ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
22 იანვარი თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. მომღერალი 80 წლის გახდებოდა.
უკვე ხუთი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. 2021 წლის 22 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე, არტისტის ორგანიზმი კოვიდით გამოწვეულ დაზიანებებს ებრძოდა. მთელი საქართველო ლოცულობდა, რომ საყვარელი მომღერალი მძიმე მდგომარეობიდან გამოსულიყო...
ვახტანგ ტატიშვილი "ზმნასთან"მეგობარს იხსენებს. არტისტმა ახსენა ტრაგედია, რომელიც თემურ წიკლაურის ოჯახს დაატყდა თავს. მისი ცხოვრება 1983 წელს ტრაგედიამ შეარყია - მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური, ფილტვების ანთებით გამოწვეული დაზიანებით გარდაიცვალა. ხარების დღესასწაული იყო... მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:
“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.
ქეთი წიკლაური ამბობს, რომ მამამ სცენაზე დაბრუნება შვილის ორმოცის შემდეგ შეძლო... უწმინდესისა და "ივერიის" წევრების თხოვნით.
"ეს ტკივილი არასდროს შუშდება, თუმცა თავიანთი ტკივილი, თემურს და ლილის, თავს არავისთვის მოუხვევიათ. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.
1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ დედას და მამას პატრიარქი შეხვდა… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლის წევრებმა სთხოვეს...
...და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილ მკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…"

ვახტანგ ტატიშვილი: თემური იყო ჩვენი ანსამბლის სული და მთავარი მამოძრავებელი ძალა. ყველაზე გამორჩეული იყო "ივერიაში"... ჩვენს სპექტაკლებში, მიუზიკლებში, მთავარ როლს, ყოველთვის თემური ასრულებდა.
საუკეთესო პერიოდი იყო იმ დროს, როდესაც ჩვენ მთელი მსოფლიო მოვიარეთ გასტროლებით. თემურს არც სცენაზე ჰქონდა ნაკლი, არც პიროვნულად. ვერც ქცევაში უპოვიდით რაიმე წუნს, ვერც - ვერსად. იყო ძალიან ყურადღებიანი, თბილი ადამიანი. გვერდში გედგა და გამშვიდებდა.

ძნელია იმის გახსენება, რამხელა ტრაგედია დაატყდა თავს, ექვსი წლის შვილი რომ გარდაეცვალა... კოჯორში ჰყავდა და თბილისში რომ ჩამოიყვანა, სუფთა ჰაერს მიჩვეულმა ფილტვებმა, ეტყობა, რაღაც აიკიდა და ანთება დაემართა. ავად რომ გახდა, პირველ დღეს არაფერი და მესამე დღეს ფილტვები რენდგენზე საერთოდ არ ჩანდა! ბავშვი იხრჩობოდა და იხვეწებოდა, მიშველეო. ვერ სუნთქავდა. სამ დღეში წავიდა ბავშვი. ეს იყო დიდი ტრაგედია... ენით არ თქმული უბედურება.
თემური და ლილი პატრიარქმა დაიბარა და დაარიგა, რომ არ უნდა მიეტოვებინათ საქმე და სცენას უნდა დაბრუნებოდნენ... ძლიერ ანუგეშა. ყველაფერი არ მოუყოლია, რა უთხრა უწმინდესმა, თუმცა ეტყობოდა, რომ მისგან დიდი ნუგეში ჰქონდა მიღებული.

ლილის და თემურს არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. შვილის გარდაცვალების დროს, თემური გიჟს ჰგავდა, ლილი უფრო თავშეკავებული იყო. ის იქით აწყნარებდა ქმარს...
იმ პერიოდში ჩვენ გვქონდა მიუზიკლი "არგონავტები", სადაც თემური აიეტის როლს ასრულებდა. იქ არის არია, რომელსაც აიეტი ასრულებს, როდესაც მედეა იაზონს მიჰყავს და მას მამა ემშვიდობება. ამ არიას, შვილთან გამომშვიდობების დროს შესრულებულს, ისეთი ემოციური სიტყვები ჰქონდა, რომ თემურის ტრაგედიას, მის შვილთან გამოთხოვების უმძიმეს ამბავს - პირდაპირ დაემთხვა... ამის შესრულებისას ცრემლებს ვერ ვიკავებდით სცენაზე, თემურისკენ ვიყავით ყველა მიბრუნებული... ტიროდა დარბაზი.
ვიდეო - თემურ წიკლაურის არია "არგონავტებიდან"
მას ძალიან შველოდა ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლების შესრულება. დაკავებული იყო და გულს აყოლებდა თავის საყვარელ საქმეს. სერიოზული როლები შეასრულა "არგონავტებში" და "ფიროსმანში". მე მაინც მიმაჩნია, რომ მის რეპერტუარში ფიროსმანი იყო ძალიან სერიოზული სახე...

ძალიან პუნქტუალური იყო, ყველაზე ადრე ის მოდიოდა რეპეტიციებზე.
სპექტაკლებში იმპროვიზაციის საშუალება გვქონდა და მე და ნუგზარ კვაშალი ვხუმრობდით ხოლმე. თემურს ადვილად გააცინებდი. ამას რომ ჩავავლეთ, ვცდილობდით, ის ფრაზით ან მოქმედებით გაგვეცინებინა. მერე თემურის სიცილს დარბაზი აჰყვებოდა, თუმცა თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რატომ იცინოდა თემური. არადა, მისი სიცილი გადამდები იყო. მერე დარბაზს ძლივს ვაჩერებდით...

ნუგზარ კვაშალი სიმღერის ტექსტს, რომელიც თემურს თავისთვის ჰქონდა შპარგალკად მიკროფონთან, გადაუკეთებდა ხოლმე... მერე ატყდებოდა ამბავი... რამდენია მოსაგონარი.
მთელი ცხოვრება თავის ტკივილს ატარებდა. ბოლოს უკვე, კოვიდი რომ შეხვდა და ცუდად იყო, ამბობდა: სულაც არ მეშინია სიკვდილის, ჩემს შვილთან წავალო. კოვიდით მე ძმაც გარდამეცვალა, თემურის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში... ბევრი ადამიანი დავკარგეთ მაშინ...

ძალიან წესიერი და მეგობრული ადამიანი იყო. მხოლოდ ჩვენ კი არ გვედგა გვერდით, უცნობ ადამიანებსაც ეხმარებოდა. ის ფაქტი ცნობილია, მშობიარე, უცნობი ქალი რომ მიიყვანა კლინიკაში... კეთილშობილი კაცი იყო.
დიდი დანაკლისია "ივერიასთვისაც" და მთელი ქვეყნისთვისაც.
ეს ხუთი წელი ძალიან მალე გავიდა. თექვსმეტი წელი გავიდა ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალებიდან. დავობლდით... თუმცა, ჯერჯერობით, ფორმაში ვართ. დღეს შევიკრიბებით და გავიხსენებთ თემურსაც და "ბუთხუზსაც"... ნათელი დაადგეთ იმიერში...
01/22/2026