Logo

სოფია ბზეკალავას კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - 19-25 ოქტომბერი

სოფია ბზეკალავას კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - 19-25 ოქტომბერი

10/18/2026

ტექსტის ზომა

ასტროლოგ სოფია ბზეკალავას პროგნოზით, 19-25 ოქტომბერი გარდამავალი და ემოციურად დატვირთული კვირა იქნება. მისი თქმით, კვირის პირველი და მეორე ნახევარი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდის დავგეგმავთ საქმიან შეხვედრებს, მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებების მიღებას.

ასტროლოგი გვირჩევს, მნიშვნელოვანი შეთანხმებები, იურიდიული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლებლობის შემთხვევაში, კვირის პირველ ნახევარში, ოთხშაბათამდე მოვაგვაროთ. 24 ოქტომბრიდან მერკურის რეტროგრადული მოძრაობა კომუნიკაციას გაართულებს და შესაძლოა, უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა გახდეს საჭირო.

კვირის მთავარი გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება: ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ.

მიმდინარე კვირა კარგი პერიოდია ფინანსური ვალდებულებების მოსაგვარებლად, ვალების გასასტუმრებლად, ძველი შეცდომების აღიარებისა და ურთიერთობების აღდგენისთვის. განსაკუთრებით საინტერესო მოვლენებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში. შესაძლოა, წარსულიდან ადამიანები დაბრუნდნენ, ურთიერთობებში კი ეჭვიანობამ და უნდობლობამ იმატოს.

კვირის პირველი ნახევარი უმჯობესია კონსტრუქციული დიალოგისა და ახალი საქმეების დასაწყებად გამოვიყენოთ, მეორე ნახევარი კი ძველი პრობლემების გაანალიზებისა და გამოსწორებისთვის.

ვერძი

ვერძი

ვერძებისთვის კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ჰარმონიული და პროდუქტიული იქნება. თქვენი მმართველი პლანეტის სატურნთან ჰარმონიული ასპექტი მოგცემთ ნებისყოფას, რომ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ და საბოლოოდ შეუდგეთ იმ საქმეების დასრულებას, რომლებსაც აქამდე მუდმივად გადადებდით.

ეს შეიძლება იყოს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ვარჯიშის დაწყება, ცხოვრების წესის შეცვლა ან თუნდაც სახლის რემონტი. სხვათა შორის, მიმდინარე კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

თუ რემონტთან დაკავშირებით ტექნიკის შეძენასაც გეგმავთ, სასურველია, ეს 24 ოქტომბრამდე მოასწროთ. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში ტექნიკასთან დაკავშირებული გაუმართაობისა და შეფერხებების ალბათობა იზრდება.

სამაგიეროდ, ეს კარგი პერიოდია ძველი ნივთებისა და ტექნიკის შესაკეთებლად, აღსადგენად და ხელახლა გამოსაყენებლად.

მთავარია, აღარ გადადოთ ის, რისთვისაც აქამდე მოტივაციას ვერ პოულობდით. კვირის პირველი ნახევარი სწორედ მოქმედების დროა.

კურო

კურო

კუროებისთვის საკმაოდ ემოციური კვირა იქნება, განსაკუთრებით პირადი და პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით.

ვენერასა და პლუტონის დაპირისპირების გავლენით, შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ვიღაც თქვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას გაიძულებთ. სინამდვილეში კომპრომისზე წასვლის პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ როგორც კი იგრძნობთ, რომ არჩევანს გიზღუდავენ, შესაძლოა, პრინციპულად გაჯიუტდეთ.

ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად ურთიერთობებსა და ოჯახურ საკითხებს, ისე ფინანსურ შეთანხმებებს.

კვირის მთავარი ამოცანა კომპრომისის პოვნაა, თუმცა მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით და თქვენთვის მისაღებ დროს მიიღოთ.

