
11/20/2026
ოსკაროსან ბრიტანელ მსახიობს, ჰელენ მირენს ჰკითხეს, რა იყო მის მიერ განვლილი 80 წლის ყველაზე ზღაპრული მონაკვეთი. მისი პასუხი, ამ სიტყვით დაიწყო:
"ყველაფერი!" "მე ცოცხალი ვარ და ვმუშაობ; შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო, მაკიაჟი ვიკეთო, მუსიკას ვუსმინო, ვუყურო მშვენიერ მზის ჩასვლას, თეატრში წავიდე, ფილმს ვუყურო, ნეტფლიქსს ვუყურო და ვიცხოვრო. ეს მშვენიერი რამაა."

ჟურნალ Elle-ს გამოუტყდა, რომ მას ერთხელ რეჟისორმა უთხრა, რომ არასოდეს ექნებოდა კარიერა, თუ ცხვირის ოპერაციას არ გაიკეთებდა. მსახიობმა მას "ერთი საკმაოდ სულელი კაცი" უწოდა.
"მე უარი ვთქვი. გადავწყვიტე, ნაკლებად ლამაზი ვყოფილიყავი" – განაცხადა მირენმა.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში პლასტიკური ოპერაციების გაკეთება „საშინელი შეცდომაა“, თუმცა სხვების არჩევანს არ განსჯის.
„მიმაჩნია, რომ 20 წლის ასაკში პლასტიკური ოპერაციის გაკეთება საშინელი შეცდომაა, რადგან შენი სახე ჯერ კიდევ იცვლება და ყალიბდება. არ მიყვარს ადამიანების კრიტიკა იმის გამო, რაც მათ ბედნიერებას ანიჭებს, მაგრამ მცდელობა, სხვა ადამიანს დაემსგავსო, საშინელებაა. პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი არ ვარ და მინდა, ეს მკაფიოდ დავაფიქსირო. თუ ვინმე ამით თავს უკეთ იგრძნობს, რატომაც არა? სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ საკუთარი სახის ნაკვთების გამო ინერვიულო“ – აღნიშნა მსახიობმა.

იგი დაიბადა ილიენა მირონოვად ლონდონში, 1945 წელს, რუსი მამის, ვასილ მირონოვისა და ინგლისელი დედის, ევა მატილდა როჯერსის ოჯახში. 20 წლის ასაკში, ეროვნულ ახალგაზრდულ თეატრში Old Vic-ში, მან ითამაშა კლეოპატრა.
შემდეგ იგი გამოჩნდა მანჩესტერის დასში იქიდან კი შექსპირის სამეფო დასს შეუერთდა. ოთხი მნიშვნელოვანი წლის შემდეგ RSC (შექსპირის სამეფო დასი)–ში ჰელენმა სრულად შეცვალა თავისი შემოქმედება, როდესაც იგი სამუშაოდ წავიდა ცნობილ რეჟისორ პიტერ ბრუკის თეატრალურ დასში /Centre de Recherche Thé worktral/ და საგასტროლოდ გაჰყვა მას აფრიკასა და ამერიკაში.

მას შემდეგ მისი თეატრალური მოღვაწეობა მოიცავს უამრავ სპექტაკლს ვესტ – ენდში, ფრინჯში, RSC– ში, ნაციონალურ თეატრში და ბროდვეიზე აშშ – ში, მათ შორის „ერთი თვე სოფლად“ , რისთვისაც მან მიიღო ტონის პრემია და „სიკვდილის როკვა“ ბროდვეიზე იან მაკკელანთან ერთად. მის წარმატებულ წარმოდგენებს შორისაა „ორფეოსი“Donmar Warehouse -ში და „ტრაური ელექტრას ხვედრია“ ლონდონის ნაციონალურ თეატრში, რომლისთვისაც მას მიენიჭა ოლივიეს პრემია საუკეთესო ქალის როლისთვის. ლონდონის ნაციონალურ თეატრში იგი 2009 წელს დაბრუნდა.

1991 წლიდან 2006 წლამდე "პრემიერ ეჭვმიტანილი" ითამაშა.
2003 წელს ჰელენ მირენს ებოძა ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონის / Dame/ წოდება.
2007 წელს ელისაბედ II-ის როლისთვის მოიპოვა ოსკარი ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი ქალი".
„ამას დაბერებას არ ვეძახი“, უთხრა მან Elle-ს. "მე ამას ვეძახი ზრდას."


დაბოლოს:
„სანამ რამეს გააკეთებთ, აბაზანაში კარგი განათება დააყენეთ – ისეთი, რომ სარკეში ჩახედვისას კარგად იყოთ განათებული. ამის შემდეგ ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდება. უბრალოდ უყურებთ საკუთარ ანარეკლს და ფიქრობთ: „ოჰ, არაჩვეულებრივად გამოვიყურები“. სულ ესაა. ეს გაცილებით იაფია, ვიდრე სახის გადაჭიმვა“ – გაიხუმრა მან.

გააზიარე სტატია