Logo

შოუბიზნესიდან ბიზნესში - სად არიან და რას საქმიანობენ "ემის" გოგონები

შოუბიზნესიდან ბიზნესში - სად არიან და რას საქმიანობენ "ემის" გოგონები

10/23/2026

ტექსტის ზომა

მუსიკალური სამყარო არასდროს ყოფილა ასე არეული და მღვრიე, როგორც დღეს არის. ხელოვნური ინტელექტი აქაც იქნევს საცეცებს. და იწყებს კომპოზიტორის, მასტერის სპეციალისტის, არანჟირების ავტორის თავისუფლად ჩანაცვლებას. ეგ კი არა, ნიუ-იორკელმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, კარლ ალოკომ (Carl Allocco), რომელმაც 2024 წელს ენის სიმსივნის (რის გამოც მთლიანი ენა მოჰკვეთეს) და რადიაციული მკურნალობის შედეგად, სიმღერისა და ლაპარაკის უნარი დაკარგა, ხელოვნურმა ინტელექტმა მის ჩანაწერებზე დაყრდნობით, ზუსტად აღადგინა მისი ძველი ხმა. ჰოდა, ალოკო ახალ-ახალ სიმღერებს უშვებს. ასე უენოდ მღერის! და აბა, ამ ხელოვნურ საუკუნეში და განუკითხაობაში რომ ძველი, ნატურალური მომღერლების გახსენება მოგვენატროს, რა გასაკვირია?

AI იქით იყოს და ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ვიწყებთ ჩვენი მშობლიური შოუბიზნესის დავიწყებული, ძველი სახეების გაცოცხლებას - ინტერვიუთა ციკლს. ადამიანების, რომელთა სიმღერები, 90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, გვიყვარდა და ჰიტებად ვაქცევდით. მოკლედ, ვინც მღეროდა, მაგრამ დღეს ამ სფეროში ვეღარ ვხედავთ.

სად წავიდნენ - ქეთი მერკვილაძე, ია ჩანტლაძე, ჯაბა ქარსელაძე, აგნესა, ბუკა მანაგაძე, ჯგუფი "ემი", "ფლეში" და ასე შემდეგ? ბევრნი არიან.

დავიწყოთ ყველაზე ფერადი გოგონებით, ჯგუფი "ემით", რომლებსაც იმ პერიოდის ქართულ შოუბიზნესში თავისი ადგილი ეკავათ.

ემი

გოგონები პოპულარული გახდნენ სიმღერებით "მთვარე დამელოდება", "მზე ისევ ამოვა", "მეცეკვე ამ ღამეს", "დახუჭე თვალები", "ვიცი, მელოდება"... ის სილაღე და ფერადოვნება, რაც დებმა მანიჟაშვილებმა შემოიტანეს, მუქ ფერებზე შეყვარებულ კონსერვატორულ გარემოში სიახლე იყო. სასიამოვნი ტემბრები, საცეკვაო მელოდიები, რომანტიკული ტექსტები - მსმენელს "ემის" რეპერტუარს აყვარებდა.

მოკლედ, სად არიან ეკა და ია მანიჟაშვილები და რას საქმიანობენ?

ია წლებია ამერიკაში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ისევ მღერის და ისევ ისეთია, როგორც 20 წლის წინ იყო. ეკამ 20 წელი საბანკო სექტორში გაატარა, დღეს კი საკუთარ ბიზნესს მართავს. იას მსგავსად ქერაა. ჰყავს ტყუპი ვაჟი, რომლებიც განათლებას ამერიკაში იღებენ.

ია მანიჟაშვილიეკა მანიჟაშვილი

ეკა მანიჟაშვილი "ზმნასთან" იხსენებს ძველ დროს, გვიყვება ამჟამინდელ ცხოვრებაზე და იმ გამოცდილებაზე, რაც ამ პერიოდში დააგროვა.

ეკა მანიჟაშვილი: მინდა დადებითად გავიხსენო ის დრო. ჩვენი სიმღერები დღესაც ახსოვთ და მაშინაც დიდი სითბო მოდიოდა მსმენელისგან. როდესაც ამდენი წლის შემდეგ მოდიან და მეუბნებიან, რომ იმ სიმღერების ტექსტები ახსოვთ, გულწრფელად ბედნიერი ვარ. ჩვენ სიყვარულით ვმღეროდით და ეს, ალბათ, მსმენელამდე ზუსტად მიდიოდა.

- როგორ მიგიღოთ შოუბიზნესმა, გახსოვს?

- ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს, "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოჯგერ თქმითაც დაშავდების". ფართო თემაა და არ ჩავშლიდი, თუმცა ერთ დეტალს გამოვყოფ. თუ გინდა, რომ ადაპტირდე იმ სოციუმში, სადაც შედიხარ, იმ სოციუმის გარკვეულ პირობებს უნდა მოერგო. მე და ია ამ პირობებს არ მოვერგეთ. ჩვენ, ჩვენი პროფესიით შევედით ამ სფეროში, შემდგარი ადამიანები, ჩვენი გემოვნებით, ჩვენი ცხოვრებისეული წესებით, ღირებულებებით. შოუბიზნესური კონკურენციის წესები კი, ჩვენთვის მარტივად მისაღები არ აღმოჩნდა. ამიტომ ამოვარდნილი ვიყავით, ავტონომიასავით ცალკე. ჩვენთვის მაშინაც სასაცილო იყო და ახლაც ასეა ეს საკითხები - ვინ გახსნის კონცერტს, ვინ დახურავს, ვინ იქნება პირველი და ასე შემდეგ. ამაზე ჩხუბი და ჩაწყობა, ამის მერე არ გამოვალ და იმის მერე მე გავალ, ეს წესები ჩვენთვის არც მაშინ იყო მისაღები და არც ახლაა. პირველი გამოხვალ თუ 37-ე, როცა მსმენელს უყვარხარ, ის მაინც იცეკვებს, გაერთობა და დარჩება ნასიამოვნები.

მთავარი კი ის იყო, რომ ჩვენ მიგვიღო მაყურებელმა. ამ სფეროში მეგობრები არ შემიძენია და დღემდე არავინ მომყვება იმ დროიდან. ჩემი სამეგობრო წრე და სოციუმი ცოტა განსხვავებულია.

პატივს ვცემ ყველა კოლეგას, მაგრამ ეს არ არის ის სოციუმი, სადაც მე სიამოვნებით დავიმკვიდრებდი ადგილს. და საკუთარი სურვილით არც დავიმკვიდრე.

ეკა და ია მანიჟკა

იმ დროისთვის ყველაზე განათლებულმა, ნიჭიერმა და ჭკვიანმა პროდიუსერმა, მამუკა ღლონტმა საკუთარი სურვილით მიგვიღო მის გუნდში და ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს კურირებდა ამ სფეროში. როგორ შეიძლება, რომ არ ვიყო ბედნიერი? იმ დროს მამუკა ყველაზე, ყველაზე კომერციულ პროექტებს აკეთებდა და მან დაინახა ჩვენში გულწრფელობა, პოტენციალი, მიდგომა, რაც გუნდში მყოფი ადამიანებისგან სჭირდებოდა. დღესაც მადლიერი ვარ მამუკასი. ბევრი რამ გვასწავლა და სხვა თვალით შეგვახედა იმ ღირებულებებზე, რაც ამ სფეროში იყოს. მადლობა მას კიდევ ერთხელ.

- ეკა, სანამ იას ინტერვიუს შევთავაზებთ მკითხველს, მოგვიყევი მასზე - სად არის და რას აკეთებს?

- იამ საცხოვრებელი ქვეყანა შეიცვალა, დაბრუნებაც არ აქვს გეგმაში. ყველაფრის დაგეგმვა წინასწარ არ შეიძლება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თავს იქ ხედავს. კომფორტულად არის, უყვარს ამერიკა. მის მეუღლეს მუსიკალური სტუდია აქვს, იაც აქტიურად არის ამ სფეროში, ახალ ტრეკებზე მუშაობს და უშვებს. პარალელურად, ერთ-ერთ ცნობილ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობს.

ია მანიჟაშვილი

რაც შემეხება მე - ბანკში 20 წელი ვიმუშავე. ცოტა არ არის. სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ერთ პოზიციაზე ჩერდება. მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ. ბანკშიც მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიციები მეჭირა.

- რა მოგცა ბანკში მუშაობამ?

- უდიდესი გამოცდილება, პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობაში. მომხმარებელთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი უნარები შევიძინე, რაც შემდგომში, სასტუმროს მიმართულებით, ეს მრავალწლიანი მსუყე გამოცდილება გამომადგა. გამომადგა დისციპლინა, დროის მენეჯმენტის მართვა, თანამშრომლებთან ურთიერთობის ცოდნა. ჩემს ბიზნესში ბევრ მიმართულებას ვკურირებ. თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება ხომ ცალკე თემაა - როცა გინდა, რომ გუნდი იყოს შეკრული და ძლიერი, სწორად მოტივირებული. დღეს მხოლოდ ხელფასი არ განსაზღვრავს თანამშრომლების მოტივაციას. მათ შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნა. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა თანამშრომელმა თავი სტაბილურად იგრძნოს. ეს არის ის, რასაც ადამიანი მუდმივად ეძებს, სტაბილურობის განცდას.

