Logo

კულტურა

"სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში" - ლელა თათარაიძე

"სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში" - ლელა თათარაიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლელა თათარაშვილმა საზოგადოებას, სოციალურ ქსელში, სიახლე ამცნო - თავისი იუთუბ არხის შექმნის თაობაზე.

მომღერალი და ლოტბარი წერს:

"ჩემო საყვარელო მეგობრებო, გულშემატკივრებო და ჩემი შემოქმედების მოყვარულო ადამიანებო.

სიხარულით მინდა გაცნობოთ კარგი სიახლის შესახებ.

შეიქმნა ჩემი ოფიციალური იუთუბ არხი, სადაც გაგიზიარებთ ჩემს აქამდე კარგად ნაცნობ, ასევე უცნობ კომპოზიციებს, სიმღერებს და ექსკლუზიურ მასალას" - წერს 76 წლის ლელა თათარაიძე.

***

თუშური სიმღერების უბადლო შემსრულებელი ზემო ალვანში დაიბადა. თუშ მეცხვარეს - სტეფანე თათარაიძეს ცოლი რომ გარდაეცვალა, ცხრა თვის ქალიშვილი დარჩა. ლელა წლინახევრის იყო, მამამ მეორე ცოლი რომ შეირთო. კესომ ორი ვაჟი გაუჩინა. მესამე შვილზე რომ დაორსულდა, სტეფანე შიშმა შეიპყრო, ვაითუ, ქალი გაჩნდეს და ოჯახში ლელას სიყვარული მან გაყოსო... ამიტომ დედის გარდაცვალებით დაჩაგრული უფროსი გოგონას სიყვარულმა, მამას ამგვარი აზრი მიაღებინა...

ეთერ თათარაიძე: მამა, სტეფანე თათარაიძე ძალიან ჰუმანური კაცი იყო, დედაზე ჰუმანურიც. ამიტომ მისგან ლამის ბრძანებამდე მისული მოთხოვნა - დედას აბორტი გაეკეთებინა, წარმოუდგენელიც იყო. მაგრამ ლელას სიყვარულმა ეს აზრი გაუჩინა. დედაჩემმა წლინახევრიდან გაზარდა დედით დაობლებული ლელა. ორი ვაჟის შემდეგ ჩემზე დარჩა ორსულად. მამას გოგოს დაბადება არ უნდოდა. ლელა პამპალებდა სახლში. ახლაც ეგ პამპალებს (იცინის).

დედა მორწმუნე იყო, ალბათ, გულითაც უნდოდა რომ გავეჩინე. მამამ რამდენჯერ გააგზავნა ექიმთან. ბოლოს მაინც დაუბარა, მე ცხვარში წავალ და შენ ამ საქმე მიხედეო. დედა ჰყვება, დავწექი და ვფიქრობ, ამ ტკბილ ოჯახს ამის გამო ხომ არ დავანგრევო, არ უნდა სტეფოს ეს შვილი და ხვალ ექიმთან წავალო. მოკლედ, დაწვა გადაწყვეტილებით, რომ მეორე დღეს აბორტის გასაკეთებლად უნდა წავიდეს.

იმ ღამეს კი ესიზმრება: მთაზე გამოჩნდა მაღალი, თეთრწვერა, ახოვანი კაცი, მომიახლოვდა და მითხრაო, მიჰყვება დედა:  ოღონდ იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და გპირდები, მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო... და ეს თეთრწვერა მოხუცი გაქრა. თვალი გავახილე და განცდისგან აღარც დამიხუჭავსო, ამბობდა კესო. მაშინ ვიფიქრე, მე და სტეფანე რომც გავიყაროთ, ამ ბალღს არ მოვიცილებო. 

იმ დღეს მარტო იყო, ჩემს უფროს და-ძმას ეძინათ. მიხვდა, რომ ვიბადებოდი, განთიადი ყოფილა. წყალი გააცხელა, იმშობიარა, ჭიპლარი გადაჭრა. არანაირი ტკივილი არ მიგრძვნიაო. როგორ ცუდად ვიყავი ბიჭების გაჩენის დროს და ახლა რანაირად ვერ ვგრძნობდი ტკივილსო, გაოცებული იყო. გამაჩინა სრულიად მარტომ და არ უგრძვნია ტკივილი. ყველაფერი მარტომ გააკეთა. მაბანავა, შემახვია, დამაპურა, დამაძინა და თვითონაც მოწესრიგდა.

ლელა გამოსულა დილას ოთახიდან და შენ რომ დაიჩხავლე, დედი, აქ ვინ არისო, მოგვარდა და გაკოცაო...

ცხვარში მყოფი მამა დაბრუნდა და გაჩენილი დავხვდი მე, გოგო. ეს მისთვის მარტივი ამბავი არ არის და გულმოსულს მივყავართ თუშეთში. მე სამი თვის ვარ, მთაზე გადასაადგილებელი საბავშვო "ტრანსპორტით", ვირზე გადაკიდებული ხის აკვნის მსგავს საწოლში ჩამაწვინეს და კავკასიონი სამი დღე გადავიარეთ.

