Logo

ყველაფერი, რაც ხვიჩა კვარაცხელიას უმძიმეს ტრავმაზე ვიცით

ყველაფერი, რაც ხვიჩა კვარაცხელიას უმძიმეს ტრავმაზე ვიცით

10/21/2026

ტექსტის ზომა

რა მოხდა?

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, პარკ დე პრენსზე, „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონას„ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მატჩის 58-ე წუთზე ბურთისთვის ბრძოლაში ხვიჩას ჩავი ესპარტი დაეჯახა. მსაჯმა წესების დარღვევა ვერ დაინახა და თამაში გააგრძელა. თუმცა მას მერე, რაც ხვიჩა ფეხზე ვეღარ ადგა, მატჩი შეჩერდა და მოედანზე ექიმები შევიდნენ. მომენტის გამეორებაზე ტრავმის სიმძიმე არ ჩანდა, თუმცა ფაქტმა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო, გულშემატკივრების საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.

რა თქვა ლუის ენრიკემ?

მატჩის შემდგე, პრესკონფერენციაზე, პარიზელთა მწვრთნელ ლუის ენრიკეს კვარაცხელიას ტრავმაზეც ჰკითხეს. იმ დროს, ზუსტი დიაგნოზი ჯერ ცნობილი არ იყო. აი, რა თქვა მწვრთნელმა: „მე ექიმი არ ვარ. ხვალამდე უნდა დაველოდოთ, სანამ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ და პასუხები გახდება ცნობილი. სამი მოთამაშე დაშავდა, სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ეს ყველაზე ცუდი სიახლეა. თუმცა ასეთია მაღალი დონის ფეხბურთი.“

მატჩის მიმდინარეობისას, მცირე ტრავმები მარკინიოსმა და უსმან დემბელემაც მიიღეს.

წინასწარი ვერსია

პირველი, ვინც ივარაუდა, რომ კვარაცხელიას შესაძლოა ჯვარედინი იოგები ჰქონოდა გაწყვეტილი, ესპანელი ფიზიოთერაპევტი ანხელ ვილიანუევა იყო. ის მუხლის ტრავმებისა და ჯვარედინი იოგების რეაბილიტაციაზე სპეციალიზდება.

მატჩის შემდეგ, მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვიდეოკადრების მიხედვით, კვარაცხელიას შესაძლოა წინა ჯვარედინი და შიდა გვერდითი იოგები ერთდროულად დაეზიანებინა. მალე ფრანგულმა L’Équipe-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის გარემოცვაში ჯვარედინი იოგის გაწყვეტას შიშობდნენ.

დიაგნოზი

21 ოქტომბერს კვარას ყველა გულშემატკივარი -და მათ შორის ფაქტობრივად მთელი საქართველო მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის დასკვნას ელოდა. თბილისის დროით 13 საათზე კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავარცელა, რომლითაც ყველაზე მძიმე შიში დაადასტურა: „ბარსელონასთან“ გუშინდელი მატჩის დროს ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

რა არის ჯვარედინი იოგები

ეს მუხლში არსებული ორი ძლიერი იოგია, რომლებიც ბარძაყისა და წვივის ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს და მუხლს სტაბილურობას უნარჩუნებს.

რა ხდება გაწყვეტის დროს?

როდესაც ერთ-ერთი იოგი წყდება, მუხლი კარგავს სტაბილურობას. ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს სიარული, სირბილი, მკვეთრი მოტრიალება და მიმართულების სწრაფად შეცვლა.

ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მძიმეა წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა, რადგან ეს იოგი სირბილის, ნახტომისა და სწრაფი მოძრაობების დროს მუხლის სტაბილურობას უზრუნველყოფს. სრული გაწყვეტისას ხშირად საჭიროა ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რომელიც სპორტში დაბრუნებამდე ჩვეულებრივ 9–12 თვეს მოიცავს. ამდენად, ყველაზე ოპტიმისტური გათვლითაც, ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2026/27 წლების სეზონი დასრულდა!

რომელ ფეხბურთელებს გაუწყვეტიათ ჯვარედინი იოგები?

