Logo

„თავისუფლებაა სხივური ელემენტი“ - გრიგოლ რობაქიძის დაბრუნება და 1925 წლის საიდუმლო შურისძიება

„თავისუფლებაა სხივური  ელემენტი“ - გრიგოლ რობაქიძის დაბრუნება და 1925 წლის საიდუმლო შურისძიება

10/22/2026

ტექსტის ზომა

„ადამიანი მაშინაა ადამიანი, როცა თავისუფალია. თავისუფლებაა სხივური ელემენტი. ვინაა საბჭოეთში თავისუფალი? არავინ!“ - წერდა სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი გრიგოლ რობაქიძე საბჭოთა ჯოჯოხეთზე. საბჭოთა საქართველოში ის აკრძალული მწერალი იყო. მისი სახელის ხსენებაც კი ტაბუირებული გახლდათ, თუმცა სიმართლესა და ეროვნულ სულს ჩახშობა არ უწერია. გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძე სამშობლოში ქაღალდზე გადატანილი ფიქრებით ტრიუმფით დაბრუნდა.

1989 წლის ივნისი: სცენა და დარბაზი გაერთიანდა

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ საბჭოთა იმპერიაში, და განსაკუთრებით საქართველოში, უდიდესი გარდატეხის პერიოდი დადგა. „ბოროტების იმპერიას“ ძველებურად არსებობა აღარ შეეძლო და გორბაჩოვის „პერესტროიკით“ გადარჩენის გზებს ეძებდა. ირღვეოდა წლობით ნაშენები აკრძალვები...

სწორედ ამ დროს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში დაუშვეს სპექტაკლის დადგმა გრიგოლ რობაქიძის რომანის - „მცველნი გრაალისა“-ს მიხედვით. დრო განსაკუთრებული იყო: 9 აპრილის ტრაგედიით გაერთიანებული საზოგადოება, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა პიკს აღწევდა. სპექტაკლი საოცრად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

სპექტაკლი

აკაკი ბაქრაძე თავის წერილში აღწერს 1989 წლის 16 ივნისს, პრემიერის დღეს, თეატრში დატრიალებულ ემოციას:

აკაკი ბაქრაძე

„მაყურებელთა დარბაზი სინათლემ გააჩახჩახა, გამაყრუებელი ტაში გრიალებდა, ხალხი ტიროდა. სტუდენტმა დათო ტურაშვილმა დემოკრატიული საქართველოს დროშა ააფრიალა. ვიღაცამ დაიძახა: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დარბაზმა ერთხმად იქუხა: გაუმარჯოს! მსახიობმა მერაბ თაბუკაშვილმა სცენაზე აიყვანა დავით ტურაშვილი დროშით. სტუდენტმა დროშა ოთარ მეღვინეთუხუცესს გადასცა. სცენა და დარბაზი გაერთიანდა. სცენაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ფრიალებდა, დარბაზში - პატრიარქი ილია მეორე იდგა. უცებ რადიოჩანაწერი ჩაირთო და თეატრის თაღებქვეშ აგუგუნდა საგალობელი „შენ ხარ ვენახი.“ ხალხი გაირინდა, სულშეგუბებული უსმენდა გალობას. გალობა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა დარბაზში გაისმა ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმა: ღმერთო, გაანათლე გრიგოლ რობაქიძის სული! ხალხმა ერთი ამოსუნთქვით უპასუხა - „ამინ!“
სპექტაკლლის დასასრულზე

რომანიდან სინამდვილეში: 1925 წლის ცეცხლოვანი შურისძიება

რატომ იწვევდა რომანი და სპექტაკლი „გრაალის მცველნი“ ასეთ ემოციურ აფეთქებას? ალბათ იმიტომ, რომ ამ რომანში მხოლოდ მხატვრული ფანტაზია კი არაა ასახული, არამედ საბჭოთა ოკუპაციაზე ქართველი ხალხის შეუგუებლობა. მწერლმა თავის რომანში დაგვიტოვა ცნობა ალექსანდრე (ამბაკო) საღარაძის გმირობაზეც, რაც საბჭოთა რეალობაში ტაბუდადებული და გასაიდუმლოებული დარჩა.