გარშემომყოფებსაც ვურჩევდი, კუროებს ნუ დააჩქარებენ. ნუ შეუქმნით განცდას, რომ მათგან დაუყოვნებლივ პასუხს ელოდებით. ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გადაავადოს.

მიეცით საკუთარ თავს დრო და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვები მოითხოვენ.

ტყუპები

ტყუპები

ტყუპები მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები იქნებიან. მერკურისა და იუპიტერის დაპირისპირება განსაკუთრებით გაააქტიურებს ეჭვებს, ინფორმაციის მოძიებისა და სიმართლის გარკვევის სურვილს.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ მოთხოვნილება, ყველაფერი დეტალურად გამოიკვლიოთ, მოიძიოთ მტკიცებულებები და საკუთარი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ. თუმცა დაფიქრდით: ყოველთვის გვჭირდება იმ ინფორმაციის ცოდნა, რომელმაც შესაძლოა, შინაგანი სიმშვიდე დაგვაკარგვინოს?

ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში. შესაძლოა, ეჭვები უსაფუძვლოც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მაინც იმდენად ჩაერთოთ სიმართლის ძიებაში, რომ საბოლოოდ ურთიერთობა დააზიანოთ.

ასევე მოსალოდნელია პრინციპული დაპირისპირება ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი ავტორიტეტული პოზიციის დათმობა არ სურთ, მაშინაც კი, როდესაც ცდებიან.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ლომებთან, კირჩხიბებთან, მშვილდოსნებთან და თევზებთან ურთიერთობისას.

კვირის მთავარი შეკითხვაა: გინდათ იყოთ მართალი თუ ბედნიერი? ზოგჯერ საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა გაცილებით მეტ ენერგიას გვართმევს, ვიდრე თავად საკითხი იმსახურებს.

კირჩხიბი

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ნოსტალგიური და ემოციურად დატვირთული კვირა იქნება. შესაძლოა, წარსულიდან დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც დასრულებულად მიგაჩნდათ, ან თავად გაგიჩნდეთ ძველი კავშირების აღდგენის სურვილი.

მერკურის რეტროგრადული მოძრაობა და მზისა და ვენერას შეერთება განსაკუთრებით გაააქტიურებს ოჯახთან, ბავშვობასთან, საყვარელ ადამიანებთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

შესაძლოა, წარსულში მომხდარი მოვლენები სრულიად სხვა თვალით დაინახოთ, გადააფასოთ ძველი წყენები და უკეთ გაიგოთ ადამიანები, რომლებთანაც აქამდე საერთო ენის გამონახვა გიჭირდათ.

ეს კარგი პერიოდია ოჯახური კონფლიქტების მოსაგვარებლად და შერიგებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შვილებთან ურთიერთობა. თუ მოზარდი ან ზრდასრული შვილები გყავთ, შესაძლოა, მათი ქცევები და გადაწყვეტილებები სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ. მეტი თანაგრძნობა გაგიჩნდებათ და უკეთ გაიგებთ მათ საჭიროებებს.

გამოიყენეთ ეს კვირა ურთიერთობების გასაჯანსაღებლად. ზოგჯერ საკმარისია, ადამიანს სხვა თვალით შეხედოთ, რომ ძველი პრობლემა სრულიად სხვაგვარად დაინახოთ.

ლომი

ლომი

23 ოქტომბრიდან, როდესაც მზე მორიელის ზოდიაქოში გადავა, ლომების ხასიათში შესაძლოა, მეტი სიმკაცრე და კატეგორიულობა გაჩნდეს.

განსაკუთრებით აქტუალური იქნება პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები. შესაძლოა, პარტნიორის მიმართ მეტი მოთხოვნა გაგიჩნდეთ, გაგახსენდეთ ძველი წყენები და ის საკითხები, რომლებიც თითქოს დიდი ხნის წინ მოაგვარეთ.

