რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"თამარ, თქვენთვის სამშობლოს სუნი აქვს?" - ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი მე და მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა.
25 წელია მანანა ხორბალაძე სამშობლოდან შორს, ბელგიაში ცხოვრობს. ანტვერპენში განსაცდელმა ჩაიყვანა.
33 წლის იყო, თბილისში, უმძიმესი დიაგნოზი რომ დაუსვეს. ჰქონდა სისხლის გათეთრება და ძვლის დაშლა. ექიმმა მშრალად და გარკვევით უთხრა, სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო... სამედიცინო "განაჩენი" მოულოდნელი და მკაცრი იყო. ქმარ-შვილი ტიროდა. მანანას ხერხემლის გაუსაძლის ტკივილს მხოლოდ მორფინი უხსნიდა. სწორედ ამ დროს, უფალმა ჩვენი დროის წმინდანის, მამა გაბრიელის მხურვალე ლოცვა შეისმინა და... ფაქტობრივად მომაკვდავმა ქალმა ცხოვრება განაგრძო.
2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა. უდიდესი წმინდანი, ჩვენი მეოხი და დიდი გულშემატკივარი მარადისობას 1995 წლის 2 ნოემბერს შეუერთდა.

გამოცემა "ზმნის" მკითხველს მანანა ხორბალაძე დაუჯერებელ ისტორიებს უამბობს... ქალი, რომელსაც 33 წლის ასაკში უთხრეს, რომ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელია ცოცხლობს. მეტიც, მან ბელგიაში, კერძოდ, ანტვერპენში ქართული სკოლა და თეატრი დააარსა და ქართველ ბავშვებს სამშობლოს სიყვარულით ასაზრდოვებს.
8 ნოემბერს წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის საკვირაო სკოლა და თეატრი - „ჩვენ დავბრუნდებით“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ანტვერპენში გამართულ ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები დაესწრებიან. სტუმრებს მანანას წიგნიც დახვდებათ - "სამშობლო შენს გულშია", რომელიც ახლახან, თბილისში ორ თვიანი სტუმრობის დროს დაბეჭდა და წაიღო ბელგიაში. სამშობლოს მონატრებით გაჟღენთილი წიგნი ამ სკოლისა და თეატრის ისტორიას ჰყვება.

მანანა ხორბალაძე: - ჩემთვის სამშობლოს დედა-შვილის სურნელი ასდის. ტრაპზე რომ გადმოვდგამ ფეხს და ჰაერს შევისუნთქვავ, არ ვიცი, რა მემართება. ისეთი სიყვარული მეუფლება, გული უზარმზარი მიხდება. ვფიქრობ ხოლმე, შეიძლება ეს სიყვარული გასკდეს და ირგვლივ ყველაფერს მიეფრქვეს-მეთქი.
სამშობლოში რა საოცარი სურნელია. სადაც არ უნდა წახვიდე, ხომ მსგავსი არსად არაფერია. ნოსტალგიას ვერაფრით გაიყუჩებ. ის სულის ტკივილია... მე ხომ ვაკვირდები ბელგიაში უცხოელებს, სამშბლოს მონატრების ასეთი შეგრძნება, ჩვენ რომ გვაქვს, არავის აქვს. ვფიქრობ, მხოლოდ ქართველებს გვჭირს ეს. მართლა რომ ღვთივკურთხეული და მადლიანია ჩვენი მიწა. ამიტომ ვართ მასზე მიჯაჭვული.

იცით, რას ვეუბნები ქართველ ბავშვებს ანტვერპენში? თქვენ აქ არ იყოთ დაჩაგრული. ქართველები უდიდესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყნიდან ვართ-მეთქი. იმდენად გავუღვიღე სამშოლოს სიყვარული, რომ "ჩასულის" კომპლექსი მოეხსნათ. დაეწაფნენ ქართულ ლიტერატურას, ისტორიას. ვცდილობ სამშობლოს სიყვარული ჩავდო მათში...
***
რომ არა ის განსაცდელი, რაც გამოვიარე, მე ასეთი ბედნიერი არასდროს ვიქნებოდი. არაფერია მიწიერი სიმდიდრე, თუ გულში სიყვარული არ გაქვს. ეს ზე ბედნიერებაა. ამას მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვისაც უფალი მთელი გულით უყვარს. მე სამშობლოც მთელი გულით მიყვარს. ის ღმერთთან მაქვს გაიგივებული.