ბანკის პარალელურად საგანმანათლებლო მიმართულებითაც წავედი და ქართულ-ამერიკული (სკოლამდელი ასაკისთვის - ფრესქული) ბაღი მაქვს. ათ წელზე მეტია, რაც ფრესქულს ვმართავ. პარალელურად გავხსენი სასტუმროც და ერთდროულად, ბევრ საქმეს ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ვარ ტიპი, რომელიც ერთ მიმართულებაში ვერ ჩერდება. ერთდროულად მავსებდა საბანკო სექტორიც, საგანმანათლებლოც და სტუმარ-მასპინძლობის სექტორიც. და უნდა ვაღიარო, რომ წარმატებული გამოვიდა ყველა სფერო, რაც ერთმანეთის პარალელურად ვაკეთე.

ეკა მანიჟაშვილი

ერთი წელია სურამის საკურორტო ზონაში მაქვს სასტუმრო.

პირველად სურამში 2011-12 წლებში პედიატრის რეკომენდაციით მოვხვდი, ის გარემო ჩემს შვილებს სასუნთქი გზების სამკურნალოდ სჭირდებოდათ. აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა კარგი საკურორტო ზონა იყოს, თუ დასასვენებელი ადგილი არ არის განვითარებული, კომფორტული და გამართული, მხოლოდ - წავედი და დავისვენე, არ არის საკმარისი. დიდი დისკომფორტია მშობლისთვის. არანაირი პირობები არ იყო. პირველი მესიჯი ეს იყო, რომ გამეკეთებინა კომფორტული დასვენების ადგილი. ამ ბიზნესს დღეს მე და ჩემი მეუღლე ვმართავთ, როგორც პარტნიორები. შეიძლება ითქვას საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს.

ეკა მანიჟაშვილი

სხვათა შორის, იმ პერიოდში სიმღერის დაწყებაც ჩემგან საოცარი იყო. ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ყველას - მეგობრებს, კოლეგებს, ჯგუფელებს გაუკვირდათ მე რომ შოუბიზნესში წავედი.

ასეთი სტერეოტიპი იყო, ერთ პროფესიას შეიძენდა ადამიანი და მერე მხოლოდ მას ემსახურებოდა. დღეს, რაც მეტ პროფესიას შეიცვლი და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდები, მით მეტად მნიშვნელოვანი ტიპი ხარ.

მე, ცვლილებების მოყვარულს, ჩემდაუნებურად გამომივიდა სხვადასხვა საქმეების კეთება. აღმოჩნდა, რომ ძალიანაც სწორად მოვიქეცი, რომ ერთ მიმართულებას არ გავყევი. თუნდაც საბანკო სექტორს, სადაც ჩემ დროს მისული გოგო ბიჭები, დღემდე მუშაობენ. მეც გამიჭირდა წამოსვლა, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი. სადღაც უნდა დასრულდეს ძველი ეტაპი. ცოტა ადრეც რომ დამესრულებინა, გაცილებით ბევრ რამეს გავაკეთებდი.

ბანკს აქვს მიჯაჭვულობა, საოცრად სტაბილურად გაგრძნობინებს თავს. ხარ კომფორტულად, თუ კარგ პოზიციაზე მუშაობ, იკმაყოფილებ ეგოს. საბანკო სექტორში მუშაობა პრესტიჟულად ითვლება. და მერე, როდესაც ამ ჯადოსნურ წრეს თავს დააღწევ და გარედან უყურებ შიგნით რა ხდება, აღიქვამ, რომ ეს კომფორტი ერთგვარი ტყვეობაა.

ეკა მანიჟაშვილი

- შენ და ია როდის ახერხებთ შეკრებას?

- ჩემი შვილები მესამე წელია ამერიკაში სწავლობენ და მე ჩავდივარ შტატებში. ხან ზაფხულში, ხან - საშობაოდ, ექსპრომტად ვიღებ გადაწყვეტილებას და მივდივარ. მე და იაც ასე ვხვდებით ერთმანეთს.

- მოდი, ტყუპებზე მოგვიყევი.

- მყავს ტყუპები - საბა და ბექა. ერთი პროგრამისტის, მეორე - ეკონომიკა პოლიტიკური მეცნიერებების განხრით სწავლობს. ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არიან ტყუპები, მისწრაფებები და ინტერესები განსხვავებული აქვთ. ერთობლივადაც ახორციელებენ პროექტებს და საერთო საქმის კეთება კარგადაც გამოსდით.

