ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
18 ნოემბერი, თემურ ჩხეიძის გარეშე, მეოთხედ მოვიდა... მაესტრო 82 წლის გახდებოდა.
ადრე წავიდა... ჯერ ისევ შემოქმედებითად აქტიურ პერიოდში.
მუდმივად ჰქონია იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ მოასწრებდა. ყოველი ფუჭად დაკარგული დრო ენანებოდა; ვაითუ, თუ ვერ შევძლო, ვერ მოვასწროო...
თავისი სიმშვიდითა და განსხვავებული შინაგანი კულტურით, თითქმის, არავის ჰგავდა, არც ერთ თავის კოლეგას.
"ამაშია საქმე" - ეტყოდა ახალგაზრდებს და ჭეშმარიტების ძიებაში ყველას ისე უკვალავდა ბილიკებს, რომ ეგონათ, თავისით მივიდნენ სინამდვილემდე.
მაესტროს სახასიათო ტემბრის დავიწყება შეუძლებელია. მისი შემოქმედება - უკვდავი.
სხვა არც ერთ რეჟისორს არ შემოუთავაზებია ჩემთვის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრება. მან დამასწრო "გრონჰოლმის მეთოდს"... ეს იყო პროფესიონალიზმის მასტერკლასი. ასეთი ფსიქოლოგიური სპექტაკლი, რომელიც ორ საათისა და ოცი წუთის მანძილზე მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, ძნელია მეორე გაიხსენო.
ზმნა.ჯი ეკა ჩხეიძის ინტერვიუს გთავაზობთ, ემოციურს და იშვიათს...

ეკა ჩხეიძე: - რაც მამა გარდაიცვალა, მას შემდეგ სულ ვნანობ იმას, რომ სიკვდილის წინ ვნახე. ასეთი რამ დამემართა კოტე მახარაძეზე. ინსულტი რომ გადაიტანა, კლინიკაში მივედი და ვნახე. ეტლში იჯდა და სახე ჰქონდა მოქცეული. ის კოტე აღარ იყო. ვინანე, რომ ვნახე. არ მინდოდა ასეთ დღეში მენახა. ის არ იყო ღვიძლი ბაბუა, მაგრამ ძალიან მიყვარდა. თბილ ადამიანად მახსოვს. ეს უარყოფითი ემოცია გამყვა დიდხანს.
თემურმა გულის ოპერაცია გაიკეთა. აორტაზე ჰქონდა პრობლემა. რეანიმაციაში რომ იყო, ოჯახის წევრები შედიოდნენ სანახავად. მე არ შევდიოდი. მეუბნებოდნენ, შედი, ნახე, გვცნობსო... მიმიკებით ხვდებოდნენ, თორემ არ საუბრობდა. მერე მეორე ოპერაცია დასჭირდა. სანამ სხვა კლინიკაში გადაიყვანდნენ, ავდექი და შევედი... ნეტავ, არ მენახა. ძალიან ცუდად მახსენდება. ისე ჩამებეჭდა, რომ იმ კადრს ვერ ვივიწყებ! მივქარე... ის თემური არ იყო!...
***
მე მასთან ერთად არ ვცხოვრობდი. შვიდი წლის ვიყავი, მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
ამ ფოტოზე ალბათ 2 წლის ვარ. მე, დედა - ლალი გურგენიძე და მამა.

ახლა რომ ყველა წამს ვაფიქსირებთ ტელეფონით, მაშინ ხომ ასე არ იყო და ამიტომაც არ მაქვს ერთობლივი ფოტოები ბავშვობიდან.
ალბათ, დედის ძმამ გადაგვიღო. მისი ჰობი იყო ფოტოების გადაღება.
მიყვარს ეს ფოტო.

დედა მეუბნება, ძალიან ჰგავხარ მამასო. როგორც თვითონ იტყოდა, ყოველთვის ისე უნდა ყოფილიყო. მეც ყოველთვის მართალი ვარ (ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში). პრინციპებით ვგავარ. ბევრი იმასაც მეუბნება, რომ ბებიას ვგავარ, მედეა ჩახავას. მედიკოსთან მსგავსებას ყველა შვილიშვილი ვიჩემებთ...

- ეკა, როგორი იყო მამასთან, როგორც რეჟისორთან თანამშრომლობა თქვენთვის?
- თავის დადგმულ ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. ეს მე მგონი, მაღალი კლასის პროფესიონალიზმია. ჩემგან ამის თქმა უხერხულია, მაგრამ ასე იყო. აკონტროლებდა ყველაფერს. სპექტაკლი დროთა განმავლობაში ყოველთვის ფუჭდება, ამიტომ სჭირდება სულ კონტროლი, მოჭიმვა... არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, მსუბუქი დეტალებიც კი უნდა დაეფიქსირებინა, გაეკონტრილებინა.
"გრონჰოლმის მეთოდი" 2013 წელს დადგა და მაყურებელი დღემდე აქტიურად ჰყავს. მისი საყვარელი სპექტაკლი იყო. პიესაც მოსწონდა. ძალიან მოუნდა დადგმა.

სპექტაკლი 2 საათი და 20 წუთი მიდის უწყვეტად. მხოლოდ ტექსტია, მუსიკაც კი არ არის ზედმეტად და ვღელავდი, მაყურებელი როგორ უნდა დაგეჭირა. წარმოიდგინეთ, მთელი სპექტაკლი ოთხ მსახიობზე კიდია და მქონდა შიში, როგორ უნდა დააინტერესო ისე, რომ არ მოწყინდეს-მეთქი.
დადგმა რომ დავიწყეთ, თემურმა თქვა, მე ეს სპექტაკლი უნდა დავდგა 45 რეპეტიციაშიო. ჩვენ გაგვეცინა. მას კი ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. 46-ედ უკვე პრემიერა ვითამაშეთ. დაუჯერებელია, ასეთი რამ არ ხდება.

