცდელისთვის. ის გვაძლიერებს და უფალი არ გვტოვებს. მინდა ყველა დედა იყოს მუხლმოდრეკილი და მავედრებელი.
- რამაც იმ ჩხუბში საბას ნამდვილად უშველა...
- უფლის ხელი რომ არ გარეულიყო, ერთი პატარა, 67 კილოიანი უბრალო ქობულეთელი ბიჭი, ამხელა გამოცდილების მქონე ტიტანებს, ასე დაერეოდა და მიაბურთავ-მოაბურთავებდა?.. ტიტულოვან და მასზე მაღალ ბიჭებს დაერია. ეს უფლის დაშვებით მოხდა...
იმედია, ზენიტში ასეთივე ლაღი იქნება, ღვთის ნებით.
კიდევ მინდა, ისტორიულად როგორი მამაცები და გულმხურვალე მლოცველებიც ვიყავით, ისევ ისეთები ვიყოთ. ჩვენი აწმყო და მომავალი, მინდა იმ ისტორიის დარი იყოს, რაც ქართველებს გაგვაჩნია.
გააზიარე სტატია