აფიშა

1925 წლის 22 მარტს თბილისთან კატასტროფა განიცადა „იუნკერსის“ ტიპის თვითმფრინავმა. მას თბილისიდან სოხუმში გადაჰყავდა მაღალი რანგის ბოლშევიკები: ათარბეგოვი, მიასნიკოვი და მოგილევსკი - ჯალათები, რომლებიც 1921 წლის თებერვალ-მარტში წითელ არმიას შემოუძღვნენ საქართველოს დასაპყრობად. ცნობილია, რომ იმ დღეს იმავე რეისით სერგო ორჯონიკიძეც უნდა გაფრენილიყო, თუმცა ბოლო მომენტში მოულოდნელად გადაიფიქრა და სიკვდილს გადაურჩა.

ვიღაცები

საფრენ აპარატს მართავდა ახალგაზრდა, გამოცდილი მფრინავი ამბაკო საღარაძე. მან პირველმა შეასრულა ტექნიკურად რთული და თამამი რამდენიმე გაფრენა რაჭისა და სვანეთის მაღალმთიანეთში, იყო ავიაციის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. ავიაკატასტროფის დროს მასთან ერთად მეორე მფრინავიც იმყოფებოდა.

მფრინავები

ბოლშევიკურმა საოკუპაციო რეჟიმმა კატასტროფის მიზეზების შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა. დასკვნაში ჩაწერეს, რომ საფრენ აპარატს ცეცხლი მოტორის ან მექანიკური გაუმართაობის გამო არ გასჩენია - სისტემა გამართულად მუშაობდა. ამიტომ კომისიამ ივარაუდა, რომ ცეცხლი სამგზავრო კაბინის შიგნით გაჩნდა და იქიდან გადავიდა საწვავის ავზში. რა თქმა უნდა, ბოლშევიკები ოფიციალურ ოქმში ტერაქტს არ ჩაწერდნენ. თუმცა არსებობს მეტად სარწმუნო ვერსია, რომ ეს იყო გააზრებული ტერაქტი და თავგანწირული შურისძიება. ამ ვერსიას ამყარებს ამბაკო საღარაძის ნეკროლოგიც, სადაც აღუნიშნავთ, რომ უკანასკნელი გაფრენის წინ გამორჩეული, მხურვალე გრძნობით გამომშვიდობებია ნათესავებს...

მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ამბაკო საღარაძე გრიგოლ რობაქიძის მეგობარი ყოფილა და ისევ „მცველნი გრაალისა“: რომანის მთავარი პერსონაჟის რძალი, შვედი ქალი ნორინა, პარიზში, 1924 წლის აჯანყების ორ მონაწილეს უყვება თუ ვის რა ბედი ეწია აჯანყების დამარცხების შემდეგ - მათ შორის საღარას. „ხომ არ იძია შური საღარამ?“ - სვამს ნორინა შეკითხვას და მართალიც უნდა იყოს.

წიგნის ყდა

1925 წლის გაზაფხულზე თბილისის ცაში მომხდარი ავიაკატასტროფა ძალიან ჰგავს 1924 წლის აჯანყების მონაწილე ახალგაზრდა მფრინავის თავგანწირულ შურისძიებას ოკუპანტებზე. გრიგოლ რობაქიძის "გრაალის მცველნის" პერსონაჟ საღარას პროტოტიპი 1925 წლის 22 მარტს თბილისთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპული ალექსანდრე (ამბაკო) საღარაძეა. მისი ამბავიც მაშინ დაბრუნდა საქართველოში, როცა ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის დიდი ბრძოლა განაახლა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026