
10/18/2026
ასტროლოგიური პროგნოზები ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, თუმცა რამდენად სწორია მომავლის შესახებ კატეგორიული განცხადებების გაკეთება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანზე ნეგატიურმა პროგნოზმა?
ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა პასუხისმგებლობაზე, რომელიც, მისი აზრით, ამ სფეროში მომუშავე თითოეულ ადამიანს ეკისრება.
ბზეკალავა ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ აწვდიან ადამიანებს ინფორმაციას შესაძლო სირთულეებისა და რისკების შესახებ.
„არიან ადამიანები, რომლებიც ასტროლოგიას ფანატიკურად უყურებენ და გარკვეულწილად აშინებენ კიდეც სხვებს. მე არ მიყვარს ცუდი პროგნოზები. ვცდილობ, მაყურებელს ავუხსნა მიზეზშედეგობრივი კავშირები - თუ პრობლემური პერიოდი დგება, რისთვის არის ეს პერიოდი და რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან.
ინფორმაციის მიწოდების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვით შეგიძლია ადამიანი მოკლა კიდეც და გააცოცხლო კიდეც. ვინც ამ სფეროში მუშაობს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ცოდნა და პროფესია იმისთვის მოგვეცა, რომ ადამიანს დავეხმაროთ და არა ვავნოთ.
მოსალოდნელი მოვლენები არ უნდა დაუმალო, მაგრამ სწორად უნდა მიაწოდო. შეიძლება ისე შეაშინო ადამიანი, რომ გარკვეულწილად დააპროგრამო და თვითსაბოტაჟისკენ წაიყვანო...
როდესაც არსებობს გარკვეული რისკები, ადამიანს უნდა აუხსნა, რომ ამ სირთულეების გავლით გამოცდილებას იძენს. თუ ეს გამოცდილება ვერ მიიღო, შესაძლოა, ვერც გაიზარდოს. უნდა აუხსნა, საიდან მოდის პრობლემა, რადგან არაფრისგან ხომ არ ჩნდება სირთულეები? ჩემი ხედვით, ჯანმრთელობის პრობლემებიც ხშირად უკავშირდება ემოციებს, რომლებსაც საკუთარ თავში არ ვაღიარებთ. ზოგჯერ ეს დათრგუნული ბრაზია, ან დათრგუნული ეგო, ზოგჯერ სხვა ემოციები.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანმა საკუთარი მდგომარეობის მიზეზები გააცნობიეროს“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.
წყარო: პირველი სტუდია
გააზიარე სტატია