ვმადლობ უფალს ჩემი ავადმყოფობის გამო. როცა განსაცდელს გაძლევს, ღმერთი მისი დათმენის უნარსაც გაძლევს. მის გარეშე შეუძლებელია ამდენი ოპერაციის გადატანა. კისერზე, ხერხემალზე, კიდურებზე - 45 ოპერაცია! არ გინდა უფლის მადლის გარეშე ამას გაუძლო?!
ახლა მუხლებზე მაქვს ოპერაცია გასაკეთებელი. მამა გაბრიელს ვევედრები, რომ ეს ერთი წელი გაიწელოს. ვიცი, რამხელა ტკივილი მელოდება. შეუძლებელია ის ჯოჯოხეთური ტკივილი ღვთის მადლის გარეშე დაითმინო.

***
ათეისტი ვიყავი და მეგონა, რომ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. დედა მორწმუნე იყო, ლოცულობდა. მე არ მივყვებოდი ტაძარში. ძალით მომნათლა სვეტიცხოველში. ვეუბნებოდი, აბა, მაჩვენე, სად არის უფალი? შენ რატომ ხდები ავად-მეთქი?
31 წლის ასაკში დაიწყო ჩემი ავადობის პერიოდი. საკვერცხეებზე სიმსივნე ამომკვეთეს. ისე დამთრგუნა სიკვდილის შიშმა, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობდი. როცა უფალი არ გყავს გულში, გეშინია. ოპერაციის წინ ვიხილე მაცხოვარი, თეთრი გრძელი პერანგით, ელვარებდა. ზუსტად ისეთივე, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. 33 წლის ასაკში ღვთის გზას შევუდექი, მძიმე ავადმყოფობებით.
როცა 9 აპრილის დღეებში, ქაშვეთში სანთლის დასანთებად შევედი, იქ მამა არჩილ მინდიაშვილმა მტირალი მნახა და საკუთარი ისტორია მომაყოლა, მან მითხრა: შენ ქრისტეს შეებრალე და მოგაბრუნა, რომ მის გზას შეუდგე. ამგვარად, უფალმა ჩემი ცოდვილი სული დიდ მოძღვარს, მამა არჩილს ასე ჩააბარა.
გასაძლიერებლად უამრავი სასწაული მომევლინა, უამრავი ხილვა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
პირველი ოპერაციებიდან სამი წელი რომ გავიდა, ათი კილო დავიკელი. ქაღალდივით გავთეთრდი. თავბრუსხვევა მქონდა. გაქრა ენერგია. დადგინდა სისხლის გათეთრება, ძვლის დაშლა. სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო, ექიმმა პირდაპირ მითხრა. მაშინ ექიმები ასე პირდაპირ, ამგვარ განაჩენს არ გეუბნებოდნენ. მაგრამ ესეც ღვთის ნებით მოხდა. არანაირი დრტვინვა არ მქონია. იყოს ნება შენი, უფალო. მადლობა ყველაფრისთვის-მეთქი. სამდურავი არ მითქვამს.
სახლში მოვედით. ჩემი ქალიშვილი ჯერ მე ჩამეხუტა, მერე მამამისს და ორივე ატირდნენ. გული ჩამწყდა... სამ წელში სკოლა უნდა დაემთავრებინა ჩემს ქალ-ვაჟს. როცა დავჭირდები, მე მათ გვერდში აღარ უნდა ვიყო-მეთქი, დავიწყე ფიქრი. ჩემი მეუღლე ობოლი გაიზარდა. ჩემი დიაგნოზი რომ მოისმინა, მითხრა, თავს არ ვიცოცხლებო. მე თავს არ ვგლოვობდი, ქმარ-შვილს აქეთ ვამხნევებდი. ნოდარ, ნუ გეშინია, მე ვიცოცხლებ-მეთქი, გაღიმებულმა ვუთხარი მეუღლეს.
მაშინ ვთქვი, უფალო ნუთუ შენთვის საჭიროა ჩემი გაყვანა და ჩემი ქმარ-შვილის ასე გაუბედურება-მეთქი?
არამიწიერი ტკივილი მქონდა ხერხემალზე, რომელიც თავის ქალაზე ამდიოდა. ვიწექი და მორფინს მიკეთებდნენ.
