საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ჯიქიას სასაფლაოზე 23 აპრილს დაკრძალეს. საპატრიარქოს შეთავაზებაზე, ის მახათას პანთეონში დაკრძალულიყო, ბერის ძმამ უარი განაცხადა.
"ზმნამ" თავის მკითხველს მდუმარებაში მყოფი სასულიერო პირის აქამდე უცნობი ისტორიები შესთავაზა, რომელსაც მამა გაბრიელის სულიერი შვილები ჰყვებიან. იცით, რომ ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელის მორჩილი იყო და მრევლმა სწორედ ღირსი მამისგან გაიცნო ახალგაზრდა ბერი.
ამჯერად უცნობ ისტორიებს, სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ოთარ ნიკოლაიშვილი ჰყვება. ბერი ნიკოლოზი მისი ვაჟის ნათლია იყო.
ოთარ ნიკოლაიშვილი: ვუსამძიმრებ ყველას, ვინც მამა ნიკოლოზის გარდაცვალებით დამწუხრებულია. უფალმა ნათელში ამყოფოს ახლადშესვენებული მონა ღვთისა, ბერი ნიკოლოზის სული.
ამ ამბავს ყველა განვიცდით, ვისაც მამა ნიკოლოზთან რაიმე გვაკავშირებდა.

მამა გაბრიელთან ვიყავი და მითხრა, მცხეთას გადავიდეთო; ასე ამბობდა სვეტიცხოველზე. გზად სვეტიცხოვლიდან გამოსული ნარიმან მაქარაშვილი შეგვხდა, მამა გაბრიელმა გამაცნო. აი, ნახე, რა კარგი ადამიანი გაგაცნოო. მერე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს მამა გაბრიელთან. შეხვედრები და საუბრები გვიწევდა.
შვილები არ მყავდა მონათლული და გადავწყვიტე, ვაჟის ნათლიობა მამა ნიკოლოზისთვის მეთხოვა. მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო მღვდელი. ყველა შვილის ნათლიად საუკეთესო ადამიანს არჩევს. ჩემთვის მთავარი იყო მორწმუნე ადამიანები შემერჩია, რომელნიც ჩემს შვილებზე ილოცებდა და სულიერ საკითხებში დაეხმარებოდა მათ. მოკლედ, თორნიკე მამა ნიკოლოზმა მომინათლა. იმ დროს ნარიმანი ერქვა, მაგრამ მალევე აკურთხეს მღვდლად. თინიკო მჭედლიშვილს, მედავითნეს, ნანა მოვანათლინე. ნათლობა მიტროპოლიტმა იოსებმა ჩაატარა, რომელიც იმხანად სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო. ნათლობას მამა გაბრიელი ესწრებოდა.
ასე მეგობრულად და ნათელმირონობის მადლით განვაგრძეთ ურთიერთობა. ხშირად ვსაუბრობდით სვეტიცხოვლის ეზოში, ხან მამა გაბრიელთან.
მამა ნიკოლოზს უყვარდა სახლების კურთხევა, ადამიანების დახმარება. ერთად დავდიოდით.
ჩემი გოგო უცხო ენების ფაკულტეტზე (იტალიური ენა) აბარებდა. გამოცდებზე ნიშნები რომ არ დაკარგვოდა, ცხონებული მიტროპოლიტი თადეოზი თავისი კავშირებით გვეხმარებოდა. იტალიურის გამოცდის ჯერი დადგა, თუმცა ვერავინ ვიშოვეთ შუამავალი. მაშინ მამა ნიკოლოზი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხოვრობდა (წელიწადზე მეტ ხანს). მივედი და ვუთხარი, ეს ამბავი. კარგი, ოთარ, იტალიურის ამბავსაც მე მეკითხებიო?

მამა ნიკოლოზ, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი, რაც ენაზე მოგადგება, სხვა არაფერი მინდა-მეთქი. ერთი წამით გაირინდა და უცებ მეუბნება - "არივე დერჩი რომა". ეგ რას ნიშნავს-მეთქი? მე რა ვიცი, ენაზე რაც მომადგა, ის გითხარიო. შენს გოგოს ეციდენებაო. მივედი და ნანას ვეკითხები, ეს რას ნიშნავს, შენი იტალიურის საკითხებში ხომ არაა რამე მსგავსი-მეთქი? კი, თავისუფალი თემააო - "ნახვამდის, რომო". ეს მენიშნა და გამიხარდა, ნანიკო, ყველაფერს თავი დაანებე და ეგ საკითხი იმეცადინე, ძილშიც რომ გაგაღვიძონ, იცოდე-მეთქი. დამიჯერა. მეორე დღეს გამოცდაზე დავტოვე. მე კი ამიტანა ფიქრმა, შეცდომაში ხომ არ შევიყვანე ბავშვი-მეთქი. წავედი მამა ნიკოლოზთან. ნერვიულად გავდი-გამოვდივარ. ვერ ვუთხარი, კარგი გავაკეთე თუ ცუდი, რომ დაგიჯერეთ-მეთქი. და უცებ კონტექსტიდან ამოვარდნილ რაღაცას მეუბნება:
- ოთარ, ვლადივასტოკში გაწყვეტილი მავთულები რომ გადააბან ერთმანეთს, შენი აზრით, აქ ნათურა რამდენ ხანში აინთება?
