ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, გურამ ლომიძე ლაღი ადამინია. იცით, რა რთულიცაა დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში, იყო გაწონასწორებული და იმ ნეგატიურად პოლარიზებულ მორევში არ შთაინთქა, რაც ირგვლივ ბრუნავს. ვისაც ეს გამოსდის, განწყობაც უკეთესი აქვს და ნერვებიც. ამ კატეგორიაშია გურამიკო. ცხადია, ამაში ლომის წილს თამაშობს ის, რომ ამერიკის მოქალაქეა და წელიწადის ნახევარს ჩიკაგოში ატარებს. ზე სახელმწიფოში მიღებულ გარანტიებს, ნამდვილად შეუძლია სიმშვიდის მოტანა. თანაც თუ საყვარელი საქმის კეთების ფუფუნებაც გაქვს, შემოსავალიც და გვერდს საყვარელი ადამიანი გიმშვენებს, შეიძლება ასე ლაღადაც გემღერებოდეს. დღეს ეს რთულია, მაგრამ ძალას თუ პოულობ, მშვენიერი.
"ზმნას" თავის პირად ცხოვრებაზე უყვება და რჩევებსაც არ იშურებს მათთვის, ვისაც სურს, რომ ძვირფასი ადამიანები პოლიტიკური შეხედულების გამო არ დაკარგოს.
გურამ ლომიძე: მყავს ულამაზესი, უმშვენიერესი შეყვარებული. მე და ეკატერინე ტუღუში ხუთი წელია ურთიერთობაში ვართ. ხუთი წელი რომ ხარ ურთიერთობაში, უკვე სერიოზული თემაა. სხვათა შორის, ძალიან ვუხდებით ერთმანეთს.

- გაგვაცანი რჩეული.
- ეკატერინე ფოტომოდელია, საკმაოდ პოპულარული. ძალიან კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია.
- შენ ქალბატონებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვს. ამასობაში უკვე გადასარევად უნდა იცოდე, როგორ ადამიანს გინდა მომავალი დაუკავშირო.
- ვფიქრობ, რომ ეკატერინე ნამდვილად ის არის, ვისაც ჩემს მომავალს ვუკავშირებ. მანამდე ბევრჯერ არ გამიმართლა.

- არ გამართლებაში რას გულისხმობ?
- აქ სხვას არ ვგულისხმობ. საკუთარ თავს ვაბრალებ ყველა წინა ურთიერთობის დანგრევას, რაც საკმაოდ რთულია ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ვცდილობ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამჟამად გამომივა. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.
- ყოფილებთან რა ურთიერთობები გაქვს?
- ზოგთან კარგი, ზოგთან - ცუდი. უმეტეს შემთხვევაში, ცივილური. მყავს სამი შვილი. 23 წლის ნიკუშა, 15 წლის ლიამი და 9 წლის ელიზაბეტი. ლიამთან (დედის გადაწყვეტილებით) არ მაქვს კონტაქტი. ის ამერიკაში ცხოვრობს. ნიკუშა, ძმაკაცივით მყავს.

მასში ჩემს ახალგაზრდობას ვხედავ. მაგრად მგავს, როგორც ფიზიკურად, ისე - ხასიათით. განათლებით დედას დაემსგავსა. ამერიკაში, ბერკლიში თეატრალური ფაკულტეტი (კინომცოდნეობა, მსახიობობა) დაამთავრა. ახლა ბარსელონაში "გულაობს". ზაფხულში ჰოლივუდში წასვლას აპირებს. ელიზაბეტი არტისტულია, მღერის. ალბათ, მომღერალი იქნება.

ნიკუშას და ელიზაბეტს გადასარევი ურთიერთობა აქვთ. ხშირად ერთად არიან. როცა ნიკუშა ჩიკაგოშია, სულ ჩემთან არის, ელიზაბეტიც კვირაში ოთხი დღე ჩემთანაა. და-ძმა კარგად ერთობა.

- გამოდის, ეკა შენთან ურთიერთობას არ შეუშინდა.
- ამდენი ხანი რომ ჩემთან არის, ესე იგი, არ შეუშინდა. უშიშარია. გურული ქალები ძალიან ძლიერები არიან. სამოთხეში ბილეთი აღებული მაქვს (იცინის). მეგრელი ცოლიც მყავდა, ახლა - გურული...
- კიდევ კარგ განწყობაზე ხარ. ძლიერი აღმოჩნდი!
- მადლობა შეფასებისთვის. ვცდილობ!
- ამერიკაში რა პერიოდს ატარებ?
- მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ჩემი შვილებიც, დედაჩემიც. ბიძაშვილებიც ჩიკაგოში ცხოვრობენ. ძმისშვილი მეუღლესთან ერთად ნიუჯერსიში ცხოვრობს და ასე, ამერიკა დავიპყარით. გადაზიდვების ბიზნესი მაქვს. როცა საქართველოში ვარ, ონლაინ ვმუშაობ. მომავალი წლისთვის, ვფიქრობ, ეკატერინე წავიყვანო და ამერიკა დავათვალიერებინო. იქ ცხოვრება არც მინდა. საქართველოს გარეშე ვერ ვძლებ. ვერ ვჩერდები. მაქსიმუმ სამი თვე გადავაბა და მერე უკან მოვრბივარ. გული აქეთ მომიწევს; იმის მიუხედავად, რომ იქ ოჯახი, ნათესავები, ახლობლები მყავს, მე მაინც საქართველოსკენ მექაჩება ძალა, რომელსაც ნოსტალგია ჰქვია. არა მგონია, რომელიმე ერს ჰქონდეს ნოსტალგიის ისეთი მძაფრი განცდა, როგორც ჩვენ გვაქვს. ამიტომაც ძირითადად, საქართველოში ვარ. ოთხი თვე აქეთ, ორი თვე - ამერიკაში...