სასწავლებელში ბევრი რამ შეცვალეს. პროფესორებისგან და ლექტორებისგან ისეთ წერილებს ვიღებ, გული მიჩუყდება. როცა სხვა ქვეყანაში არავინ გყავს და შენს თავს თვითონ აჩვენებ და შენი საქმით ფასდები, მშობელიც ხვდება, რა მაგარია, რომ უცხო ქვეყანაში ასეთი დაფასებული ხარ. რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი, რომ იმას გაუთანაბრდეს, რასაც საბაზე და ბექაზე მწერენ. გულწრფელად ბედნიერი ვარ.

საბა და ბექა

ამ ბიჭებმა უნივერსიტეტში ადამიანებს თავიანთი ქვეყნის მიმართ გაუჩინეს ინტერესი. ლუთერში იციან, რომ საქართველოში თურმე ძალიან ნიჭერი, პერსპექტიული ადამიანები არიან. ზაფხულში სტუმრად გვყავდა ადამიანი, ვინც მათ კურირებს. გაიცნო ჩვენი ქვეყანა. მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანაში ჩასული, როგორ გააცნობ შენს ქვეყანას. მათ უნივერსიტეტში საქართველოს დროშა რომ არაერთ ადგილას გამოჩნდა, ბიჭები ბედნიერები იყვნენ. საბას და ბექას პატრიოტიზმი აღმოაჩნდათ და როდესაც რაღაც პროექტს აკეთებენ, ჩვენი სიმბოლიკებით ხაზს უსვამენ, რომ საქართველოდან არიან.

- ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც მათ სახელს უკავშირდება, რა არის?

- სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში არიან ჩართული. მაგრამ პირველი, რაც პირველივე კურსზე გააკეთეს, იყო ის, რომ აიოვას შტატის ლუთერის უნივერსიტეტს გაუკეთეს მობილური აპლიკაცია-გზამკვლევი. დღეს ამ აპლიკაციით სარგებლობენ როგორც სტუდენტები, ისე - ლექტორები. აპლიკაციაში თავმოყრილია სასწავლებლის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი. თვითონ რომ შტატებში ჩავიდნენ და ნახეს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას როგორი დიდი როლი ჰქონდა - სად რა ტარდება, რომელ კამპუსში რა იმართება, ცალკ-ცალკე რომ არ ეძებნათ, ორივეს გაუჩნდა იდეა, რომ ერთ პლათფორმაზე განეთავსებინათ ყველაფერი უნივერსიტეტის შესახებ. ამ აპლიკაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იქვე მიიღეს სამუშაო შეთავაზებები და იქვე არიან დასაქმებულნი, ბექა პროგრამირების მიმართულებით და საბა კი - ეკონომიკის.

ეკა მანიჟკა

ნიუ-იორკისგან, სადაც ია და დავი ცხოვრობენ, ბიჭები შორს არიან. აიოვას შტატებამდე სამ საათიანი საფრენი გზაა. ამდენად, ბიჭები სემესტრებს შორის, არდადეგებზე, ან დღესასწაულებზე ახერხებენ დეიდასთან ერთად ყოფნას. შარშან ჩავფრინდი და შობა ერთად გავატარეთ. ბედნიერი დღეები გვქონდა. ნიუ-იორკში შობა რა ჯადოსნურია, ხომ იცით?!..

- იმღერეთ?

- ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გემრიელი კერძები მოვამზადეთ. ოჯახურად აღვნიშნეთ.

- ძველ სიმღერებს იხსენებთ, იმ ჰიტებს რითიც გაგიცნოთ მსმენელმა?

- სიმღერაზე მეტად იმ ისტორიებს ვიხსენებთ, რაც იმ დროში გადაგვხდენია. ბევრი კარგია გასახსენებელი, ბევრი სასიამოვნო მოგონება გვაკავშირებს. დღესაც როცა ვინმე მეტყვის, როგორ მიყვარდა თქვენი სიმღერაო, სითბოთი მახსენდება ის პერიოდი, ძალიან ტკბილად. რაც იყო, კარგი იყო. ჩვენ ის სიფერადე შემოვიტანეთ, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს ძალიან აკლდა. ჩაშავებული 90-იანების შემდეგ დამდგარ მილენიუმში, ფერადოვნება და სილაღე მოვიტანეთ. მოდური, შავი ფერი და ჩამუქებული თბილისი და აქეთ ჩვენ, ნათელი და ფერადი "ემი". დღესაც არ მახსენდება ასეთი ნათელი და ფერადი ვინმე სხვა. ამიტომ იმ წლებს ბედნიერად ვიხსენებ.