ეთერ თათარაიძე

იმდენად ჭკვიანად ვიქცეოდი და ჩუმად ვიწექი, რომ მწყემსმა, რომელიც მოგვყვებოდა, არც კი იცოდა, რომ ვირს ბავშვი მოჰყავდა. 

გზად ზვავს როგორ გადავურჩი, ესეც სასწაულია. კავკასიონზე გადასვლისას, ვირი ზვავზე დასრიალდა. ჯერ ფეხები ჩაეჭედა, ვერ ამოჰქონდა თოვლიდან. მამამ მიირბინა და ეჭიდება ვირს, ამოაძრობს თოვლიდან ფეხებს. ეს ვირი მოწყდება, სრიალით წავა თოვლზე და უფსკრულის პირას ფეხებით ისევ ჩაიჭედება თოვლში!

მამა დახუჭავს თვალებს, ვაიმე, ბალღიო, ამოხდება თურმე! მის გვერდით მდგარ კოსტა დარჩიაშვილს (შემდგომში ჩემი კლასელის მამას) უკითხავს, რა ბალღიო? არ იცოდა, რომ ვირზე ვიყავი ქოჭებში ჩაწვენილი და დაბნეულობისგან გახევებულმა, ფერწასულმა მამამ რომ უთხრა, გაქცეულა ვირისკენ კოსტა. ვირი გადაბრუნებულა, მაგრამ ეს ხის სამგზავრო საწოლი ისეთი საიმედო რამაა, არც გადმოდვარდნილა. ზემოთ მოვექეცი თურმე და კოსტას ამოვუგლეჯივარ სასწრაფოდ! დაუყვირია - ცოცხალია, ჯანმრთელადაა და ცას უყურებსო.

***

განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე. ლელამ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო, ხოლო ეთერომ - ასე ტკბილად, მხოლოდ სახელით რომ მოვიხსენიებთ, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი ქართული ენის კილო.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან: ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ბევრი სხვა წოდება, პრემია თუ ჯილდოთი.

ლელა და ეთერო თათარაიძეები

ლელა თათარაიძე: სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში. სხვათა შორის, მამაც და დედაც მღეროდნენ, მაგრამ ვერ გამოჩნდნენ იმდროინდელი ცხოვრების გამო. მუსიკოსობა, კაცის სიმღერა სირცხვილი იყო და დამალულად მღეროდნენ ხოლმე.

მე მუსიკისთვის ლექსს არ ვარჩევ, ლექსი მარჩევინებს მელოდიას. შეკვეთებიც რომ იციან ხოლმე, ის გააკეთე ჩემს ლექსზეო, არ არის ეს ჩემი სამყარო. შეკვეთით ჩემს ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ლექსს რომ წავიკითხავ, იმ ლექსიდან თუ ორი ხაზი მაინც დარჩა გულში და მომეწონა, ის თვითონ მაწვალებს და როცა მოვა, მოვა... შეიძლება ღამე საწოლიდან წამოგაგდოს. „ლომო, შე ლომის მოკლულო“ – ეს ლექსი რომ წავიკითხე, როცა მოვიდა, თვითონ მოვიდა და ასევე სხვა.

ბევრი ფილმი მაქვს მუსიკალურად გახმოვანებული. „სურამის ციხისთვის“ ზურაბის დედის ტირილი მე ჩავუწერე. ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე იყვნენ მაშინ. „ადამიანთა სევდა“, „ექვსი თოვლიანი დღე“, „წიგნი ფიცისა“ – ამ ფილმებში ჩემი სიმღერაა გამოყენებული.

ეთერ თათარაიძე:  მე არ მამღერებდნენ. ჩემ და-ძმებს რომ ავყვებოდი, ესენი ჩუმდებოდნენ. დედა რომ იკითხავდა, რად არ ამღერებთო? ურევსო, სამივე უპასუხებდა. 

ლელას ისეთი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა, წარმოუდგენელი ხმა იყო. 

დილიდან საღამომდე მღეროდა ამვლელ-ჩამვლელისთვის, საჭმელიც არ ახსოვდაო, დედა იხსენებდა. ვინ გამოხვალო, რომ ეკითხებოდა, მამის "მეგარმუნე ქალიო."

ლელა თათარაიძე

ლელა - ეთეროზე:

"ის, რაც ჩემია, ამისია... ტირილიც ერთია, სიხარულიც, ტკივილიც და ყველაფერი.
ზოგჯერ მეუფლება განცდა, რომ არც ეს არის ლექსის ავტორი და არც მე ვარ სიმღერის, თუშეთია ყველაფერი - თავისი სილამაზით, თავისი ბრძოლებით, ემოციებით, სიხარულით, ყველაფრით."

ლელა და ეთერო თათარაიძეები

ფოტო 📸 @lasha_ghughunishvili

ავტორი: ზმნა

02/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024