დავხუჭე თვალები და პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ეზოში აღმოვჩნდი, ავლაბრის ტაძარია. შემოვლა დავიწყე სულიერ და-ძმებთან ერთად. დაიწყო მიწისძვრა. ხალხი მიმოიფანტა, წივიან-კივიან. საკურთხევლის მხარეს, მუხლებზე დავვარდი და ლოცვა დავიწყე. მიწა გათეთრდა ისე, როგორც გოლგოთას მიწაა. მერე დამშვიდდა ყველაფერი. სულიერი ძმები მეუბნებიან, შენმა ლოცვამ გვიხსნაო. ხის კარი გაჩნდა და ორი შავით მოსილი მოძღვარი იდგა, უზარმზარი ჯვრები ეკიდათ. მოვიდა ჩემი რიგი. ნაჯახი ეჭირა და მკითხა, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, უფალი თუ ქმარ-შვილიო? უფალი იესო ქრისტე-მეთქი. მუხლი მოვიდრიკე. მივხვდი, რომ თუ მე უფალს ავირჩევდი, თავს მომკვეთდნენ. საბოლოოდ გეკითხებით, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად... უფალი იესო ქრისტე-მეთქი. თავი მომკვეთა. სული ამოსრიალდა. შევდივარ გახსნილ თაღში. უზარმაზარი სვეტებიანი დარბაზია. თეთრი სამოსია აცვია ყველას. მოხვედი, დაო, მეფერებიან. ნუთუ ეს სასუფეველია-მეთქი, ვფიქრობ. გამახსენდა შვილები და ავტირდი. ნუ სტირი, დაო, განა შენ თვითონ არ აირჩიე ეს გზაო, ჩამესმა. გვერდზე დედა ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატია. წითელმოსასხამიანი მარიამ ღვთისმშობელი გადმოვიდა და ხელი დამადო. ლოყით მივეხუტე. ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იყო. გაისმა მშვიდი ხმა - უფალი მოდისო... და მოვიდა მაცხოვარი. როდესაც ჩემს ხილვებში მაცხოვარს ვხედავ, ყოველთვის ისეთია, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. აცვია გრძელი თეთრი სხივმოსილი სამოსი.
გავახილე თვალები და საწოლში ვარ. მამა არჩილს დავურეკე და მოვუყევი. მოვდივარ და გაზიარებო, მითხრა. პარაკლისი გადამიხადა, მაზიარა. მანანა შენი გასვლის ჟამია ამ ქვეყნიდან. მზად ხარო?
იყოს ნება შენი უფალო-მეთქი...
მეორე დღეს თვალს ვახელ და ვუყურებ, ჩემს ოთახში მამა გაბრიელი ზის. 1993 წელია. მამა გაბრიელი იმ დროს უკვე მონასტრიდან არ გამოდიოდა. ამიტომ მეგონა, მომეჩვენა. მადლი მოიტანა და ჩემი ტკივილი და ურვა სადღაც გაქრა.
მანამდე მასთან მცხეთაში ჩავიდოდი თუ არა, ხელებს გადაიჭდობდა და ამბობდა, როგორ უყვარ, დაო, უფალს. ჩემი მანანა ჩემთან მინდა მყავდესო, ამბობსო. მე მაშინ ვერ ვიგებდი, ამას რატომ ამბობდა. მერე როგორც გავიგე, თურმე, ის ხედავდა, რომ უნდა გარდავცლილიყავი. და ახლა როცა სახლში მომაკითხა მითხრა:
მე შენ მინიშნებას სულ გაძლევდი. შენი ქმარ-შვილი იმდენად შეებრალა უფალს, რომ გადაწყვეტილება შეცვალა. ლოცვა შესმენილია! (ვისი? მისი ლოცვა) და შენი თავი ღმერთმა ისევ მათ აჩუქა, მაგრამ ახლა, რაც შენს თავს მოხდება, ეს ღვთის საიდუმლოებაა, მე მისი გაცემის უფლება არ მაქვსო.
ილოცეთ მანანასთვის და იმარხულეთო, სამ ადამიანს დაავალა. მეუბნებოდნენ, სულ ტიროდა, როგორ უჭირს მანანასო... მოგვიანებით გავიგე, თავის კელიაში უთქვამს, ვინ თქვა მანანა ხორბალაძე კვდება. მაშ, აქ გაბრიელ ბერი რას აკეთებს, კვერთხი მომიტანეთო და ჩემთან წამოსულა.

