რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მგლოვიარე მოძღვრის კადრი ნანახი გექნებათ, ფეისბუქმა რომ ერთ დღეში აიტაცა. ეს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილია. მის ფოტოს, სოციალურ ქსელში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათ გარდა, ვინც ფოტო ემოციურად აღიქვა, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც წერს, რომ ის სხვის დასანახად პოზირებს.
სასულიერო პირი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სამების საკურთხეველში, გულწრფელი ემოციის გამოხატვისას, ფოტო ვინ გადაუღო, ზუსტად არ იცის. და არც ის მოსწონს, რომ ის ფეისბუქზე გავრცელდა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს იმდენად უაღრესად პირადული და ინტიმური სცენაა, რომ მისი გასაჯაროვება არასასურველია მისთვის.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, ღვთის გზას, 25 წლის ასაკში შეუდგა.

თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პედაგოგი, ახალ თაობას, ფილოსოფიის და მსოფლიო რელიგიების ისტორიას ასწავლის. მოღვაწეობს სამების ტაძარში. საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალის - "ჯვარი ვაზისას" (წელიწადში ორჯერ გამოდის) რედაქტორია.
დეკანოზი "ზმნას" მკითხველისთვის პატრიარქს იხსენებს და ამ კადრის ისტორიას ჰყვება.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: ეს ფოტო სამების საკურთხეველშია გადაღებული. არ ვიცოდი, თუ იღებდნენ. ეჭვი მაქვს, ვინც გადამიღო, ვიცი, ვინ იყვნენ საკურთხეველში იმ დროს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პირადი სივრცის დარღვევაა, რადგან ემოცია ძალიან პირადულია.
- რომ გცოდნოდათ გიღებდნენ, არ ისურვებდით ამ კადრს ფეისბუქი მოევლო?
- არა, არ ვისურვებდი. ეს პირადი განცდა და ემოცია მხოლოდ ჩემია. მაქვს მწარე გამოცდილება იმისა, რომ სხვას შენი ტკივილის არ ესმის. ეს იშვიათია.