თუმცა მიმდინარე კვირა სწორედ ასეთი პრობლემების საბოლოოდ გადაჭრის შესაძლებლობას გაძლევთ. მნიშვნელოვანია, შეძლოთ წარსულში დაშვებული შეცდომების აღიარება, საკუთარი თავის პატიება და პარტნიორის მიმართ მეტი მიმტევებლობის გამოჩენა.

აქტუალური იქნება ფინანსური საკითხებიც, განსაკუთრებით ფულთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემები.

შესაძლოა, კვლავ წამოიჭრას საქმე, რომელიც დასრულებულად მიგაჩნდათ ან რომლის დადებითად გადაწყვეტის იმედიც აღარ გქონდათ.

განსაკუთრებით 24 ოქტომბრიდან გაიზრდება შესაძლებლობა, ამ საკითხებს დაუბრუნდეთ, ხელახლა განიხილოთ და გამოსავალი იპოვოთ.

ნუ შეგეშინდებათ წარსულში დაბრუნების, თუ ეს ძველი პრობლემის საბოლოოდ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ქალწული

ქალწულებისთვის კონკურენციის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და სიმართლის დამტკიცების კვირა იქნება.

შესაძლოა, მოგიწიოთ დაპირისპირება ადამიანებთან, რომლებსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი ან მაღალი სტატუსი აქვთ. ეს შეიძლება იყოს იდეოლოგიური უთანხმოება, პროფესიული კონკურენცია ან ბრძოლა საკუთარი ღირსებისა და რეპუტაციის დასაცავად.

ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგიძლიერდებათ ინფორმაციის მოძიებისა და ფაქტების გაანალიზების უნარი. შესაძლოა, ისეთი ინფორმაციაც აღმოაჩინოთ, რომლის გამოყენებითაც მოწინააღმდეგის პოზიციის შესუსტებას შეძლებთ.

თუმცა გირჩევდით, კარგად დაფიქრდეთ, რამდენად ღირს კონფლიქტის გამწვავება. ნუ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად.

სამაგიეროდ, ეს შესანიშნავი პერიოდია საკუთარი პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების დასამტკიცებლად. შეგიძლიათ, ჩრდილიდან გამოხვიდეთ, მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ და საქმით აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ეს განსაკუთრებით ეხება სამსახურებრივ გარემოსა და ახლო წრესთან, ოჯახის წევრებთან, და-ძმასთან და ნათესავებთან ურთიერთობას.

თქვენი მთავარი უპირატესობა ამ კვირაში კონკურენტუნარიანობაა. ნუ დახარჯავთ დროს იმაზე ფიქრში, რას ფიქრობენ თქვენზე ავტორიტეტული ადამიანები. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკუთარ საქმეზე კონცენტრირდეთ და თქვენი სიმართლე შედეგებით დაამტკიცოთ.

სასწორი

სასწორები მნიშვნელოვანი შინაგანი ცვლილებების პერიოდს გადიან. ეს პროცესი წინა კვირიდან დაიწყო და მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.

შესაძლოა, საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულები გახდეთ. უკმაყოფილო იყოთ გარეგნობით, მიღებული გადაწყვეტილებებით, პროფესიული მიღწევებით ან იმით, რომ გარკვეულ სიტუაციებში საკუთარი აზრის გამოხატვა ვერ შეძელით.

პირველი რჩევა, რომელსაც მოგცემდით, არის ის, რომ საკუთარ თავს ჰკითხოთ: ხომ არ ითხოვთ საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს?

სასწორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარშემომყოფების კეთილგანწყობა. ხშირად ცდილობთ, ყველასთვის მისაღები, სასიამოვნო და დიპლომატიური იყოთ, ზოგჯერ კი ამის გამო საკუთარ ნამდვილ სურვილებსა და ემოციებს მალავთ.