მამა გაბრიელმა მითხრა, დაიმახსოვრე: შენ უფალი ცეცხლში გამოგატარებს და როგორც ოქროს, ისე გაგწმენდს. გმართებს მოთმინება და ლოცვაო...
გავიდა დრო. ამ ჯოჯოხეთურ ტკივილში რვა წელი გავატარე. ეტლით გადავადგილდებოდი. მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზს მიგზავნიდა.
მოსკოვშიც ვიყავი, გერმანიაშიც. თეძოს ძვალზე გამიკეთდა ოპერაცია.
ბოლოს ბელგიაში ჩავედი. დისკოზები მქონდა გაჩენილი, დროდადრო ვკარგავდი გონებას. ეტლში ვიჯექი და ისეთი დაუძლურებული ვიყავი, ჯდომის თავიც არ მქონდა. ძლიერი გამაყუჩებლებს ვიღებდი.
როგორც იქნა დამისვეს დიაგნოზი, კისრის არეში და ხერხემალზე მესაჭიროვებოდა ოპერაცია. მაგრამ რამდენიმე ნეიროქირურგმა ოპერაციაზე უარი მითხრა. ოპერაციის დროს ხელ-ფეხი გაგეთიშებაო, მეუბნებდნენ. დავურეკე დედა პარასკევას, საქართველოში ვბრუნდები-მეთქი. მან მითხრა, მოდი, ახლა მე ტელეფონს დავდებ მამა გაბრიელის საფლავზე და შენ უამბე ეს ყველაფერი; ჩათვალე, რომ მამა გაბრიელს ტელეფონზე ესაუბრებიო... ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ მოხდა გამოცხადება... ჩემს საწოლთან უეცრად მამა გაბრიელი დადგა და მწუხარე სახით მიყურებდა: როგორ იტანჯები, მანანა, შვილო, როგორ?!.. ცრემლები მოსდიოდა. ილოცე, მოთმინება, მოთმინება და აქ მოიცადეო, მითხრა.
ვინც გარისკა და ოპერაციები გამიკეთა დოქტორ რიჩარდ ჰერცი გახლავთ. დღეს ის ჩემი უსაყვარლესი ნეიროქირურგია. ის მიკეთებდა ოპერაციებს - კისერზე, ხერხემალზე, წელის არეში. როცა მე ოპერაციას ვიკეთებდი, საქართველოში ალბათ ყველა ეკლესია-მონასტერში ლოცულობდნენ ჩემზე. პარაკლისები, წირვები გადამიხადეს.
ერთი ოპერაციის წინ, სანამ ნარკოზს გამიკეთებდნენ, ვხედავ შემოდის მამა გაბრიელი, ხორციელად ვიხილე. ენა ჩამივარდა. მოვიდა, შუბლზე ხელი გადამისვა და ლოყა დამადო. ეს ვიგრძენი ფიზიკურად!..
მანანა, მე შენთან ვარ, არ შეგეშინდეს. ჩემი თავის ტვინის მეოთხედს გადმოგინერგავო. ოპერაცია გაგრძელდა რვა საათი და არაჩვეულებრივად ჩაიარა. უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, არაფერი მახსოვდა. პირველი მამა გაბრიელი გავიხსენე. შემოვიდა ექიმი, აამოძრავე თითებიო, ორივე კიდურებზე ავამოძრავე თითები... დიდება უფალს.

მამა გაბრიელმა იმდენი სასწაული მომივლინა, ძნელია, ერთ სტატიაში ყველას მოუყარო თავი.
უწმინდესს აქვს ნათქვამი, უამრავი წმინდანი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მამა გაბრიელი ყველაზე დიდიაო...
