
11/12/2026
ეკა ჩხეიძე თათული დოლიძესა და ჟანრი ლოლაშვილს დაუნათესავდა. თურმე, უკვე ერთი წელია, რაც ეს ორი ცნობილი ოჯახი მძახლები არიან, მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ეკას ქალიშვილმა, ინანო მუშკუდიანმა და გიორგი ლოლაშვილმა "ჩუმად", უხმაუროდ, უშლეიფოდ და ტაბლოიდების გარეშე იქორწინეს.
"ოთხშაბათი იყო, ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ რამე გაგვეკეთებინა. ამ დროს გიორგიმ თქვა, სივრცეს ვიქირავებ, შენ თეთრი კაბა ჩაიცვიო და ასე გადავიხადეთ ქორწილი. ხელი მეგობრების წრეში მოვაწერეთ" - მოჰყვა ინანომ "მეხუთე ელემენტში".
ერთმანეთი ოთხი წლის წინ ესპანეთში გაიცნეს. ინანო მილანში ცხოვრობს და მუშაობს. დიზაინის კუთხით განათლება რომში აქვს მიღებული. გიორგი გალერისტია. თბილისში ცხოვრობს. და ასე, მოულოდნელად, საერთო სამეგობრო წრეში, მადრიდში მოხდა მათი შეხვედრა. როგორც ინანო ჰყვება, სამ თვეში ერთხელ, ერთი თვით ნახულობდნენ ერთმანეთს. ამასობაში ოთხი წელიც გავიდა და შარშან ზაფხულში, ეს ურთიერთობა სპონტანური ქორწინებით დასრულდა.
"საბოლოოდ, მე და გიორგი მილანში გადავალთ, რომ მშვიდად ვიყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ვივლით. ამ მხრივ მეც უფრო თავისუფალი ვარ და გიორგიც. ახლა ისე აღარ იქნება, რომ წლები გავიდეს და ვერ ჩამოვიდეს" - ამბობს ინანო.
როგორ შეხვდა ქალიშვილის გათხოვებას ეკა ჩხეიძე და რა ინტერვიუ მისცა მან "ზმნას" სიძესთან დაკავშირებით, შეგიძლიათ აქვე გაეცნოთ.

ეკა ჩხეიძე: ინანოს ბავშვობიდან ყოველთვის ჰყავდა მასზე უფროსი თაყვანისმცემელი. სულ მეშინოდა, ვინმე არ შეუყვარდეს და 19-20 წლის ასაკში არ გაიქცეს და არ გათხოვდეს-მეთქი. ამიტომ სულ ტვინს ვუჭამდი, სად ხარ? ვისთან ერთად ხარ-მეთქი? ყოველთვის კარგი გოგო იყო. ეტყობა პრაქტიკული ტვინიც აქვს. გათხოვებაზე არასდროს უფიქრია. იტალიაში სასწავლებლად რომ წავიდა, აქ უკვე უნივერსიტეტი დამთავრებული ჰქონდა. საერთოდ პროფესია გამოიცვალა. მანამდე კავკასიის ბიზნეს უნივერსიტეტი დაამთავრა, მერე, ეტყობა, გენეტიკამ გაიღვიძა მასში და რომში დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე ჩამოვიდა, მაგრამ აქ სამსახური ვერ იშოვა და მილანში გაემგზავრა.

ამასობაში იტალიელი მეგობარი გაჩნდა მის გვერდით. ხუთწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ, არაფრით არ მიჰყვებოდა ცოლად. ვიფიქრე, ევროპული "უჭირავს"-მეთქი. რახან 20 წლის არ იყო უკვე, მისი გათხოვებისაც აღარ მეშინოდა. ვიცნობდი ამ ბიჭს, ჩამოსული იყო საქართველოში, ვაჩვენეთ ყაზბეგი და სხვადასხვა ადგილები. მოვაწონეთ ჩვენი ქვეყანა. გაგიჟდა საქართველოზე, ისე მოეწონა. ტიპიური იტალიელი იყო, თბილი ადამიანი. ინანო მეუბნებოდა, ახლა ნუ გადარევ, აქ არ დამიტოვო, არ გამაგიჟოო. ხუთი წელი ერთად ცხოვრობთ და ბარემ ცოლად გაყევი-მეთქი, ვეუბნებოდი და რას მპასუხობდა? უცხოელი ქმარი არ მინდაო.
მერე, პანდემიის დროს, დაშორდა ამ ბიჭს. უთხრა, ცალკე უნდა გადავიდე საცხოვრებლადო. ამ დაშორებას იმ ბიჭზე მეტად, მგონი, მე განვიცდიდი. მარტო იქირავა ბინა და პანდემია სულ მარტომ გადაიარა. იმ დროს ჩვენ გვიჭირდა, ოჯახის წევრები ერთად რომ ვიყავით და მხოლოდ ნათესავს ვნახულობდით და შიგადაშიგ - მეგობარს. და ახლა წარმოიდგინეთ, სულ მარტო რომ ხარ?! მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა. მარტო ძაღლების და "სასწრაფოების" ხმა მესმისო. კოვიდი დაემართა. ამაზე ცალკე ვნერვიულობდი.