- გაიხსენებთ იმ წუთს?
- როდესაც სამების ტაძარში შევედი და საპატრიარქო ტახტი დავინახე, რომელზეც ღვთისმსახურების და შესვენების დროს ჯდება მწყემსი, უცებ წარმოვიდგინე და გავაცნობიერე - ადამიანი, რომელსაც ვხედავდი 21 წელი, ფიზიკური სახით, იქ არასდროს დაჯდებოდა. იგივე განცდა იყო, სახლში შეხვიდე და მამა ან ბიძა, ვინმე უფროსი თაობის წარმომადგენელი, იმ კედლებში ვეღარასოდეს ნახო. ეს იყო მხოლოდ გულიდან ამომავალი ემოცია, საოცარი ტირილი, ცრემლით, რომლისაც არ შემრცხვა და არც მრცხვენია მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანმა არასასურველი კომენტარი დაწერა, ზოგმა მსახიობიც დამარქვა.
- ჩათვალეს, რომ პოზირებდით?
- ზოგმა ასე ჩათვალა. მე სოციალური ქსელები არ მაქვს. არც გავრცელების მასშტაბები ვიცი. მხოლოდ სხვისგან მესმის და მაინცდამაინც არც მაინტერესებს შეფასება. დადებით შეფასებაზე ყველას მადლობას ვუხდი, უარყოფით შეფასებაზე კი, ღმერთმა იცოდეს, ვინ რა გულით იტირა და გამოიტირა პატრიარქი. ვის როგორ დაწყდა გული. ადამიანი, რომელსაც საკუთარ მამაზე, ოჯახის წევრზე, თუნდაც იმ ადამიანზე, ვინც ამდენი სიკეთე და მადლმოსილება გააკეთა, გული არ დაწყდება, მიმაჩნია, რომ მას, შიგნით, კარგად არ აქვს საქმე. ისტორიულად ბევრი ადამიანი იყო, ვინც არავინ და არაფერი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო პატრიარქი. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის მათ დაეხმარა განათლების მიღებაში, სასულიერო პირობაში, "კარიერის გაკეთებაში" და ასე შემდეგ. მაგრამ ვინ როგორ გადაუხადა სამაგიერო და ვინ როგორ მოიხსენია, სხვა საკითხია.
- პეტრე კოლხს ჰქონდა თქვენი ეს ფოტო გაზიარებული, ვწუხვარ, რომ არ ვარ შენ გვერდითო...
- მამა პეტრე კოლხი პატრიარქმა გაზარდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მან გააკეთა ის, რასაც უამრავი სასულიერო პირი ვერ გააკეთებდა. უამრავი წიგნი, მათ შორის, ლექსები პატრიარქზე შეკრიბა და მათ ერთად შეადგინეს ანთოლოგია, რომელსაც ჰქვია "მოსე ქართველი".
მახსოვს, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, პატრიარქმა ჰკითხა: შენ ხომ ისევ წერ ლექსებს? არ დავინახო, რომ მღვდლობის დროს გაჩერდე და ლექსები აღარ წეროო. პეტრეში პატრიარქი შემოქმედის ფენომენს აღვივებდა. უნდოდა, რომ ის კრეატიული ყოფილიყო და უფრო მეტი დაეწერა. თუმცა როგორც ყოველ მეორე სასულიერო პირს, უკვე აღარ შეეძლო უწმინდესთან ურთიერთობა ჰქონოდა და ეთქვა მისთვის ის, რაც უნდოდა, ალბათ, რომ ეთქვა.
- უწმინდესთან ბოლო შეხვედრას გაიხსენებთ?
- ბოლო შეხვედრა იყო საპატრიარქოში, როდესაც ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" ერთ-ერთი ნომერი მივუტანე. წამიკითე სარჩევი, რა მასალებია გამოქვეყნებულიო. მასალების ნუსხა მოეწონა. ნოემბერში დალოცა მისი ნათლული ბავშვები. აი, ეს იყო სულ ბოლო ნახვა. მერე უკვე არ იყო ისეთ მდგომარეობაში, მასთან ხშირად შეეშვათ სასულიერო პირები.
ახლა სტამბაშია ჟურნალი "ჯვარი ვაზისა", რომელიც სამწუხაროდ, ბოლო ნომერი აღმოჩნდა, რომელშიც მისი უწმინდესობის ეპისტოლე დაიბეჭდა. ყველა ნომერში ვცდილობდი მასზე რაიმე საინტერესო სტატია დამეწერა.
კითხვა ძალიან უყვარდა. "გამაღიზიანებლად" უყვარდა წიგნი. სულ ამაზე ლაპარაკობდა. გუშინდელ დღესავით მახსოვს, 2024 წლის აგვისტოში ასეთი შემთხვევა მოხდა: დამირეკეს, პატრიარქს აინტერესებს, რა წიგნები გამოვიდა ბოლო დროსო. დავიარე გამომცემლობები, მაღაზიები. ზოგი გამოგვიგზავნეს, ზოგი შევიძინეთ და იმ წელს გამოცემული 30-მდე წიგნი მივუტანე. სტუდენტებთან საუბრობდა, არ დაჯერდეთ ახსნილს და საღვთისმეტყველო ტექსტებსო. მუდმივად ორიენტირებდა ფილოსოფიურ ტექსტებზე. უყვარდა ლოგიკა. სურდა, რომ სასულეირო პირები ინტელექტუალები და განათლებულები ყოფილიყვნენ.
მასში იჯდა ხელოვანი.
მე მახსოვს მისი გალობა, ძალიან ხშირად. საპატრიარქოში, ვიწრო წრეში, მიმდინარეობდა ლოცვები. მგალობლებს აჰყვებოდა. ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. და ვიცით, რომ თვითონაც წერდა საგალობლებს... ხშირ შემთხვევაში, მისი ნაწამოებები, ძალიან კარგი მუსიკოსების მიერ იყო შესრულებული...

03/20/2026