***
ერთხელ მამა გაბრიელმა მომიყვა: ისეთი სიცივე იყო, სულ გავიყინე ჩემს კელიაშიო. არ ჰქონდა ღუმელი და გადაუწყვეტია მეფე მირიანის სამლოცველოში შესვლა. ისე მოხდა, რომ არც სახარება და არც ხატი არ წამიღია და თავზე სამი უზარმაზარი დემონი წამომადგაო. ეს არის ჩვენი მტერი, მოდი, დავარხჩოთო და თავს დამესხნენო. და წმინდანს მე რა ვუთხარი, იცით? მერე "იესოს ლოცვა" როგორ არ თქვით-მეთქი? ამხელა კადნიერებით ვუთხარი წმინდანს. გადმომხედა და გაიღიმა. ვილოცე, მაშ, აბა, რამ გადამარჩინა. სულ მაგ ლოცვით გამოვედი ჩემს კელიაში. ის დღე და ის დღე კელია არ დამიტოვებიაო. მე ვეუბნები: მამა გაბრიელ, მე რომ გამომეცხადონ, რა საინტერესოა, რას ვიზამ? თავს დავიცავ "იესოს ლოცვით" და როგორ მომეკარებიან-მეთქი, ვუთხარი. ამპარტავნულად გამომივიდა. ისევ გადმომხედა და ჩაეღიმა. სახეზე ეწერა, მე შენ გიჩვნებ სეირსო.
შუქი არ არის, უკუნი სიბნელეა. 90-იანი წლების საქართველოში ასე არ იყო? ვწევარ და სამი უზარმაზარი, ჭერამდე აზიდული ეშმაკი წამომადგა თავს. თვალების ნაცვლად ნაკვერჩხლები ჰქონდათ და აელვარებდნენ. მეტყველების უნარი, მოძრაობის უნარი - ყველაფერი წამერთვა. გვერდით მყოფ მეუღლეს ვერაფერი ვანიშნე. ხელს ვერ ვწევ პირჯვრის გადასაწერად. მამა გაბრიელ, მიშველე-მეთქი, გულში სამჯერ მოვახერხე ამის თქმა. ჩავედი მცხეთაში და ვაპირებ დავიწყო მამა გაბრიელთან მოყოლა და უცებ მეკითხება - რაო დემონებმაო. თან ჩეღიმა... მან გამომიგზავნა და ასე მასწავლა ჭკუა. ახლაც ვეუბნები ხოლმე, არარაობა ვარ შენს გარეშე-მეთქი.
***
მამა გაბრიელი რომ გარდაიცვალა, გერმანიიდან ახალი ჩამოსული ვიყავი; იქ ოპერაცია გავიკეთე. შორენა თეთრუაშვილმა დამირეკა და მითხრა, მაგრამ სევდისა და ნაღველის ნაცვლად, გულში ბედნიერება შემოვიდა. სიხარული იყო გულში. მთელი გზა მცხეთამდე ასეთ ემოციაში ვიყავი. ვიფიქრე, რომ შევალ, ჩავეხუტები მის ცხედარს და მერე მაინც ვიტირებ-მეთქი. მეუფე დანიელი პანაშვიდს უხდიდა. ჩავეხუტე და ისევ სიხარული მოდიოდა. როგორც სიცოცხლეში ვეხუტებოდი და მახარებდა, ასეთი განცდა მქონდა. ქეთი ბექაურის გარდა, არავინ ტიროდა. ის ხმამაღლა ქვითინებდა. ვფიქრობდი, მამა გაბრიელ, მაპატიე, მე ასე ვერ ვტირი, როგორც ქეთი ტირის. ცრემლი რამ გამიშრო-მეთქი. ვერც ვამბობდი, რომ გულში სიხარული მქონდა ჩაბუდებული.
დაკრძალვის დღეს გამოსამშვიდობებლად რომ მივდიოდი, ხალხი თავისით ორად გაიყო, მე ყავარჯნებით მივედი. ხელი გამოუჩნდა, რომ ვემთხვიე, ისეთივე თბილი ჰქონდა, როგორც სიცოცხლეში. აი, მაშინ წამოვიდა ცრემლები ღვარად. მერე ისევ ნუგეში მოვიდა, ისევ ბედნიერების შეგრძნება...

***
იცოდა არტისტული საუბარი და უცებ იტყოდა - როგორები ვართ? ჩემგან რა დიდებული არტისტი გამოვიდოდაო.
