Logo

სოფო ბათილაშვილი "ოლე ოლას" სიმღერის გამო დააჯარიმეს

სოფო ბათილაშვილი "ოლე ოლას" სიმღერის გამო დააჯარიმეს

11/12/2026

ტექსტის ზომა

„ოლე-ოლას“ სიმღერის ვიდეოს გამო, მომღერალი სოფო ბათილაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა.

„სამწუხაროდ, რაც დამხვდა, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ იმას, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს ინდივიდუალურად. ეს აღარ არის ეტაპი, სადაც რამე უკეთესობის იმედი უნდა გქონდეს. თუ არ იბრძოლებ, არაფერი უკეთ არ იქნება და ალბათ ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს სისტემის წინააღმდეგ. […]

ის ფაქტი, რომ ადამიანები დაიბარეს სასამართლოში სიმღერის გამო, რა მნიშვნელობა აქვს ამ სიმღერის შინაარსს, ჩემთვის იყო განგაშის სიგნალი - რანაირად შეიძლება დავუძახოთ თავს მომღერალი, მუსიკოსი ან არტისტი და ამაზე რეაქცია არ გვქონდეს. სოლიდარობის აქტი იყო ეს ჩემი მხრიდან. რაღაც ჰარმონიები მოვუფიქრე, დავჯექი, დავუკარი, ვიმღერე და როგორც ჩანს, არც პიროვნულ დონეზე და არც სამართლებრივად, არ ესმით და ვერ იაზრებენ ამ აქტის მნიშვნელობას ან დავალებებია, რომელსაც ასრულებენ.

[პროცესზე] შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასწარ იყო ყველაფერი განსაზღვრული. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი ან არ იტყვი, მაინც განსაზღვრულია ყველაფერი შენს წინააღმდეგ.

ის ფაქტი, რომ მომღერალს, მუსიკოსს სიმღერის გამო ასამართლებენ, ალბათ კიდევ ახალი რაღაც დაწინაურებაა მათ რეჟიმშიც კი, სადაც ადამიანებს უკვე გვაქვს სიმღერები, რომლებიც შეგიძლია, იმღერო და რომლებიც არ შეგიძლია, იმღერო. მოგვაწოდონ სრული სია თუ შეიძლება, რომ დიდი წარმატებით დავხიოთ ეს სია ყველა მუსიკოსმა“, – თქვა სოფო ბათილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

სოფო ბათილაშვილი

  • სოფო ბათილაშვილმა 8 ოქტომბერს სოციალურ ქსელში „ოლე-ოლას” შესრულების ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალი პოსტში წერდა, რომ სიმღერის ვიდეო პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად ჩაწერა – ეს განცდა კი მასში სიმღერის გამო ადამიანების სასამართლოში დაბარებამ გამოიწვია.

ამავე პოსტში მან სოლიდარობა გამოუცხადა მომღერალ „კორძს”, რომელსაც „ოლე-ოლას” შესრულების გამო სამთავრობო პროპაგანდა დაუპირისპირდა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026