აუ, ბაღანა დავღუპე-მეთქი, ვიფიქრე; რამ გამომაშტერა, რომ ასე მივენდე ამას, ნამდვილად ვერ არის კარგად-მეთქი. მაპატიოს უფალმა და მისმა სულმა, მაგრამ მაშინ ასე გავიფიქრე.
ნაჩქარევად ვუთხარი, რა დრო უნდა უნდოდეს, მამა ნიკოლოზ, წამებში აინთება-მეთქი. ჰოდა, აბა, მაშინ რა განერვიულებსო, მიპასუხა.
ახლა ვფიქრობ, ეს რა შუაშია, ვლადივასტოკში გადაბმულ დენის მავთული, აქეთ მე რატომ არ უნდა ვნერვიულობდე, ეს რა პასუხია-მეთქი...
ამ დროს ჩემს გონებაში შემოვიდა აზრი, ის ადგილი - ანუ ვლადივასტოკში დენის გადაბმის ადგილი, ხომ არ არის ეს ადგილი, სადაც ახლა ვარ და აქაური მადლი, ჩემს გოგოს ხომ არ გაუნათებს მის სიტუაციას-მეთქი...
ვისაუბრეთ, ამიყოლია და გადამავიწყდა, რომ 2-ზე უნივერსიტეტთან დათქმულ ადგილას უნდა ვყოფილიყავი. ორამდე 15 წუთით ადრე მეკითხება, ოთარი, სადმე ხომ არ გაგვიანდებაო? დავხედე საათს და ძალიან მაგვიანდება-მეთქი. მივედი დათქმულ ადგილას, ნანიკო ხალხს გამოეყო, გამოიქცა და კისერზე ჩამომეკიდა:
მამა, მართლა ბრძენთა ბრძენი ყოფილა მამა ნიკოლოზიო. ჩქარა მომიყევი-მეთქი ვეუბნები ბავშვს, რომელიც გახარებული და აღელვებული სულს ძლივს ითქვამდა.
ნანიკო ჰყვება: ორი ბილეთისკენ წაღებული ხელი, უკან დავწიე, მერე თვალი დავხუჭე და ისე ავიღე ბილეთი, დავხედე და "არივე დერჩი რომა" შემხვდაო! როგორი საკვირველია, არა? ვისაც კი მოვუყევი ყველა პირჯვარს იწერდა, საიდან სად განჭვრიტაო...
მამა გაბრიელი ამბობდა, შემთხვევითობა არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვსო.
მეორედ რომ დავოჯახდი, მეუღლეს დიდხანს არ უჩნდებოდა შვილი. დარდობდა. წამლები, ექიმები... იმ დროს, რაღაც პერიოდი მე და მამა ნიკოლოზი ერთმანეთზე თითქოს ნაწყენი ვიყავით. ერთმანეთს არ ვნახულობდით.
ერთ დღეს, კარზე კაკუნია. გავაღე და მამა ნიკოლოზი რამდენიმე გოგონასთან (მისი ახლობლები, ხშირად თან დაყვებოდნენ) ერთად იდგა. გამიხარდა. ჩემს მეუღლეს, ნანას ძალიან უყვარდა, აფასებდა... ვისაუბრეთ, ვიტრაპეზეთ და ნანას სთხოვა, ძლიერი სავარცხელი თუ გაქვს, იქნებ, ჩამომავარცხნინო თმაო. გრძელი თმა ჰქონდა. ნანამ რამდენჯერმე ჩამოვარცხნა. მოკლედ, ამგვარი შინაურული კეთილი ურთიერთობის მერე, დაგვემშვიდობა და წავიდნენ... ორიოდე კვირა გავიდა და ექიმმა ნანას უთხრა - ფეხმძიმედ ხარო...
ამ სტუმრობით ძალიან მადლიერი დავრჩით. შეგვეძინა გოგონა და მარიამ-მარგალიტი დავარქვით...
04/23/2026