მე სულ მსახიობებზე და თეატრზე მესაუბრებოდა. მაშინ ვერ ვხდებოდი, რატომ. დღეს უკვე ეს ნათელია. მე თეატრთან კავშირში ვარ. ანტვერპენში ვდგამ სპექტაკლებს. მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ არ გამოვიდა ასე. მამა გაბრიელი მესაუბრებოდა ოთარაანთ ქვრივზე. და გადის წლები და ეს პერსონაჟი გავაცოცხლე სცენაზე. ყველამ, ვინც მნახა ამ როლში, თქვა, რა ტალანტი დაკარგა საქართველომო. აი, მამა გაბრიელის სიტყვებიც გამართლდა - ჩემგან რა დიდებული არტისტი დადგებოდაო, რომ ამბობდა.

უბრალოდ არაფერს ამბობდა. ყველა მისი სიტყვა მომავალში სრულდება. ის ისეთი ღრმა იყო, მის სიტყვებს ვერავინ ჩაწვდა. ვინ იყო, საიდან მოვიდა იმ ოჯახში... გამოუცნობია. მამა გაბრიელი მოვიდა იმისთვის, რომ ქართველი კაცისთვის სიყვარული ესწავლებინა. ის ღმერთმა გამოგვიგზავნა. ხშირად აცრემლებული უთქვამს - მე ვერ გამიგო ქართველმა ხალხმაო. ამას რომ ვისმენდი, გული ჩამწყდებოდა. ვერც მისი სალოსობა გაიგეს. სულ განიკითხავდნენ. როცა მას მეგობრებთან ვაქებდი და მერე მათ მამა გაბრიელთან ჩავიყვანდი, მათთან სპეციალურად საპირისპიროდ მოიქცეოდა, რომ ეთქვათ, ეს რანაირი წმინდანია, ღვინოს სვამს, ამდენს ჭამს, რა სიტყვებით საუბრობსო... მერე უცებ ისეთ რამეს გააკეთებდა, ან იტყოდა, ვეღარ შორდებოდნენ მამა გაბრიელს.

წინასწარმეტყველებანი
მამა გაბრიელი რასაც გვეუბნებოდა, უკვე ხდება ნელ-ნელა. ბოლოჟამს ერთი წელი იქნება, ვითარცა ერთი თვე, ერთი თვე - ვითარცა ერთი კვირა, ერთი კვირა, ვითარცა - ერთი დღეო. მართლაც ასე არ დაპატარავდა დრო?
ანტიქრისტე კარს არის მომდგარი. ის ელოდება უთხრან, შემოდიო. ისეთი საზარელი სახე აქვს, ადამიანმა რომ დაინახოს, მეყსეულად განეშორება სული სხეულსო.
ბოლო ჟამს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე მოვა, ახლა ნახევარი ჯოჯოხეთია აქ. ადამიანებში შევლენ ბოროტი სულნი. გულები ისე გაუსასტიკდებათ, ერთმანეთის დანდობა არ ექნებათ. ბოროტი ცდილობს ოჯახები დაშალოს და დაანგრიოს. როცა ოჯახი მყარია, სახელმწიფოც მყარია; ოჯახი რომ იშლება, სახელმწიფოც მოიშლება. ბოროტი სულები ამას გააკეთებენო. დედა შვილს აღარ დაინდობს, შვილი - მშობლებს და და-ძმასო. ქალი ქალის სახეს დაკარგავს, კაცი - კაცის სახესო. ქუჩაში მორწმუნე ადამიანს ჩაცმულობით გამოარჩევთ. ადამიანები გარეგნულად ბოროტ სულებს მიემსგავსებიანო.
ქართველი კაცი ბოლო ჟამს სიყვარულს დაკარგავს. წარმოიდგინეთ, უსიყვარულოდ რა არის ადამიანიო. მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს საქართველოს, სხვა ვერაფერიო. აუცილებლად უნდა აღდგეს მეფობა, ბაგრატოვანთა შტომ უნდა მართოს ისევ ჩვენი ქვეყანაო. თვით რუსეთში აღდგება მირონცხებული მეფე და იქნება ძალიან მორწმუნე. ის იმდენად მორწმუნე იქნება, ბოდიშს მოუხდის საქართველოსო.
უცხო ტომელებს ფართოდ გაუღებენ კარს და შემოუშვებენ. საშინელი ეპიდემიები, შიმშილი, გაჭირვება იქნება და როცა იტყვით, რომ აღარ არსებობს საქართველო, მაშინ აღდგება იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ეს მხოლოდ ღვთის ხელით მოხდება და იბერია გაბრწყინდებაო. აქ სულიერ გაბრწყინებაზეა საუბარი. მხოლოდ სულიერი ადამიანი გადარჩებაო.
