ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ გალიპოლიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 84 წლის ლეგენდა მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (+65) შორის, ამჯერად, მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა როგორც ის "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, შედეგით უკმაყოფილოა. ამგვარ რეზულტატს, წინ თავისი მიზეზი უძღოდა. ქართული ჭადრაკის დედოფალს წელიწად ნახევარია არსად უთამაშია. არც ევროპის "მოსათელი ჩემპიონატი" გაუვლია. პირდაპირ მსოფლიოზე გავიდა...
ნონა გაფრინდაშვილი: წელს ჩემპიონატზე სარეკორდო რაოდენობის მოთამაშეები ჩავიდნენ იტალიაში. ქალთა შორის ორი ტურნირი გაიმართა - 50-65 და 65-75 ასაკობრივ კატეგორიებს შორის. 75-ს ზევით ასაკის მოთამაშეები სამნი ვიყავით. არ ვიცოდი, რომ 75 წლის ზევით კატეგორიაში, ოღონდ კაცებში ცალკე ტურნირი იმართებოდა, თორემ შეიძლება იქ მეთამაშა. ხშირად კაცი მოპაექრე ამირჩევია, ასაკთან უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავი.
სპორტულად ძლიერები და კარგად მომზადებულები იყვნენ. მე წელიწადნახევარია პარტია არ მითამაშია. ჯერ ევროპის სენიორები ტარდება, მერე ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი. ევროპაზე რომ გადიხარ, ეჩვევი თამაშს. მე თან მძიმე პერიოდი გადავიტანე. ოთხი თვე მკურნალობის ქვეშ ვიყავი. ევროპაზე რომ წავსულიყავი, კარგი პრაქტიკა მექნებოდა.
ზოგადად, ჩემი თამაშით არ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, შედეგით ვარ უკმაყოფილო. პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავა მან, ვინც დაიკავა. საოცარი ქულები დააგროვა. მქონდა უპირატესობა, მაგრამ იმ უპირატესობას განვითარება სჭირდებოდა. ჩემი ბრალია. მოსაგები პოზიცია მქონდა, მაგრამ შეცდომა მომივიდა... და მესამეზე გავედი. ეს შეიძლება ნორმალურ შედეგად ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის მეორე და მესამე ადგილი არაა საინტერესო. თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მთლიანობაში იმის გათვალისწინებით - რაც გადავიტანე, ასაკობრივი სხვაობა, მესამე ადგილიც არ არის ცუდი. სამაგიეროდ, ჩვენმა კაცებმა ითამაშეს კარგად.

- ხედავს თუ არა ჭადრაკის ლეგენდა ამ ტიტულის გამგრძელებლად ვინმეს, დღევანდელ ქართულ საჭადრაკო სფეროში?
- მე, ჯერჯერობით, ასეთს ვერავის ვხედავ. სამწუხაროდ. გამოჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდები, მაგრამ მერე აღარ ჩანან. იმედია, ვითარება შეიცვლება. ბევრი ჭადრაკის სკოლაა, სახელმწიფოსგან დახმარებებია და პრემიებია. ჩვენ დროს პრემიალური მხარდაჭერა კაპიკები იყო. ბავშვმა 15 წლის ასაკში უკვე დიდებში უნდა გადადგას წარმატებული ნაბიჯი. აზია ამ მხრივ მოწინავეა. თუნდაც ყაზახეთი და უზბეკეთი რომ ავიღოთ, კარგი მოჭადრაკე ბიჭები და გოგოები მოდიან. ბავშვებზეა დამოკიდებული. გვყავს ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ ჯერჯერობით იმ შედეგებს ვერ აღწევენ.

როცა მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მაშინ არ იყვნენ ძლიერი ქალები ჭადრაკში. ერთი წელი, რამდენიმე თამაში დამჭირდა, რომ მოჭადრაკე მამაკაცებს თავიანთ წრეში მივეღე. მერე მომყვნენ სხვა ნიჭიერი ქალბატონები.

