
11/09/2026
1983 წლის 18 ნოემბრს თვითმფრინავის გატაცების საქმე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და წინააღმდეგობრივ ფურცლად რჩება. ერთის მხრივ მძიმე დანაშაული და ძალადობა, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, მეორე მხრივ კი - საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებული ახალგაზრდების სასოწარკვეთილი მცდელობა, თავისუფლებაზე გაეღწიათ. ამ ტრაგიკული ისტორიის ეპიცენტრში აღმოჩნდა კაცი, რომელიც თვითმფრინავში არ ყოფილა. სისტემამ მაინც მთავარ დამნაშავედ შერაცხა და დახვრიტა. ეს ბერმონაზონი თეოდორე იყო. აქ ამ ნათელ კაცზე წაიკითხავთ.

მამა თეოდორე, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე, ჯერ კიდევ 16 წლისა გახდა ცნობილი, როდესაც მიხეილ კალატოზიშვილმა ფილმში „ფილატელისტის სიკვდილი“ ერთ-ერთ მთავარ როლში გადაიღო. თითქოს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ საბჭოთა საქართველოში მშვიდად ეცხოვრა და ბევრივით შეერგო კარგი ოჯახიშვილობა, ნიჭი თუ გარეგნობა, მაგრამ - არა.

თეიმურაზ ჩიხლაძე თავისუფლებისა და სიყვარულისთვის იყო გაჩენილი და მას საბჭოთა კოლექტიური აზროვნების მიღება არ შეეძლო. ამბობდა კიდეც: „მიყვარს თბილისი, მაგრამ გული მტკივა, მასში ამდენ მოსიარულე ცოცხალ-მკვდარს, მონასა და პატიმარს რომ ვუყურებ. არაფერია სულმკვდარ, თავისუფლებადატყვევებულ და ნივთების პირობითობას დამონებულ ადამიანზე საშინელი და დასანანიო.“

მისი შვილი, ეკა ჩიხლაძე, წიგნში „დასახვრეტი საქმე“ წერს:
„მთელი ცხოვრება კამიკაძესავით გარბოდა ცაში იმ მარტივი მოსაზრებით, რომ სწორედ იქ ყოფნა ეკუთვნოდა.“ მიწვევები ჰქონდა ცნობილი კინორეჟისორებისგან, მაგრამ კინოსამყაროში ვერ დაინახა ის, რასაც ეძებდა. წვერი მოუშვა, თმა გაიზარდა, გახეხილი ჯინსები ჩაიცვა და საბჭოთა საზოგადოებას გამოუცხადა - ჰიპი ვარო.
კითხულობდა გურჯიევსა და შოპენჰაუერს, უსმენდა ჯანის ჯოპლინს, ჩაკა ხანსა და ლედ ზეპელინს“ - მაშინ, როდესაც გარშემო გაზეთ „პრავდას“ კითხულობდნენ, კობზონს უსმენდნენ და პარტიულ კარიერაზე ოცნებობდნენ. თემო ჩიხლაძეს სრულიად არასაბჭოური ოცნებები ჰქონდა. შეუყვარდა ერთი გოგო, დაქორწინდა და შვილიც შეეძინა, თუმცა ოჯახურმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. მერე შვილს დედამ უთხრა: „არ მინდოდა ვყოფილიყავი მესამე მამაშენსა და იმას შორის, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. მე იგი ღმერთს დავუთმე“.
„საბჭოთა ჰიპმა“ იპოვა თავისი ადგილი ამ ცოდვიან მიწაზე და ბერმონაზონი თეოდორე გახდა. სადღაც უშოვია რუხი ფერის ჯინსის ნაჭერი და დეიდამისისთვის მისგან ანაფორა შეუკერინებია. მამა თეოდორე ახალგაზრდებში სწრაფად გახდა პოპულარული სასულიერო პირი. ეკლესიაში სიარული ახალგაზრდებს პრობლემებს უქმნიდა, ამიტომ ისინი მოძღვართან სახლში იკრიბოდნენ. იგი იმ ახალგაზრდების სულიერი მოძღვარიც გახდა, რომლებმაც ერთ დღეს საბჭოთა კავშირიდან გაქცევა გადაწყვიტეს, თანაც ერთობ საშიში და თავზეხელაღებული გზით - თვითმფრინავის გატაცებით. როგორც მამა თეოდორეს შვილი იხსენებს, მოძღვარი ბიჭების ამ განზრახვას მკვეთრად დაუპირისპირდა და სთხოვა, ხელი აეღოთ ჩანაფიქრზე, რადგან მას დიდი ტრაგედია მოჰყვებოდა.
საბჭოთა „სამართალი“
მერე რა რომ 1983 წლის ნოემბერში „თბილისი - ბათუმის“ იმ ავბედით რეისს არ გაჰყოლია და მანამდეც ბიჭებთან კონტაქტიც აღარ ჰქონდა? მამა თეოდორე „ბანდის მეთაურის“ სტატუსით დააპატიმრეს და სხვებთან ერთად დახვრიტეს, როგორც პატიოსანი ბერი, რომელმაც აღსარების საიდუმლო არ გასცა და მეგობრები არ „ჩაუშა“. ამ გაუგონარ ამბავზე საბჭოთა პროპაგანდამ საკუთარი „ვერსია“ გამოაცხო:

„მამა თეოდორეს წინაშე წარმოიშვა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ წასულიყო ეკლესიის ხაზით და მან დაიწყო თვითმფრინავის ხელში ჩაგდების გადაწყვეტილების შესაძლებლობის გაჭიანურება. გარდა ამისა, მამა თეოდორე თავისი ბანდის წევრებისგან მოითხოვდა მორჩილებას დასავლეთშიც, ეს კი ხელს არ აძლევდა ტერორისტებს...“ ( „კომუნისტი“)
სასამართლო პროცესის მასალებიდან მკაფიოდ ჩანს როგორ იცავდა მამა თეოდორე მეგობრებს თვითმფრინავში მომხდარი უმძიმესი ეპიზოდების განხილვისას. მოსამართლეს უკითხავს: „ასე გაშმაგებით რატომ იცავ მათ, როცა თვითმფრინავში არ ყოფილხარ?“ პროკურორს უპასუხია: „იმიტომ, რომ ბანდის მეთაურია,“ მაშინ მამა თეოდორეს მიუგია: „იმიტომ კი არ ვიცავ, რომ ბანდის მეთაური ვარ, არამედ იმიტომ, რომ მათი სულიერი მამა ვარ და განსაცდელში ჩემი მრევლის დაცვა ჩემი მოვალეობაა“.

„ყველაფერს თავის თავზე იღებდა. ალბათ ფიქრობდა, რადგან თვითმფრინავში არ ვიყავი, ბრალის საკუთარ თავზე აღებით წლებს მომიმატებენ, დანარჩენებს კი სიკვდილით დასჯისგან გადავარჩენო“, - წერს მისი შვილი.
მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე უზიარებლად დახვრიტეს. განაჩენი 1984 წლის 3 ოქტომბერს აღასრულეს. „თვითმფრინავის ბიჭებიდან“ გამთენიისას დასახვრეტად ბოლოს გაუყვანიათ. თურმე ლოცვითა და პირჯვრის წერით მიდიოდა, მაგრამ როდესაც განაჩენის აღსრულების ადგილას, ერთმანეთზე მიყრილი დახვრეტილი მეგობრები დაუნახია, მათთვის წესის აგება უცდია და პირჯვრის გადასაწერად მხოლოდ ხელის აწევაღა მოუსწრია.
დღემდე ბურუსითაა მოცული უშუალოდ თვითმფრინავში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები. სასამართლოზე მამა თეოდორეს დაჯილდოვებული მფრინავისთვისაც მიუმართავს: „თუ არის თქვენთვის ცნობილი დაუწერელი კანონი, რომ მშვიდობიანი მგზავრების სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, თავდამსხმელებს უნდა დამორჩილებულიყავით? ცაში უმაღლესი პილოტაჟის დემონსტრირება რომ არ მოგეწყოთ, როცა მგზავრებს ღვედებიც არ ჰქონდათ შეკრული, ამდენი ხომ არ დაიჩეხებოდა? მაშინ გილოცავთ საბჭოთა კავშირის გმირობას, თქვენ ის ნამდვილად დაიმსახურეთ“.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელები თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმას მოითხოვდნენ. შტურმან გასოიანის მხრიდან მათთვის ცეცხლის გახსნას საპასუხო სროლა მოჰყვა, დაიღუპა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და 2 მგზავრი, ხოლო ჩვიდმეტმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მსხვერპლი იყო თავდამსხმელებშიც. პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა, სადაც მოსკოვიდან ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა.
გააზიარე სტატია