ძნელია ემიგრაციაში ცხოვრება, თუმცა ვისაც დაბრუნება უნდა, ბრუნდება. ვისაც საბუთები არ აქვს, ძალიან უჭირთ ემოციურადაც და ფიზიკურადაც. უსაბუთოდ ცხოვრება სტრესულთან ერთად, ძალიან რთულია. ყველას ვუსურვებ გაძლებას და მხნეობას. მესმის იმათიც, ვისაც არ სურს დაბრუნება, გულისწყვეტა აქვთ თავიანთ ქვეყანაზე. თუმცა, მე მაინც დაბრუნებას ვუსურვებ ყველას.
- გურამიკო, ამ რთულ დროში, როგორ ახერხებ არსებული სიტუაციებიდან დისტანცირებას?
- ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. ვერც იმას ვიტყვი, რომ მაღიზიანებდეს იმისტობა, ამისტობა. იყო მცდელობა, მეგობრებს დაგვეკარგა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ, პოლიტიკურ ორთაბრძოლას, არ მივეცით საშუალება, რომ დაენგრია ჩვენი მეგობრობა. მეგობრობა, ნათესაობა უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა დანარჩენი, მით უფრო, პოლიტიკური მხარეობა. სიძულვილად არაფერი ღირს ამ ქვეყნად. ადამიანებს მხოლოდ სიყვარული უნდა გვაერთიანებდეს და პოლიტიკამ არ უნდა გაგვაბოროტოს.
ადრე, სანამ სოცქსელები გაჩნდებოდა, ხომ იგივე ხალხი ვცხოვრობდით. ჟურნალების და ტელევიზიების მეშვეობით ვიგებდით სიახლეებს. ჩვენამდე უკურეაქცია არ მოდიოდა, ვერ ვიგებდით. ახლა ნეგატიური უკურეაქციების ნიაღვარი მოდის და თუ მაგრად არ დადექი, განგრევს. მე მართლა მაგრად ვისხლიტავ ამ ნეგატიურ ტალღებს. კომენტარებს საერთოდ არ ვკითხულობ. არადა, ადამიანები სულ სხედან და კომენტარებში ნერვებს იშლიან. ამას დიდი ენერგია მიაქვს.
- ბოლოს რა მოხდა შენს ცხოვრებაში, ძალიან რომ იმოქმედა შენზე?
- ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი დავკარგე. შარშან ჩემი ტოლი მამიდაშვილი დავკარგე. ძალიან გული დაგვწყვიტა... მეგონა გამოძვრებოდა, მაგრამ ვერ... მეუფე სერაფიმე წავიდა, ჩვენი ჯგუფის მოძღვარი. ამერიკაში ვიყავი და უკანასნკელ გზაზე ვერ გავაცილე. ბევრი ახალგზარდა მეგობარი დავკარგე. ყველაზე გულდასაწყვეტი მართლა ეს არის, ადამიანების დაკარგვა. ამ დროს ფიქრდები, რა წუთია ეს წუთისოფელი. ყველა დღე უნდა იცხოვრო ისე, როგორც უკანასკნელი დღე. უნდა აკეთო სიკეთე.
- ახალი სიმღერა მარტო ჩაგიწერია. რატომ?
- ბიჭებს არ მოეწონათ.
- მარტივი მიზეზი ყოფილა.
- ეს ხუმრობა. გიგი ორაგველიძე სტუდიაში შემოგვესწრო, ჯგუფი ახალ სიმღერებზე რომ ვმუშაობდით და თავისი ახალი სიმღერა მოგვასმენინა. ბიჭებმა ვერ მოიცალეს. ამიტომ ტექსტი დავწერე და ჩემებურ სტილში ჩავწერე. პოპია, დენსი, გასართობი, ბიჭზე და გოგოზეა, რომელიც კარგად ერთობა.

- ჯგუფი რაზე მუშაობს?
- "ქუჩის ბიჭებმა" ერთი სიმღერა უკვე გამოვუშვით. სოსო პავლიაშვილმა თავისი სიმღერა გვაჩუქა, რამე ერთად გავაკეთოთო. მე მომეწონა. მეგობრობაზეა. მე და პაატა ხაჩიძემ გადმოვაქართულეთ და საახალწლოდ გამოვიდა. ორი ახალი სიმღერა გვაქვს მზად. რადიოებში დატრიალდა. მუსიკალურ პლათფორმებზე ყველგან დევს. უკვე მეექვსე ალბომი გვაქვს "ქუჩის ბიჭებს", 31-ე წელშია ჩვენი ჯგუფი. დრო გარბის...
- დრო გარბის. განწყობა როგორია?
- მხიარული, შემართული და მზად შრომისთვის. მუსიკა მშველის. ყველაზე დიდი რელაქსი მუსიკა, სიმღერა და კონცერტებია. ნეგატივი არ უნდა შემოუშვა. გვერდზე მდგომიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, თუ როგორი პარტნიორი გიდგას გვერდით. ეგ ყველაზე დიდი სიხარულია...
45 წლის ვარ და თავი 25 წლის მგონია. 60 წლის რომ შევსრულდები, მგონია, რომ შინაგანად 30 წლის ვიქნები. შინაგანად ძალიან ახალგაზრდულად ვგრძნობ თავს. უხასიათობა მოიშორეთ, ცუდ აზრებს არ მისცეთ გასაქანი და ნეგატიური ადამიანებისგან შორს დაიჭირეთ თავი.

01/31/2026