Logo

"ყველა ცისტიტი ცისტიტია?!" - ეკა კვირკველია განმარტავს

"ყველა ცისტიტი ცისტიტია?!" - ეკა კვირკველია განმარტავს

11/05/2026

ტექსტის ზომა

ცისტიტის სიმპტომები - შარდვის გახშირება, წვა და აუტანელი დისკომფორტი, თითქმის ყველა ქალისთვის ნაცნობია. ასეთ დროს პირველი ინსტინქტი ხშირად გვკარნახობს - „ცისტიტი მაქვს“! და აფთიაქისკენ გავრბივრთ ანტიბიოტიკის მოსაძებნად.

თუმცა, რეალურად ცისტიტია თუ არა ყველა "ცისტიტი"?

მედიცინა გვახსენებს, რომ შარდ-სასქესო სისტემის მრავალი სხვადასხვა პრობლემა დაწყებული ვაგინიტებიდან და ჰორმონალური ცვლილებებიდან (მაგალითად, მენოპაუზის დროს), დამთავრებული მენჯის ფსკერის კუნთების დისფუნქციით თუ შარდ-კენჭოვანი დაავადებით, შეიძლება ზუსტად ცისტიტის „ნიღბით“ შეინიღბოს.

სანამ თვითმკურნალობას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ: შარდვის დროს წვა ავტომატურად ბაქტერიულ ცისტიტს არ ნიშნავს. სწორი დიაგნოზის დასმა კი ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მკურნალობა იყოს ეფექტური და თავიდან ავირიდოთ უფრო სერიოზული გართულებები, როგორიცაა თირკმელების დაზიანება (პიელონეფრიტი).

გინეკოლოგი ეკა კვირკველია დეტალურად განიხილავს, როდის არის საჭირო დამატებითი კვლევები და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ეკა კვირკველია

"ყველა ცისტიტი ცისტიტია?!

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლოკალიზებული ინფექცია. მისი ტიპური სიმპტომებია:

* შარდვის გახშირება;
* შარდვის გადაუდებელი მოთხოვნილება;
* წვა, ჩხვლეტა ან ტკივილი შარდვისას;
* დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
* ზოგჯერ სისხლი შარდში.

თუმცა, მსგავსი სიმპტომები ყოველთვის ბაქტერიულ ცისტიტს არ ნიშნავს. დიფერენციული დიაგნოზი მოიცავს/ანუ რა უნდა გამოირიცხოს:

* ურეთრიტს, მათ შორის ქლამიდიურ და გონოკოკურ ინფექციებს;
* ვულვოვაგინიტს და ვაგინიტს;
* გენიტალურ ჰერპესს;
* მენოპაუზის გენიტოურინულ სინდრომს (ჰიპოესტროგენიზმი);
* შარდ-კენჭოვან დაავადებას;
* შარდის ბუშტის ტკივილის სინდრომს (ინტერსტიციულ ცისტიტს);
* მენჯის ფსკერის კუნთების დისფუნქციას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

EAU-ის გაიდლაინით, ქალებში ცისტიტის კლინიკურ დიაგნოზს მხარს უჭერს დიზურია, გახშირებული და გადაუდებელი შარდვა, ვაგინალური გამონადენისა და გაღიზიანების არარსებობის ფონზე.

ატიპური სიმპტომების, ორსულობის, მკურნალობაზე არასათანადო პასუხის ან განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში საჭიროა შარდის კულტუროლოგიური/ბაქტერიოლოგია კვლევა.

ცხელება, შემცივნება და წელის/ფერდის ტკივილი შესაძლოა სისტემურ საშარდე ინფექციაზე, მათ შორის პიელონეფრიტზე მიუთითებდეს და საჭიროებს დროულ შეფასებას.

შარდვის დროს წვა ავტომატურად ცისტიტი არ არის. სწორი დიაგნოზი წინ უსწრებს სწორ მკურნალობას," - შეგვახსენებს ეკა კვირკველია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ანტიბიოტიკიეკა კვირკველიასიმპტომებიცისტიტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026