
10/27/2026
რა უკიდურესი საქციელის ჩადენა შეუძლია გულშემატკივარს საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად?
ჩვენი უმეტესობა ნერვიულობს, მატჩის დროს ტელეფონს თიშავს, ყვირილით შესაძლოა ხმაც დაკარგოს...
თუმცა, აშშ-ში მცხოვრებმა 64 წლის მამაკაცმა ეს ზღვარი სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. ის, რაც მან მატჩის საყურებლად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და შესაბამისადაც ისჯება.
მან მეუღლე სარდაფში, სკამზე ლენტით მიაბა, რათა ტელევიზორთან ფეხბურთის ყურებაში ხელი არ შეშლოდა.
შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის შტატში მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერი უორდმა საკუთარი ცოლი იზოლენტის მსგავსი ლენტით სკამზე მიაბა და სარდაფში ჩასვა, სანამ თვითონ სახლის ზედა სართულზე ფეხბურთის მატჩს უყურებდა. ქალმა შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით 30-დან 45 წუთამდე დრო გაატარა.
მას დახმარება ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ აღმოუჩინა. სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ მსხვერპლის ხელებსა და სხეულზე ლენტის მკაფიო კვალი ემჩნეოდა.
დაკითხვისას ტერი უორდმა ჩადენილის უარყოფა არ უცდია. მან პოლიციელებს გულახდილად აუხსნა, თუ რატომ მიმართა ამ უკიდურეს ზომას.
მისი თქმით, უბრალოდ უნდოდა, მატჩისთვის მშვიდად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ეყურებინა.
სპორტული ენთუზიაზმი და „ფეხბურთის სიყვარული“ მამაკაცს ძალიან ძვირი დაუჯდა. უორდი ინციდენტის ღამესვე დააკავეს და ბრალი ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთასა და ოჯახში ძალადობაში ოფიციალურად წაუყენეს.
ვირჯინიის შტატის სასამართლოს ოფიციალური მონაცემებით, საქმის წინასწარი მოსმენა და შემდეგი ოფიციალური სხდომა 2026 წლის 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.
გააზიარე სტატია