მიმდინარე კვირა საუკეთესო დროა დაფიქრდეთ, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამ როლში.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვინ ვარ მე მაშინ, როდესაც არავინ მიყურებს?“

შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფების მოლოდინების გასამართლებლად საკუთარ თავს მეტისმეტად ზღუდავდით.

დროა, ადამიანებს თქვენი ნამდვილი სახე აჩვენოთ და აღარ შეგეშინდეთ იმის, რომ ყველას ვერ მოეწონებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის მიღებაა ისეთის, როგორიც სინამდვილეში ხართ.

მორიელი

მორიელი

მორიელები მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები იქნებიან.

23 ოქტომბრიდან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც სასიცოცხლო ენერგიისა და აქტიურობის ზრდას შეუწყობს ხელს.

მზისა და ვენერას შეერთება ხელსაყრელ შესაძლებლობებს შექმნის ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა, დაიბრუნოთ ძველი ვალები, აღმოაჩინოთ შემოსავლის ახალი წყარო ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი გზა იპოვოთ.

თუმცა კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური გავლენა პლუტონის მოძრაობას უკავშირდება. თქვენი მმართველი პლანეტის პირდაპირ მოძრაობაზე გადასვლის პროცესი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, შინაგანი ძალის გააქტიურებასთან ასოცირდება.

ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს.

თუ აქამდე ვინმე თქვენი კეთილგანწყობით სარგებლობდა, თქვენს დათმობებს ბოროტად იყენებდა ან ფიქრობდა, რომ ყველაფერს აპატიებდით, შესაძლოა, ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოთ.

მეორე მხრივ, თუ თავად მოქმედებდით ისე, თითქოს თქვენს საქციელს შედეგები არ მოჰყვებოდა, შესაძლოა, საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ.

მორიელებისთვის ეს მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდია. თქვენში იღვიძებს ძალა, რომელსაც შეუძლია როგორც ძველი ურთიერთობებისა და სტრუქტურების დანგრევა, ისე მათი განკურნება და ხელახლა აშენება.

მთავარია, ეს ენერგია შურისძიებისთვის კი არა, საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის მიმდინარე კვირაში განსაკუთრებით გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად წვრილმანებზე ამახვილებენ ყურადღებას, გაკრიტიკებენ ან ცდილობენ, საკუთარი მოსაზრებების სისწორეში გადაგარწმუნონ.

ამან შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს ახლო წრეში, განსაკუთრებით და-ძმასთან და ნათესავებთან ურთიერთობაში.

გირჩევდით, ყველა შენიშვნას მწვავე რეაქციით ნუ უპასუხებთ და ეცადეთ, უმნიშვნელო უთანხმოება დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ 24 ოქტომბრის შემდეგ მოგზაურობისა და გადაადგილების საკითხებთან დაკავშირებით.

თუ შორეულ გზაზე გამგზავრებას გეგმავთ, წინასწარ შეამოწმეთ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს და გზაში მოულოდნელი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდებით.

ასევე ყურადღებით გადაამოწმეთ პასპორტი, ვიზა, ბილეთები და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

ეს ის კვირაა, როდესაც ზედმეტი სიფრთხილე ნამდვილად არ გაწყენთ. ნუ იჩქარებთ და ეცადეთ, მნიშვნელოვანი დეტალები წინასწარ გაითვალისწინოთ.

თხის რქა

თხის რქა

თხის რქებისთვის საკმაოდ ჰარმონიული კვირა იქნება.

მთავარი შესაძლებლობა, რომელსაც ეს პერიოდი გაძლევთ, დაგროვილი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გადანაწილებას უკავშირდება.

შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, გარკვეული საქმეების შესრულებაში დაგეხმარონ, შეგიმსუბუქონ ოჯახური თუ პროფესიული ვალდებულებები და მეტი თავისუფალი დრო მოგცენ.

თხის რქებს ხშირად გიჭირთ პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბარება, რადგან გირჩევნიათ, ყველაფერი თავად აკონტროლოთ. თუმცა მიმდინარე კვირაში სწორედ ამ ჩვევის შეცვლა იქნება სასარგებლო.

