
11/23/2026
2026 წლის 22 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება გამოაცხადა. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
ამ განცხადებას პროფესორი და ონკოფერტილობის ასოციაციის დამფუძნებელი ნინო მუსერიძე გამოეხმაურა.

„როგორც რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, მივესალმები დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სუროგაციის პროგრამების ხარისხი და უსაფრთხოება. მიმაჩნია, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა. სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტები, მათი შესრულების ეფექტიანი ზედამხედველობა და გამჭვირვალე პირობები დაგვეხმარება, დავიცვათ ბავშვის, სუროგატი დედისა და მომავალი მშობლების უფლებები. ამავდროულად, მშობლობის შესაძლებლობას შევუნარჩუნებთ ოჯახებს, რომლებსაც სუროგაცია სამედიცინო მიზეზებით სჭირდებათ.
გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ სრულმა აკრძალვამ შესაძლოა შეაფერხოს საქართველოში როგორც სამედიცინო ტურიზმის, ისე რეპროდუქციული მედიცინის განვითარება. იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით მოისმენს პაციენტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებს, შეაფასებს თითოეული მიდგომის რისკებსა და სარგებელს და მხარს დაუჭერს რეგულირებას, რომლის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება იქნება.“

თემას ეხმიანება ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
"სუროგაციის აკრძალვა არ არის მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილება — ეს არის გადაწყვეტილება ადამიანების ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციულ თავისუფლებასა, მომავალზე და არა ვინმეს სურვილზე ან მრწამსზე.
სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ბავშვის უფლებები, სუროგატი დედის ღირსება და უსაფრთხოება, თუმცა აკრძალვა ვერ იქნება და არ უნდა იყოს პრობლემის ერთადერთი გზა.
იქ, სადაც საჭიროა რეგულაცია, არ შეიძლება მივიღოთ აკრძალვა, მით უმეტეს თუ გადავხედავთ ისტორიას, არცერთ სფეროში აკრძალვით არაფერი გამოსწორებულა, საჭიროა რეგულაციები.
სუროგაცია საჭიროებს მკაცრ, ეთიკურ და გამჭვირვალე რეგულირებას და არა ისეთი ადამიანების უფლებების შეზღუდვას, რომლებსაც მშობლობა სურთ და ერთადერთი გამოსავალი სუროგაციაა ("ღვთისგან დასჯილია და არ უნდა ჩავერიოთ" - მოდით, მაშინ არც მწვავე ინფარქტით თუ ინსულტით ადამიანებს არ დავეხმაროთ)
არ შეიძლება სხვისი მორალური შეხედულებები ადამიანების პირად ცხოვრებასა და არჩევანზე მაღლა დავაყენოთ" - წერს ფეისბუქზე ლაშა უჩავა.

გააზიარე სტატია