- ეკა, მეუღლე შენი საქმიანი პარტნიორია?

- დიახ. მე და გიორგი 21 წელია ერთად ვართ. ყველაზე დიდი ბედნიერება არის ის, რომ ორივე მაქსიმალისტი ვართ დასახულ მიზნებში. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ნებისმიერი ჩანაფიქრის განმახორციელებელი ის არის, მან იცის, რომ რასაც გამიზიარებს და შეთანხმებით გავაკეთებთ, ყველაფერი იქნება წარმატებული. ერთმანეთს ვუსმენთ, ერთი საქმის გაკეთება გვიყვარს და გვსიამოვნებს. და ყოველ ჯერზე ერთმანეთს ძალიან მაღალ საფეხურს ვუწესებთ, რომელსაც უნდა გადავახტეთ.

ეკა მანიჟაშვილი

ყველაზე მთავარი ყოფილა საერთო მოტივაციის ქონა. მე ჩემი ცხოვრების მთავარი პარტნიორი მყავს გვერდით. გვაქვს საერთო ინტერესი, მიზანი და ენერგეტიკა. ორივე ძალიან ენერგიული ტიპები ვართ, ერთმანეთს ვაძლევთ მოტივაციას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს გვერდზე საბოლოო ჯამში სწორი პარტნიორი რჩება. ჩემი აზრით, სადაც არ არის საერთო მიზნები, იქ არ არის არაფერი.

ეს არის ცხოვრების მთავარი ამბავი, რამდენად სწორი ადამიანი გყავს გვერდით. ჩვენ ერთი მიმართულებით ვიყურებით.

ეკა მანიჟკა

- ეკა, წლებმა რა გასწავლა?

- უმთავრესია ემსახურო საკუთარ თავს, აკეთო ის, რაც გიყვარს, თორემ ბიზნესი შეიძლება არასასიამოვნო პროცესი იყოს. სტუმარ-მასპინძლობის სფერო ჩემი მიმართულება აღმოჩნდა. მაბედნიერებს სტუმრებთან ურთიერთობა და შეხვედრა. მივხვდი, რომ ამ სფეროში თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად ვთვლი. უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და შეწყვიტო საქმე იქ, სადაც სიამოვნების მიღება სრულდება. თუ დილას არ გიხარია სამსახურში წასვლა, უნდა შეწყვიტო იქ სიარული.

უპირველესად ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ის საქმე, რომელიც გაბედნიერებს. იმას მოაქვს შემოსავალიც და ცხოვრებისეული სილაღეც. ვთვლი, რომ ამას დროულად მივხვდი. მოვხვდი იქ, სადაც ჩემი ადგილია. ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ ყველაფრის კეთება მინდა. ყველგან მინდა თავი მოვსინჯო.

ადამიანს იმდენი უნარი და ნიჭი აქვს, ვერც იფიქრებ. იმის გარეშე, რასაც ჩვენი საქმე დავარქვით, ვერ წარმოგვიდგენია სხვა რამის კეთება თუ შეგვიძლია. შეიძლება ის, რასაც ვაკეთებთ, სულაც არ არის ჩვენი ძირითადი საქმე.

- როდის გემღერება?

- სულ მემღერება. მე ყოველი დილა და ყოველი დღე მიხარია. შევწყვიტე იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც არ უხარია და არ არის ბედნიერი. იმდენად პატარა ცხოვრება გვაქვს, რომ მუდამ უკმაყოფილო ადამიანების მოსმენაზე დროის დაკარგვა, ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაფუჭებაა. უახლოესი გარემოცვაც ამის გამო შევცვალე. გარშემო მინდა ბედნიერი, გონიერი და მადლიერი ადამიანები მყავდეს. ყოველ დილა-საღამოს მადლიერი ვარ იმისთვის, როგორიც ვარ, რაც მაქვს და რომ ყოველდღე ცხოვრება მიხარია.

თუ გჯერა, რომ ბზინავ, ბრჭყვიალებ და ბედნიერებას ასხვივებ, შენს გარშემოც იცვლებიან ადამიანები. თუ ხედავ, რომ არ იცვლებიან, უნდა შეცვალო ისინი. 35 წლის ასაკში ისეთი სიბრძნეების აღმოჩენა დავიწყე, რაც მეგონა ასაკთან ერთად მოვიდოდა. თავს როგორც განვაწყობთ, რეალურად ისე ვიქნებით. თუ სარკეში საკუთარ თავს ყველაზე გულწრფელად უღიმი, ეს არის ყველაფერი. თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ ცვლილებაზე უნდა იფიქრო.

ეკა მანიჟკა

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026