თუ ხედავთ, რომ ვინმეს შეუძლია თქვენი საქმის ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს, მიეცით მას ამის შესაძლებლობა.

გაუზიარეთ პასუხისმგებლობა, წაახალისეთ სხვების ინიციატივა და ნუ ჩათვლით, რომ ყველა საკითხის მოგვარება მხოლოდ თქვენ გევალებათ.

ეს კარგი პერიოდია დასვენებისთვის, ძალების აღდგენისა და მომდევნო კვირისთვის მოსამზადებლად.

ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ ის არის, რომ ცოტა ხნით ტვირთი შეიმსუბუქოთ და საკუთარ თავსაც მისცეთ ამოსუნთქვის საშუალება.

მერწყული

მერწყული

მერწყულებისთვის კვლავ აქტუალური გახდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები, დოკუმენტები, ბიუროკრატიული საკითხები და სტატუსთან დაკავშირებული თემები.

შესაძლოა, მოგიწიოთ ადრე დაწყებულ საქმეებთან დაბრუნება, გარკვეული საბუთების მოწესრიგება ან იმ შეთანხმებების გადახედვა, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ.

ამასთან, ყურადღების ცენტრში მოექცევა თქვენი საზოგადოებრივი და პროფესიული იმიჯი. შესაძლოა, დაფიქრდეთ იმაზე, როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები, რამდენად შეესაბამება თქვენი ამჟამინდელი პოზიცია თქვენს რეალურ სურვილებს და რა ცვლილებები გჭირდებათ.

კვირის მთავარი რჩევაა, ყველაფრის გაკონტროლებას ნუ შეეცდებით.

24 ოქტომბრიდან შესაძლოა, გეგმების შეცვლა, გადადება ან კორექტირება გახდეს საჭირო. ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობას ეხება.

თუმცა ცვლილებები აუცილებლად უარყოფით მოვლენებს არ ნიშნავს. პირიქით, შესაძლოა, ძველი სამუშაო შემოთავაზებები კვლავ გააქტიურდეს ან ისეთი შესაძლებლობა დაბრუნდეს, რომელზეც უკვე უარი გქონდათ ნათქვამი.

ეცადეთ, მოვლენებს მეტი მოქნილობით მიუდგეთ. ზოგჯერ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, აუცილებელია, თავდაპირველი გეგმა შევცვალოთ.

თევზები

თევზები

თევზებისთვის საკმაოდ ჰარმონიული კვირა იქნება.

პლანეტების ხელსაყრელი ასპექტები განსაკუთრებით გაააქტიურებს სწავლასთან, განათლებასთან და პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, შეიძინოთ ახალი ცოდნა, გაიაროთ დამატებითი კურსები, დაეუფლოთ ახალ პროფესიას ან გაიღრმაოთ უკვე არსებული უნარები.

ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა, სწორედ მიმდინარე კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება სწავლის გაგრძელების, კვალიფიკაციის ამაღლების ან გამოცდის ჩაბარების შესახებ.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება მოგზაურობაა.

შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაგეგმოთ გამგზავრება ან უკვე არსებულ სამოგზაურო გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ.

ეს ცვლილებები შეიძლება როგორც სასიკეთო, ისე არასასურველი აღმოჩნდეს, ამიტომ სასურველია, გარკვეული მოქნილობა შეინარჩუნოთ და მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტისთვის მზად იყოთ.

მერკურის რეტროგრადული მოძრაობის გავლენით, ზოგადად, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მოსალოდნელია გეგმებისა და შეთანხმებების კორექტირება.

თქვენთვის კი ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგი იქნება ძველ საგანმანათლებლო გეგმებთან დასაბრუნებლად და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებზეც ადრე უარი თქვით.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიაზოდიაქოთებერვალისოფია ბზეკალავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026