საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
11 აგვისტოს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. 27 წლის ლიზი მოისწრაფიშვილი მეთორმეტე სართულიდან გადავარდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა...
ტრაგედიამ მთელი ზღვისპირა ქალაქი შეძრა. ულამაზეს ლიზის პატარაობიდან იცნობს ბათუმი, ის პოდიუმზე გამოდიოდა, დეფილეებში მონაწილეობდა.
ლიზის დედა, ნანა ახვლედიანი, წლების მანძილზე, აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს წამყვანი იყო. მოგვიანებით ნანამ რეჟისორის ამპლუაში მოსინჯა ძალები. მან თავისი ერთადერთი ქალიშვილი, ლიზი მარტომ გაზარდა. მეუღლე, ალეკო მოისწრაფიშვილი ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ლიზი ტელევიზიაშიც მუშაობდა. მას ულამაზესი 11 წლის ქალიშვილი დარჩა...

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს აჭარის ტელევიზია და რადიო და წერს: "ლიზი სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი და გამორჩეული სახე. ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად".
როგორც "ზმნისთვის" გახდა ცნობილი, ლიზი დეპრესიას ებრძოდა, მკურნალობის კურსს გადიოდა. მალე კი, სამკურნალოდ თურქეთში უნდა გამგზავრებულიყო...
საქველმოქმედო ფონდ "კეთილსოფელის" დამფუძნებელი - ნანა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო... მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის... რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად...
ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორ უნდა გავუძლოთ" - წერს ფეისბუქზე ნანა სარიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს ბათუმელი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე. გოგას და ლიზის დედები უახლოესი მეგობრები არიან.

გოგა ნიქაბაძე:
"წყეული იყოს ყოველი, ვინც შენ ამ სიტუაციამდე მიგიყვანა!
ჩემო ფერია!
შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი.
შენ არ დადიოდი დედამიწაზე, შენ დაფრინავდი, დაფრინავდი და ამშვენებდი ჩვენს ქალაქს, პოდიუმს, სამყაროს.

შენ ჩემი ლამაზი სამყაროს შეუდარებელი ფერია ხარ და ასე იქნება მუდამ. შენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო იყავი, ხარ და იქნები. სილამაზე არ გარდაიცვლება, სილამაზე მარადიულია, სიყვარული მარადიულია.
ვერ ვპოულობ ახსნას რომ გავიგო, რატომ გაფრინდი ამჯერად გაუგებრად და რატომ გაფრინდი ისე, როგორც შენ არ შეგეფერება.
ვეხვევი შენ ლამაზ სხეულს, შენ გულს, შენ შინაგან სამყაროს, შენ ლამაზ მზერას.
გაფრინდი ჩემო გოგო ზეცაში და შეუერთდი ანგელოზებს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული.
ნანა! არ დავიშურებ არაფერს, რომ შენში დავაბრუნო სიცოვხლე! მიყვარხარ."

08/11/2026