საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იცით, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი მამა გაბრიელის მორჩილებაში სამი წელი იყო. 30 წლის ასაკში მონათლულა და მღვდელიც მალევე გამხდარა. როგორც მალხაზ ჯინორია ჰყვება, "მამა გაბრიელი ეუბნებოდა, ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინე; ტრუბაში გაგაძვრენენ, ნიკოლოზო."
მოგვიანებით, ღირსი მამის, ბერი გაბრიელის კურთხევით, მისი სულიერი შვილები მამა ნიკოლოზს აბარებდნენ აღსარებას, რომელიც სვეტიცხოველში ატარებდა წირვა-ლოცვას.

მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე "ზმნასთან" ბერ ნიკოლოზს იხსენებს.
მანანა ხორბალაძე: ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელმა გამაცნო. გაცნობამდე ხშირად მეუბნებოდა, მე შენ მამა ნიკოლოზი უნდა გაგაცნოო. მაგრამ რატომღაც არ ხერხდებოდა.
ერთხელ, მის კელიაში ყოფნისას, სვეტიცხოვლიდან მორჩილი ამოვიდა. მამა გაბრიელმა უთხრა, გადადი მცხეთას (ასე ეძახდა სვეტიცხოველს) მამა ნიკოლოზს უთხარი, გაბრიელი გეძახის, მანანა ხორბალაძე უნდა გაგაცნოს-თქო. მე გამიკვირდა, ვინ ვარ, ჩემს გამო ბერი რომ ამოვიდეს-მეთქი.
მართლაც მალე ამოვიდა მამაო. როგორც კი კელიაში შემოვიდა, მას ჩემზე დაუწყო საუბარი. მე უხერხულობისგან თავი არ ამიწევია. უეცრად მამა გაბრიელმა ხმას აუწია, დამიძახა:

- მანანა, შენ იცი, ეს ვინ არის? მის მზერას ვერ გავუძელი და ხმა ვერ ამოვიღე. უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე. მან გააგრძელა და თან ხმას უფრო მოუმატა. - ეს არის ბერი უდიდესი საქართველოსი. როდესაც ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონს, მას საქართველოში ნიკოლოზი შემოუძღვება. მაგრამ მანამდე იქნება განსაცდელები, ბრძოლა, დევნა...
ამ დროს მამა გაბრიელმა მწუხარე სახე მიიღო.
ჩვენ ისე დაგვაახლოვა ერთმანეთს, რომ მამა ნიკოლოზი ოჯახის წევრივით იყო ჩემთვის.
ამ ამბის შემდეგ, მალე მძიმე სენით დავავადდი. მამა გაბრიელი ყოველ კვირა მიგზავნიდა ბერ ნიკოლოზს სახლში. იგი მაზიარებდა და პარაკლისს მიხდიდა. ჩემი შვილების პირველი აღსარებაც მან ჩაიბარა. ყოველი მოსვლისას მეუბნებოდა, მანანა, შენ არ იცი, რა ბედნიერი ხარ, რამხელა მადლია შენზე. ნეტა შენს ადგილას მე ვიწვე მაგ საწოლზეო.
ერთ ასეთ ამბავს გიამბობთ. მძიმე მარხვის ჟამს, შინ, მამა ნიკოლოზი მესტუმრა. პარაკლისის შემდეგ იკითხა, სამარხვო თუ გვქონდა რამე. რადგან მისთვის მოსაწონი არაფერი იყო, გადაწყვიტა თვითონ მოემზადებინა ტრაპეზი; ღრმა თასი აიღო, შიგ ალყა-ალყად ჩაჭრა ხახვი, მოასხა ზეთი და მარილით შეაგემა. შემდეგ დატეხა პური და ჩემი მეგობრები მაგიდასთან მიიწვია. გასაოცარი ის იყო, რომ ყველა დიდი სიამოვნებით ტრაპეზობდა და ამბობდნენ, მსგავსად გემრიელი არაფერი გვიჭამიაო.
ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდათ მისი სტუმრობა, სულგანაბულები ისმენდნენ მის მოძღვრებას. ბევრი მათგანი, მისი წყალობით, ეკლესიური გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
Exclusive: გაიცანით ქალი, რომელსაც მამა გაბრიელის ლოცვამ სიცოცხლე აჩუქა
04/21/2026