
10/29/2026
როგორ აქცია ქართველი ხალხის პროტესტმა და ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიური აბსურდი ეროვნულ თავისუფლებად?
1990 წლის 28 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები გახდა გარდამტეხი მომენტი, სადაც ერთპარტიულ დიქტატურას წერტილი დაესვა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალი გახდა.
საბჭოთა ოკუპაციის წლებში საქართველო აბსურდისა და იდეოლოგიური სიყალბის მარწუხებში ცხოვრობდა. სასკოლო სახელმძღვანელოებიდან საერთოდ გამქრალი იყო 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. რეჟიმი თაობებს ზრდიდა ტყუილით, თითქოს წითელმა არმიამ ჩვენი ქვეყანა კი არ დაიპყრო, არამედ „გაათავისუფლა“.

ინფორმაციის ერთადერთი წყარო ცენტრალური ტელევიზია იყო, საიდანაც ყოველდღიურად გვარწმუნებდნენ, რომ სსრკ მალე „დაეწეოდა და გადაასწრებდა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. პროპაგანდა ქადაგებდა, რომ დასავლეთს ომი სურდა, ხოლო საბჭოთა კავშირი „მშვიდობის ბასტიონი“ იყო - ამ „მშვიდობის ქადაგების“ ფონზე კი, ქართველი ახალგაზრდები, მაგალითად, ავღანეთის ომში მიჰყავდათ.
საბჭოთა კავშირის 1927 წლის კონსტიტუციით, საბჭოთა სახელმწიფო ოფიციალურად პირდებოდა თავშესაფარს უცხოელებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მშვიდობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის იდევნებოდნენ. ამ დროს, საბჭოთა ჯალათებს საქართველოში უკვე დახვრეტილი ჰყავდათ ათასობით პატრიოტი საბჭოთა ოკუპაციასთან შეურიგებლობისთვის.

ცინიზმის მწვერვალი
საბჭოთა კონსტიტუციაში ისიც ეწერა, რომ ხელისუფლება „ცენტრალიზებული დემოკრატიით“ აირჩეოდა. „არჩევნებად“ მონათლულ ღონისძიებაზე კი მოქალაქეები მიდიოდნენ ერთი კომუნისტური პარტიისა და მისი უალტერნატივო კანდიდატების ფორმალურად შემოსახაზად.

კოლექტიური აზროვნება სავალდებულო გახლდათ. საბჭოთა ტყუილების მამხილებლებს „სხვაგვარად მოაზროვნეებად“ თუ „ანტისაბჭოთა ელემენტებად“ რაცხდნენ, მათ დასასჯელად კი გულაგის საკონცენტრაციო ბანაკებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებს იყენებდნენ.
„ცივმა ომმა“, სსრკ-ის ეკონომიკურმა დასუსტებამ და „პერესტროიკის“ წლებში დაწყებულმა ანტისაბჭოთა გამოსვლებმა ეს აბსურდი ნაბიჯ-ნაბიჯ ამოაყირავა. ამ პროცესში გამორჩეული იყო ქართველი დისიდენტებისა და ხალხის ბრძოლა, რის გამოც საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ პირველად სწორედ ქართველები დასაჯა.

1990 წლის გაზაფხულზე საბჭოთა იმპერია ჯერ კიდევ ცდილობდა კოსმეტიკური ცვლილებებით ტოტალიტარული სისტემის გადარჩენას. მარტში დანიშნული უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამის ნათელი მაგალითი იყო: ერთპარტიული ჩარჩო ხელუხლებელი რჩებოდა, თუმცა ბიულეტენში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი „უპარტიო კანდიდატები“ გამოჩნდნენ. ამ ნახევარ-რეფორმამ განხეთქილება შეიტანა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. „კანონიერი გასვლის“ მომხრეები (ნოდარ ნათაძე, აკაკი ბაქრაძე), მიიჩნევდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელი იყო, რათა მოპოვებული ხელისუფლების ბერკეტები საბჭოთა კავშირიდან „კანონიერი გასვლისთვის“ გამოეყენებინათ.
ეროვნული მოძრაობის უმრავლესობა ბოიკოტის პოზიციაზე რჩებოდა, თუმცა მალე მათ შორისაც ფუნდამენტური უთანხმოება გაჩნდა.

ზვიად გამსახურდიას ფრთა იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების იძულებისთვის, დაეთმო ერთპარტიულობა და ჩაეტარებინა ჭეშმარიტად მრავალპარტიული არჩევნები.
გიორგი ჭანტურიას ფრთა საბჭოთა ორგანოს საერთოდ უარყოფდა და ალტერნატიული, არაფორმალური ორგანოს - „ეროვნული კონგრესის“ არჩევას მოითხოვდა.
ეროვნული მოძრაობის ბოიკოტმა 1990 წლის მარტის არჩევნები ჩაშალა. ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაჩაღდა უკომპრომისო საპროტესტო გამოსვლები მრავალპარტიული არჩევნების მოთხოვნით, რასაც ზურგს უმაგრებდა იგივე მოთხოვნით გამოსვლები სხვა რესპუბლიკებში. მოსკოვში 300 000 კაცი გამოვიდა კომპარტიის დომინანტური როლის წინააღმდეგ და კრემლმა უკან დაიხია. ეს დასავლეთის მხრიდან „პერესტროიკის“ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. სსრკ არსებობის ახალ ფორმებს ეძებდა.

საბჭოთა ნომენკლატურა გადარჩენას „რებრენდინგით“ ცდილობდა. მაგალითად, კომკავშირს საქართველოში სასწრაფოდ დაარქვეს „საქართველოს თავისუფალი ახალგაზრდობის კავშირი“. ამ დროს კრემლი მთავარის დათმობას არ აპირებდა.
1990 წლის აპრილში მიიღეს კანონი „სსრკ-იდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის წესის შესახებ“. გასასვლელად სავალდებულო იყო რეფერენდუმი, სადაც ავტონომიურ რესპუბლიკებში ხმები ცალკე დაითვლებოდა. მხარდაჭერის შემთხვევაში წესდებოდა 5-წლიანი „გარდამავალი პერიოდი“, ხოლო უარის შემთხვევაში, ახალი რეფერენდუმი მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი. მოკლედ, მოსკოვი რესპუბლიკებს უცხადებდა, რომ დამოუკიდებლობაზე არც კი უნდა ეფიქრათ. მიუხედავად კომინუსტური პარტიის მორალური გაკოტრებისა, განსაკუთრებით საქართველოში აპრილის მერე, მისი დამარცხება ძალიან რთული იყო. ზვიად გამსახურდიამ და ქართველმა ხალხმა ეს შეძლო.

28 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. 70-წლიანი კომუნისტური ტირანია და ერთპარტიული დიქტატურა მშვიდობიანი, საარჩევნო გზით დაემხო. პირველი მრავლპარტიული არჩევნებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა საბჭომ ჩაატარა 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი, რომელსაც მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება.
გააზიარე სტატია