ოთხი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, გაიცნო გიორგი. ესპანეთში მეგობართან იყო და საერთო სამეგობრო წრეში გადაიკვეთნენ. და ასე, ორივეს ჩაუვარდათ ერთმანეთი გულში. ის ოთხი წელი ჩადი-ჩამოდიში გაატარეს. ინანო ზაფხულში ან ახალ წელს ჩამოდიოდა, შუალედებში გიორგი მიდიოდა მილანში.

გავიდა ოთხი წელი, ქართველი ხომ არის, რატომ არ მიჰყვები ცოლად-მეთქი? - ვეკითხებოდი. მოკლედ, ამ ბავშვმა ძალიან ძნელად მიიღო გათხოვების გადაწყვეტილება. მე არ ვარ ისეთი დედა შვილებს რომ ეჩიჩინებიან - დროზე გათხოვდი და გააჩინეო. მაგრამ მიკვირდა, ვხედავდი, აშკარად რომანი ჰქონდათ და მაინც არ ჩქარობდნენ. რამეს ფიქრობთ-მეთქი, რომ ვკითხავდი, არ ვიცი, ვნახოთო. მეუბნებოდა, ვინც გათხოვდა, ყველა გაშორდა ჩემს გარშემო და მეორე წრეზე არიანო. მისთვის სერიოზული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.

შარშან ზაფხულში ოჯახთან ერთად პორტუგალიაში ვიყავი დასავენებლად. ინანო და გიორგი თბილისში იყვნენ. უცებ მიგზავნის ფოტოებს - დე, ხელი მოვაწერეთო. არანაირი შლეიფიანი კაბები და დიდი ქორწილების ხმაურები არ გვინდაო. თეთრი კაბა უყიდია, ხელი მოაწერეს და ბუნებაში, მეგობრებთან ერთად, გადასარევი დრო უტარებიათ. შვილის ქორწინების ამბავი ასე მესიჯით და ფოტოებით გავიგე.

- არ გეწყინათ? ასე ელოდით მის გათხოვებას და უცხოეთში ყოფნის დროს, მესიჯით რომ გაიგეთ შვილის ქორწინების ამბავი?
- არაა. როგორც უნდათ და გაეხარდებათ ისე იყვნენ. არც თათული არ ყოფილა ხელმოწერაზე და იქ, მათ მეგობრებს შორის.
- ორივე ცნობილი ოჯახისშვილია; ეტყობა, ხმაურს და ყვითელ პრესას აარიდეს თავი.
- ასე გადაწყვიტეს. და რახან სამდღიანი ქორწილი შეგნებულად არ ჰქონიათ, ამიტომაც არ გახმაურებულა ქორწინების ამბავიც. შინაურული ფოტოები ედოთ ღია ცის ქვეშ, პუფებზე, შამპანურებით ხელში. ეტყობა ვერ მიხვდნენ, რომ ქორწილი იყო.

- გიორგის მანამდე იცნობდით?
- ინანომდე არა. მისგან გავიცანი. თუმცა გიორგის ოჯახს კარგად ვიცნობდი. ჟანრი და მამაჩემი რუსთაველის თეატრიდან მეგობრობდნენ. ეს ოჯახი ჩემთვის უცხო არ იყო.
გიორგი გალერისტია. ნახატებს უკეთებს რეალიზებას. ხატავს, მაგრამ ამას სერიოზულ სახეს არ აძლევს. მართლა ძალიან კარგი ბიჭია. ინანომ როცა გაიცნო, მირეკავდა და მიყვებოდა მასზე. გადასარევი ბიჭია. თქვენ რომ იჯაჯღანოთ, მე გიორგის მხარეს დავიჭერ, ხომ იცი-მეთქი, ჩემს შვილს ვუთხარი.

- ცნობილ მძახლებთან როგორ ურთიერთობთ?
- გადასარევად ვურთიერთობთ. ისეთი თბილები და კარგები არიან... დიდი და გადასარევი სახლი აქვთ და ერთად ცხოვრობენ, ყველანი ეტევიან. თათულიმ ეს მაჭამა, ის მომცა, ეს გამიკეთაო, სულ ამას ამბობს ინანო. როცა საქართველოში ჩამოდის, აეროპორტიდან პირდაპირ მასთან მიდის. თათულის სახით, ინანომ მეორე დედა შეიძინა.
- და თავად როგორი სიდედრი ხართ?
- გადასარევი. სიძეს ბროწეულებს ვუწურავ და ვარ. ერთხელ მითხრა, ბროწეულზე ვგიჟდებიო და მას შემდეგ, ჩემთან რომ მოდის, სულ ვახვედრებ ბროწეულის წვენს...

გააზიარე სტატია