***
ძალიან მენატრება. როცა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში შევდივარ, ვგრძნობ, რომ იქ არის და მისმენს. ვეფერები და ვეუბნები, რა ბედნიერებაა რომ მყავხარ-მეთქი. არ არსებობს, რომ მისი ხმა მოვინატრო და სადმე მამა გაბრიელის ვიდეო არ შემომხვდეს სოციალურ ქსელში. სუნი მომენატრა და ვთქვი, როგორ მენატრება-მეთქი. ჩავდივარ სამთავროს მონასტერში და მისი სამოსი, მანტია შემომახვიეს დედებმა. და მისი მონატრებული სურნელი შევიგრძენი.
როცა არ უნდა მომიხმოთ თქვენთან გავჩნდები. მე კი არ მივდივარ, სულ თქვენთან ვიქნებიო, ასე დაგვიბარა კიდეც.
ჩემი 22 წლის შვილიშვილი, ლუკა და მისი ფრანგი მეგობარი ავიყვანე მამა გაბრიელის კელიასთან და ვუყვები, აქ ლოცვას აღვავლენდით და (ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ) თუ გვეტყოდა - ამინ, შევიდოდით, ისე არ გვქონდა შესვლის უფლება-მეთქი. ბებო, შენ რომ მონასტერში ცხოვრობდი, მაინც უფლება გჭირდებოდაო? - ლუკამ მკითხა. რამდენჯერაც არ უნდა მოვსულიყავით, მაინც ვამბობდით-მეთქი.

და ეს ვთქვი და ვხედავ, კელიის კარი გაიღო! რა დამემართა, იცით?! თურმე კელიაში იყო ორი მონაზონი, რომლებიც უვლიან კელიას. არავის არ აქვს კურთხევა იქ შესვლის. და დედებმა მითხრეს, მანანა, მამა გაბრიელმა კარი გაგიღოო. იმხელა მადლი გადმოვიდა!.. მე ამ კელიაში რამდენი რამ მაქვს ნანახი და გადატანილი. ისტერიკული ტირილი ამიტყდა... ასეთი ტირილი მაშინ გიტყდება, როცა დიდი მადლი გადმოდის.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ცუდად გავხდი. მეტყველების უნარი დავკარგე.
ასეთი რამ პირველად მომივიდა. ეს ყველაფერი, ექიმებმა, სტრესსა და გადაღლილობას დააბრალეს. გამიკეთეს კორონოგრაფია. პროცედურის შემდეგ ვერაფრით ვიძინებდი. შემდეგ ძილბურანში ვნახე ზმანება - უზარმაზარი ჯვრის სახის საფლავის შუაში ზის მამა გაბრიელი. კალთაზე დაწყობილი აქვს ხელები. შავი სამოსით მივუჯექი გვერდში და ხელები დავიდე მუხლებზე. რომ შევხედე, ძალიან მწუხარე სახე ჰქონდა მამა გაბრიელს.
კლინიკიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, მირეკავს დედა პარასკევა, შენთან მოვდივარო. ჩემი ამბავი რომ ვუამბე, გადმომცა მამა გაბრიელის ნათქვამი - ეშმაკების ჯგუფი შემოგესია და მამა გაბრიელი ამბობს, სად მყავს მაგათი დასაგლეჯი კრავიო. ჩამაცვა მისი მანტია, დამახურა მისი ქუდი და მისი ნაქონი ჯვარი გადამსახა.
ყოველი განსაცდელის ჟამს ძლიერდება ადამიანი თუ ამას მორჩილებით, მადლიერებით მიიღებ და უფლის დიდებას არ შეწყვეტ.
ჩემი მეგობარი მონაზონი, რომელსაც სულიერი ხილვები აქვს, მეუბნება, დროზე დაბრუნდი საქართველოში, თორემ მერე ვეღარ შემოხვალ საზღვარზეო. მამა გაბრიელი ამბობდა, წმინდანთა ჯაჭვი საქართველოს საზღვრებს გარს შემოევლება და ვერავინ გადმოვაო. როცა მთელ დედამიწაზე უბედურება დატრიალდება, ივერია გაბრწყინება. საქართველოში უდიდესი ბედნიერება მოვაო... ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო.

11/01/2025