Logo

ეს გემრიელია

"სოფიკო ჭიაურელი ჩემს ხინკალზე გიჟდებოდა" - ასმათ ტყაბლაძის რეცეპტი

"სოფიკო ჭიაურელი ჩემს ხინკალზე გიჟდებოდა" - ასმათ ტყაბლაძის რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გამოცემა "ზმნა" იწყებს ახალ რუბრიკას "რეცეპტები", სადაც ცნობილი ადამიანების საფირმო კერძების რეცეპტებს შემოგთავაზებთ. ასე რომ, ჩაუსაფრდით ამ რუბრიკას, რომ რომელიმე გემრიელი სადილის მომზადების საიდუმლოებები არ გამოგრჩეთ. თან ცნობილ ადამიანებს მზარეულის ჭრილშიც გაიცნობთ.

"ზმნის" ამ რუბრიკის პირველი სტუმარია მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, რომელიც წარმოშობით დუშეთიდანაა და ცხადია, რომ ის ხინკლის რეცეპტს გვიზიარებს.

ასმათ ტყაბლაძე: ძალიან გემრიელი გამომდის გოზინაყი და შერეული კერძები. ასევე უნგრული კრეპი. მაგრამ ჩემი საფირმო მაინც - ხინკალია.

ხინკალი

აუცილებლად კარგი ხორცი უნდა იყოს - რბილი, ახალთახალი და ცხიმიანი ძროხის ხორცია საჭირო. ძალიან ცხიმიანიც არ უნდა იყოს. ცოტა ღორის ქონს ურევენ. მაგრამ ცხიმიანი საქონლის ხორციც საკმარისია.

აუცილებლად ბლომად ხახვი. ორ კილო ხორცზე 800 გრამ ხახვს ვუშვები. ბლომად ხახვი უხდება ხინკალს. გაფცქვენით ერთი კილო ხახვი და იქიდან ხომ დარჩება 800 გრამი და გაატარეთ ხორცთან ერთად.

მე დუშელი ვარ და ხშირად უმწვანილოდ ვაკეთებ. ვისაც უყვარს მწვანილიანი, შეუძლია შეანელოს ქინძით. ჩვენებური ხინკალი უმწვანილოა. სად იყო მთაში ამდენი მწვანილი რომ ხინკალში ექნათ? მწვანილი უხდება, მაგრამ თავის არომატზე გადაჰყავს.

ხორცი, ძირათი, პილპილ-მარილით და ხახვით უკვე ისეთი გემრიელია, რომ მას მწვანილი და ნიორი აღარ უნდა.

ძირა ბევრი არ უნდა იყოს. საერთოდ, სანელებლები ისე უნდა იყოს კერძში, რომ მისი გემო არ გამოირჩეოდეს. მკვეთრად არ უნდა იგძრნობოდეს. ვერ უნდა ხვდებოდა რა მოგწონს, რაღაცაა, მაგრამ კარგია.

მერე - წყალი. კარგად უნდა გაიხსნას ხორცი და წყალი ერთმანეთში. ცალკე არ უნდა იწყალწყალოს წყალმა.

და ცომი - რთული და მთავარი რამ. ჩემი ცომი თხელია. მაგარი ცომი უნდა იყოს და კარგი მოზელვა უნდა. ერთს რომ გადაზელ, უნდა დაასვენო. მერე ისევ თავიდან მოზილო. კუჭი პატარა და ჩაბრუნებული უნდა ჰქონდეს.

ზემოთ ამობრუნებულ კუჭს ადვილად აკეთებენ. რბილად მოხვეულს კუჭი უნდა ჩაუტრიალო შიგნით. ესაა ხინკალი!

მოხვევისას 17-18 ნაოჭი იყრის თავს. შავი პილპილი გემოვნებით და ეგ არის. თითქმის ერთნაირები გამომდის.

ჩემ ხინკალს მაქსიმუმ 8 ცალს გეახლებით.

ხინკალი

სხვათა შორის, ჩემს ხინკალზე სოფიკო ჭიაურელი გიჟდებოდა. და მთელი ჩემი თეატრი.

პაპაჩემი აკეთებდა სახლში და მე ვერეოდი ამ პროცესში და ვეხმარებოდი. ასე ვისწავლე ხინკლის კეთება.

მარჯანიშვილის თეატრში მე და სოფიკო რომ დავმეგობრდით, მკითხა, შენ დუშეთიდან რომ ხარ, ხინკლის კეთება არ იციო? ვიცი-მეთქი. აბა, ჩქარა მოახვიეო. და პირველი ხინკალი მას გავასინჯე. კარგი გამომივიდა. ასე რომ, ჩემი ხინკალი პირველად მან დააგემოვნა.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: სოფიკომ რეპეტიციის შემდეგ აიჩემა, გაქვს სახლში ხორციო? მაქვს-მეთქი. მოდი გავაკეთოთ ხინკალიო. გავაკეთოთ-მეთქი. სტუმრად მოვიდნენ თეატრიდან გოგოები. მუსიკალური განყოფილებიდან იყო პიანისტი მანანა ჩორგოლაშვილი, არაჩვეულებრივი ქალი და მე და ის, ორივე ვაკეთებდით. ფარში გამზადებული მქონდა. ვაკეთებთ მე და მანანა. სტუმრად მყავს - სოფიკო ჭიაურელი, მზია მახვილაძე, ნათელა მიქელაძე, მაგდა მებურიშვილი. გამოვიტანთ 30 ცალს, ისმის შეძახილები: ო, რა კაია, რა გემრიელია. შენ რამდენი შეჭამე, რამდენი კუჭი დაგრჩაო და ასე შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ კეთებას. გამოვიტანთ, მივტრიალდებით - ვაკეთებთ. სულ ასი ხინკალი გავაკეთეთ. ბოლო პარტია გამოვიტანეთ და მივტრიალდით, რომ ხელი დავიბანოთ, რომ ჩვენც დავსხდეთ და შევჭამოთ და რომ გამოვედით - ორი ცალის მეტი ხინკალი აღარ იყო მაგიდაზე! რეპეტიციის მერე მშივრები, ხინკლის კეთებაში გადაქანცულები დავრჩით მშიერი. ბოლოს ერბო-კვერცხი შევიწვით (იცინის). ასი ხინკლის გამკეთებლებმა, ბოლოს ერბო-კვერცხი გეახელით. დაითვალეს და სოფიკოს 30 ხინკალი ჰქონდა ნაჭამი, ვიღაცას 20...

საერთოდ, სოფიკოს ხორცეული უყვარდა. ჩემს მიერ მომზადებული ხინკალი კი - განსაკუთრებით.

სოფიკო ჭიაურელი

ავტორი: თამარ გონგაძე

11/10/2025

მსახიობირეცეპტიხინკალი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024