ჩემი წარმატებები, ძირითადში, საერთაშორისო ტურნირებზე მოდიოდა. აბსოლუტურად სწორია, რომ კაცების ჩემპიონატი ცალკე ტარდება და ქალების - ცალკე. ეს ჭადრაკია და იმდენი ეტაპია გასავლელი, რომ სქესი გასათვალისწინებელია, რადგანაც ქალის და კაცის ბიოლოგიური პროცესები აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. შენ კარგად ხარ თუ ცუდად, ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. უნდა ითამაშო. ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, მენტალურადაც. ძლიერი ნერვები უნდა გქონდეს. ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, ძლიერი უნდა იყო. ნიჭი და შრომისმოყვარეობა - ეს თავისთავად უნდა გქონდეს. ერთი კომპონენტი თუ ამოვარდა, მორჩა, მწვერვალებს ვერ დაიპყრობ.

ჭადრაკში დიდი ენერგია იხარჯება. რთულია იმ კუთხით, რომ ბევრი ეტაპია გასავლელი. ხუთ საათიან პარტიებს ვთამაშობდი. წარმოგიდგენიათ? ამდენად უპირველესია ის, რომ მენტალურად ძლიერი იყო. შეიძლება ისე გადაიღალო, ვერ დაიძინო. ადამიანს აქვს რესურსი, ერთ ღამეს რომ არ დაიძინებს, მეორე დღეს ითმაშოს; მაგრამ ამას ყოველთვის ხომ ვერ გააკეთებს?
მე, 84 წლის ასაკში, ძილის წამლის ერთი აბიც არ მაქვს მიღებული. არც დამამშვიდებელი. არასდროს დამილევია. ეს ერთი პატარა დეტალია, რომელიც მთლიანობაში უპირატესობას განიჭებს.
მოკლედ, რაღაც კომპონენტი თუ გიშლის ხელს, ჩემპიონი შეიძლება ვერ გახდე. არიან სპორტსმენები, რომლებმაც დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეს. მე ეს არ დამჭირვებია. ერთხელ მომახვიეს თავს, ფსიქოლოგი დაიხმარეო, მაგრამ არ მინდა მეთქი, ყოველთვის ჩემს გემოზე მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი.
ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. ბილიარდს, ფრენბურთს, პინკ-პონკს ვთამაშობდი. სიარული არ მიყვარდა მხოლოდ. სიარული ახლა დამჭირდა, ასაკში და დავდივარ ფეხით. რაშიც ინტერესი მქონდა, იმაში საერთოდ არ ვიღლებოდი. ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში მაგდებდა ბილიარდი, პინკ-პონკი. მე ვთამაშობდი „ამერიკანკას“ - ბილიარდს. ახლა მომწონს სნუკერი, ბილიარდის ბრიტანული სახეობა. ვუყურებ ხოლმე "ევროსპორტზე". ახლაც ჩართული მაქვს, თან გესაუბრებით, თან ვუყურებ. საქმე რაშია იცით, სნუკერი ყველაზე ახლოს არის ჭადრაკთან. მთლიანად სტრატეგიაზეა აწყობილი. ჩვენთან არ იყო განვითარებული და გული მწყდება.

13 წლის ასაკში თბილისში ჩამოვედი და დეიდაჩემთან ვცხოვრობდი. ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. მე კარგად ვთამაშობდი ჭადრაკს. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ და ჩვენთან გამოუშვითო, ეუბნებოდნენ ჩემს მშობლებს.
დავიწყე პიონერთა სასახლეში სიარული და წელიწადნახევარში მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი. იყო გადატვირთული დარბაზები, აჟიოტაჟი... საქართველოს ყველა რეგიონი მოვიარე. და გავხდი მსოფლიო ჩემპიონი - 1962 წლის 17 ოქტომბერს.

