
11/27/2026
როგორც იცით, დედაქალაქის მთავარი გამზირი გადათხრილია და სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე რაიონს, პერიოდულად, გაზმომარაგება უწყდება. თბილისში მცხოვრები ლიბანელი ბიზნესმენი - ფადი ასლი, სოციალური ქსელით, დედაქალაქის მერს მიმართავს და მართალია, იუმორითა და გროტესკით, თუმცა სათქმელს პირდაპირ ამბობს.
"ძვირფასო კახა კალაძე,
უკვე 24 საათია, რაც ჩემს უბანს გაზმომარაგება შეუწყდა, მაშინ როცა გარეთ ტემპერატურა მინუს ერთი გრადუსი ცელსიუსითაა.
მსურს უღრმესი მადლიერება გამოვხატო იმ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცით, დავიძინო ჩემს ახალ სათხილამურო აღჭურვილობაში ისე, რომ გუდაურამდე მგზავრობა აღარ დამჭირდეს. გუშინდელ დღემდე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ზამთრის სპორტით დაკავება საკუთარი საძინებლის კომფორტიდანაც შეიძლებოდა.
ამჟამად მეზობლებთან ერთად განვიხილავ, როგორ გამოვიყენოთ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და გავაქირავოთ ჩვენი სახლები გაყინული ხორცპროდუქტების სამაცივრე საწყობებად. იმის გათვალისწინებით, რომ გაგრილების ხარჯები პრაქტიკულად არ არსებობს, ბიზნესმოდელი მეტად პერსპექტიულად გამოიყურება.
ასევე ვფიქრობ, ჩემი მისაღები ოთახი ყინულის საციგურაო მოედნად გადავაკეთო. ამისთვის მხოლოდ ორიოდე ვედრო წყლის იატაკზე დაღვრა და შუადღემდე მოცდაა საჭირო.
რაც შეეხება ჩემს მაცივარს, ის დენის წყაროდან გამოვრთე. ფინანსურად უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა იმ მომსახურებაში ფულის გადახდა, რომელსაც ქალაქი ასე გულუხვად და სრულიად უფასოდ გვაწვდის.
შხაპის მიღება ექსტრემალურ სპორტად იქცა, დილით საწოლიდან ადგომა კი ახლა ისეთივე ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, როგორსაც ევერესტის დალაშქვრა.
ასევე უნდა მოგილოცოთ გაზის მოხმარების შემცირებისა და გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ინოვაციური მიდგომა. მაშინ, როცა ევროპის სხვა დედაქალაქები მილიარდებს ხარჯავენ რთულ გარემოსდაცვით პროგრამებზე, თბილისმა საოცრად მარტივი გამოსავალი იპოვა: მოსახლეობის გაყინვა.
მიუხედავად ამისა, მადლობელი დაგრჩებით, თუ მეცოდინება, როდის აღდგება გაზმომარაგება, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უნდა გადავწყვიტო, სურსათი ვიყიდო თუ გაყინული საქონლის ხორცის იმპორტის ლიცენზიაზე შევიტანო განაცხადი.
თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, დაჟინებით გირჩევთ, რომ მუნიციპალიტეტმა მთაწმინდის მცხოვრებლებს უფასო სათხილამურო აბონემენტები დაურიგოს, თუმცა, ვაღიარებ, წასვლა აღარსად გვჭირდება.
გთხოვთ, გადასცეთ ჩემი უთბილესი მოკითხვა ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ შესანიშნავ მიღწევაზე.
სიტყვა „უთბილესი“, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, წმინდად გადატანითი მნიშვნელობითაა ნახმარი.
თქვენი, თანდათანობით გაყინული,
ფადი ასლი
2026 წლის 27 ნოემბერი" - წერს ბიზნესმენი ფეისბუქზე.
გააზიარე სტატია