რონალდო - 2000 წელი

მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც 6 წუთში, კვირისტავის იოგი მთლიანად გაიწყვიტა. ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრი, როდესაც ფეხბურთელი მოედანზე ტკივილისგან ატირდა

ნეიმარი — 2023 წელი

ბრაზილიის ნაკრებში, ურუგვაისთან მატჩში დაშავდა. ფეხბურთს დაახლოებით ერთი წელი ჩამოშორდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი — 2017 წელი

„მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას დაშავდა. მოედანზე დაახლოებით 7 თვეში დაბრუნდა.

ვირჯილ ვან დაიკი — 2020 წელი

„ევერტონის“ მეკარე ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შემდეგ იოგი გაიწყვიტა. დაახლოებით 9 თვე ვერ თამაშობდა.

გავი — 2023 წელი

საქართველოს ნაკრებთან მატჩში მიიღო ტრავმა. მოედანზე დაახლოებით 11 თვის შემდეგ დაბრუნდა.

ჩავი ერნანდესი — 2005 წელი

„ბარსელონას“ ვარჯიშზე გაიწყვიტა იოგი. ფეხბურთს დაახლოებით 5 თვეში დაუბრუნდა.

ალესანდრო დელ პიერო — 1998 წელი

„იუვენტუსში“, „უდინეზესთან“ შეხვედრაში დაშავდა. დაახლოებით 9 თვე გაუცდა.

მსოფლიო გამოხმაურება

პრაქტიკულად არ დარჩენილა არც ერთი დიდი მედია საშუალება, რომელმაც საგანგებო წერილი არ მიუძღვნა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას:

Reuters, BBC Sport, Sky Sports, The Guardian, ESPN, CBS Sports, Le Monde, Le Parisien, The Independent, Agence France-Presse, GOAL, Anadolu Agency...

ფეხბურთელების რეაქცია

პირველი, ვინხც ხვიჩას ტრავმას გამოეხმაურა, კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: ,,ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად სწორედ ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. მე კარგად ვიცი ეს გრძნობა, კვარა.
მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე ერთ რთულ მომენტს იმის საშუალება, რომ საკუთარ შესაძლებლობებსა და იმაში შეგეპაროს ეჭვი, თუ რამდენად შორს შეგიძლია წასვლა.
შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის!"

ოჯახის მხარადაჭერა

იმავე დღეს კვარას ცოლმა, ნიცა თავაძემ დაწერა: „არაფერში არასდროს ვყოფილვარ ისე დარწმუნებული, როგორც შენში. არა იმიტომ, რომ წინ მიმავალი გზა მარტივი იქნება, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ამ გზას გადის. ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება. სწორედ აქ იწყება კიდევ ერთი დაბრუნება - დაბრუნება, რომლის შემდეგაც იმაზე ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ერთად. ყოველთვის. მიყვარხარ.“

რას ამბობს სტატისტიკა?

2025 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც 1 988 პროფესიონალ ფეხბურთელს მოიცავდა, შემდეგი შედეგები აჩვენა:

92.3% - ფეხბურთს დაუბრუნდა.

80.1% - ტრავმამდელ დონეს დაუბრუნდა.

8–10 თვე - დაბრუნების საშუალო პერიოდი.

8.2% - ოპერირებული იოგის ხელახალი გაწყვეტის მაჩვენებელი.

რა განსაზღვრავს კვარაცხელიას დაბრუნებას?

  • ოპერაციის წარმატება — მნიშვნელოვანია, დაზიანებულია თუ არა მენისკი ან სხვა იოგებიც.
  • რეაბილიტაცია — კუნთების ძალის, მუხლის სტაბილურობისა და მოძრაობის სრულად აღდგენა.
  • სისწრაფე და მკვეთრი მოძრაობები — კვარაცხელიას სათამაშო სტილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჩქარება, დრიბლინგი და მიმართულების სწრაფად შეცვლა.
  • ფსიქოლოგიური მზადყოფნა — ფეხბურთელმა მუხლის ხელახალი დაზიანების შიშიც უნდა დაძლიოს.

მთავარი განსხვავება: მოედანზე დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მაშინვე ძველ ფორმაში იქნება. მაქსიმალური სისწრაფის, თავდაჯერებულობისა და სათამაშო რიტმის აღდგენას შეიძლება დამატებითი თვეები დასჭირდეს.

გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი დარჯანია

კვარატრავმაფეხბურთიხვიჩა კვარაცხელია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026