მატარებელი ყველა ბაქანზე ჩერდებოდა, ყველგან ხალხი მხვდებოდა, მე ბაქანზე გავდიოდი და მათ ვხვდებოდი. მიხეილ ჭიაურელმა თავის ათ წუთიან ფილმში ეს ყველაფერი ჩასვა. ეს ფილმი ყველაფერს მირჩევნია. მეორე დღეს ოპერის თეატრში ჩემთვის იცეკვეს და პატივი დამდეს - ვერა წიგნაძემ, ვახტან ჭაბუკიანმა. ეს არის ყველაფერი ჩემთვის. ეს დიდი ძალაა. ჩემს თაობას რომ კითხოთ, სპორტმა რა მოგცაო, ყველა გეტყვით, ხალხის სიყვარულიო. ხალხის სიყვარული ეს არის მთავარი მონაპოვარი. ხალხი შეჯიბრებების მოლოდინში იყო და სპორტსმენების გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად აღიქვამდნენ. ძალიან კარგი კავშირი იყო სპორტსმენსა და გულშემატკივარს შორის. წარმოუდგენელი ურთიერთობები იყო.

106 ვართ სანათესაოში. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭადრაკს არავინ თამაშობს. ჩემი ქმარი მოყვარულის დონეზე თამაშობდა ჭადრაკს, შვილიც, ძმები. გენეტიკურად სიმღერა არ იკარგება, მაგრამ ჭადრაკი, როგორც ჩანს, არ არის გენეტიკური ნიჭი... ჩემი ძმები ისე კარგად თამაშობდნენ, მაგრამ არც ერთი არ გაჰყვა ჭადრაკს. ყველა თავის პროფესიას გაჰყვა. რაც არ უნდა დააძალო, თუ ეს მისი ნიჭი არ არის, ვერ განვითარდება ჭადრაკში. სურვილი მას უნდა ჰქონდეს.

ლეგენდა სახლში
სახლში მაქვს ჩემი მუზეუმი, რომელიც ჩემი ისტორია, ჩემი სამყაროა. რამდენი დეპეშა და გაზეთი ინახება იქ, რამდენიმე ტომია. უთვალავია. მე ისევ ჩემს საქმესთან ვარ კავშირში. დასასვენებლადაც მხოლოდ საჭადრაკო სამყაროს წარმომადგენლებთან დავდივარ, სადაც დიდი სითბოა ერთმანეთის მიმართ, დადებითი ემოციით ვბრუნდები და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებ.
მე ყველას ვეუბნები, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მაქსიმალურად აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ. სახლში დამჯდარი ასაკიანი ადამიანი რომ უცებ წასულა ამ ქვეყნიდან, ხომ ბევრი ვიცით ასეთი. ამიტომ ისევ საყვარელი საქმით დაკავდით. ეს ჩემი მოგონილი არ არის.
- და იმისთვის, რომ ამ ასაკამდე ასე მუშაობდეს ტვინი, რამე სპეციალური მიდგომა გაქვთ - ან საკვები, ან ვარჯიში?
- არაფერს განსაკუთრებულს არ ვიღებ ტვინის გამოსაკვებად. დიდი მჭამელი არ ვარ. მიყვარს გემოვნებიანი საჭმელი. მაგალითად, კარგი საცივი, ნამდვილი, ინდაურის. ხინკალი მიყვარს, ყველას უყვარს. მიყვარს ხაჭაპური. მეც ვამზადებდი კერძებს. ორჯერ საცივიც გამიკეთებია. სიამოვნებით ვაკეთებდი, როცა დრო მაძლევდა ამის საშუალებას. ვაკეთებდი ყველაფერს.
დავდივარ ფეხით, დღეში 3600 ნაბიჯს ვდგამ. სახლში ვტრიალებ.
- რითი ერთობით?
- ვუყურებ საინფორმაციოს და სპორტულ გასართობ გადაცემებს. მე მგონი, ამ ასაკში შემიძლია ვაკეთო ის, რაც მე წყობიდან არ გამომიყვანს.
- მემუარებს არ დაწერთ?
- მე არა, ჩემი შვილი წერს წიგნს ჩემზე. ყველაფერი იცის, საქმის კურსშია, თუ რამე დასჭირდა, მეკითხება. ყველაფერზე ნალაპარაკები მაქვს. არქივებში ჩემზე ყველაფერია ჩემს მუზეუმში...

11/06/2025