თემურმა ზუსტად იცოდა, რომელ რეპეტიციაზე, რა ეპიზოდი უნდა დაემუშავებინა. ყოველი დღე გაწერილი ჰქონდა, გეგმა ჩამოწერილი. ისიც კი ჰქონდა გათვალისწინებული, რომ იმ 45 რეპეტიციაში, რომელიმე ჩვენგანი, შესაძლოა, ავად გამხდარიყო. მაქსიმუმი ჰქონდა აღებული. აი, ასეთი მათემატიკური სიზუსტით ჰქონდა გათვლილი ყველაფერი. ეს იშვიათია!
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ყველას თავისი მეთოდი აქვს. რახან მეკითხებით, როგორც რეჟისორზე, მეც გპასუხობთ - თემურის რეპეტიცია არასდროს გაწელილა. მაქსიმუმ ოთხი საათი და მერე გვიშვებდა. ოთხი საათის შემდეგ ტვინი იღლება, ვეღარ ქაჩავს და მუშაობა არ არის ნაყოფიერი.
პრემიერის წინა დღეს აუცილებლად გვასვენებდა. დაისვენეთ, მობილიზდით, გონებით გაიაზრეთ რასაც ვაკეთებდით, რაც გვაქვს სათამაშოო...

ერთ-ერთ 18 ნოემბერს, მის დაბადების დღეს, ამ სპექტაკლით ბათუმში წასვლა მოგვიხდა. მახსოვს, ჩვენს საოჯახო ჯგუფში (ჩატს "Family" ჰქვია) ნიშნისმოგებით ვწერდი - "დღეს თემური მარტო ჩემია"-მეთქი. არ მახსოვს მისი დაბადების დღე, როდესაც ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მე ვიყავი მის გვერდით. ამიტომ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ის დაბადების დღე... სპექტაკლის შემდეგ აღვნიშნეთ, ჩვენ ოთხმა მსახიობმა და მამამ.
იმ დღეს მარტო ჩემი იყო თემური!

ზოგადად, მარტო ჩემი არასდროს ყოფილა, ყველასი იყო. მათ შორის - სტუდენტების. ფაქტობრივად, თავისი ცხოვრება თეატრს უძღვნა. მის გარეშე არ შეეძლო. მეორე სახლი იყო მისთვის. სულ ეფიქრებოდა თეატრზე...
პანდემია რომ დაიწყო, ვმუშაობდით სპექტაკლზე, რომელშიც ოჯახის წევრებიდან, ვინც მსახიობები ვართ, ყველა დაგვაკავა: მე, ნანი ჩიქვინიძე, ნატა მურვანიძე, ნიკო თავაძე... ყველანი ვთამაშობდით სპექტაკლში - "აგვისტო: ოსეიჯის სამთავრო". ასეთი რამ არასდროს მიმიქარავსო, ხუმრობდა მერე.
მართლა საინტერესო რეპეტიციები იყო. ყველა სიტყვას რომ წონა და ყველა გამოხედვას რომ თავისი დატვირთვა ჰქონდა. თემურს უყვარდა ასეთი ფსიქოლოგიური სპექტაკლები. მძიმე და საინტერესო სამუშაო იყო. კარგი სპექტაკლი გამოვიდოდა, დარწმუნებული ვარ. მაგრამ სამაგიდო რეპეტიციების დროს, პანდემიის მიზეზით გავჩერდით. სცენაზე გადასვლა ვერ მოვასწარით. ასე გაგრძელდა ორი წელი. მერე ნელ-ნელა დაუშვეს სპექტაკლების ჩვენება. მაგრამ რახან ეს დიდი სპექტაკლი იყო, რეგულაციების გამო ვერ გამოვუშვებდით. მერე დაავადებამაც მოუსწრო და... მენანება ის შრომა, რაც მასში ჩადო. ემოციურად იყო ჩართული და სურვილი ჰქონდა, რომ გვეთამაშა. სად მაქვს დასაკარგი დროო, მთელი პანდემიის დროს ამას ამბობდა.
სულ ჰქონდა ასეთი მომენტი, რომ რაღაც მოსასწრები აქვს. სად მაქვს ამდენი დრო, ვეღარ შევძლებო, რომ იტყოდა, მე ვეკითხებოდი, რატომ ამბობ ასეთ რამეს-მეთქი? რომ ვეღარ შევძლო, მამა? რომ ვერ მოვასწრო, მამა?..
ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მარტო თეატრისა და მსახიობების წინაშე კი არა, ახალი თაობის სტუდენტების მიმართ. ზედ ჰყვებოდა მათ. უნდოდა პროფესიონალებად გაეზარდა. მათთან მუშაობას დიდ ენერგიასა და დროს ახმარდა. შვილებივით უყვარდა ყველა მათგანი.
- მისი გარდაცვალების შემდეგ, განსხვავებული ემოციით გიწევთ, ალბათ, იმ სპექტაკლების თამაში, რომელიც მან დადგა...
- დღესაც, როცა ვიღაცასთან ვმუშაობ, სულ მახსენდება მისი რეპეტიციები. იმიტომ კი არა, რომ მას ვადარებ ან პარალელს ვავლებ მასთან; მე თვითონ მაინტერესებს, თემური როგორ იტყოდა, რას გააკეთებდა, როგორ იზამდა...
რაც აღარ არის, სულ იქით გამირბის თვალი, სადაც სპექტაკლის დროს იჯდა ხოლმე. ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული. და სულ მგონია, რომ იქ არის... სადღაც... მაინც...

11/18/2025