Logo

რა ბრალდებებით ებრძოდა პროპაგანდა ზვიად გამსახურდიას

რა ბრალდებებით ებრძოდა პროპაგანდა ზვიად გამსახურდიას

11/24/2026

ტექსტის ზომა

ძნელია, ადამიანური სიმძიმის გარეშე წაიკითხოთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაწერილი ტექსტები, რომლებსაც ჩვენი გვერდის მკითხველს ამ სტატიაში ვთავაზობთ. ორივე ეხება საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდს - 1989-1992-93 წლებს: ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის აზვირთებას, მის გამარჯვებას, შემდეგ კი მარცხს - და ორივე უკავშირდება იმ წლების გამარჯვებებსა და დამარცხებას შეწირულ ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას.

ერთი ტექსტი წარმოადგენს ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის ივნისში დაწერილ საპროგრამო დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოედგინა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. მეორე უკავშირდება 1992–1993 წლებში დამხობილი პრეზიდენტის დევნას და შეიცავს შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული ძალის საპროპაგანდო, საჯარო შეკითხვებს დევნაში მყოფი პრეზიდენტის მიმართ - მისი გაშავებისა და დემონიზაციის მიზნით.

შევარდნაძე, სიგუა, იოსელიანი

საძალაუფლებო რესურსით აღჭურვილი დამნაშავეების პროპაგანდის მეთოდები მუდამ უცვლელია. ამიტომ საინტერესო უნდა იყოს, რა საჯარო შეკითხვებით მიმართავდა შევარდნაძის, კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას წამყვანი პროკურორი ვახტანგ რაზმაძე გროზნოში მყოფ პირველ პრეზიდენტს. რამდენიმე ციტატა 1992 წელს „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული მიმართვიდან:

გაზეთის სქრინი პროკურატურა ბრალს სდებს

„თქვენი განკარგულებით, 1991 წლის 1 ოქტომბრიდან 1992 წლის 2 იანვრამდე ფინანსთა მინისტრის მონაწილეობით სათანადო დოკუმენტების წარდგენის გარეშე თბილისის ბანკებიდან გამოტანილია 17 მილიონ 867 ათასი მანეთი, მათი ხარჯვის რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება, ვინაიდან თქვენი განკარგულებით ეს თანხა შემთხვევითი პირებისთვისაა გაცემული. გთხოვთ, გვიპასუხოთ, ხართ თე არა ამ თანხის დატაცების ორგანიზატორი და შეგიძლიათ თუ არა წარმოუდგინოთ გამოძიებას იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ მითითებული თანხა დაიხარჯა კანონიერად და მოხმარდა სახელმწიფოს ინტერესებს?“
„განუმარტეთ გამოძიებას, შეიძლებოდა თუ არა ქვეყნის პრეზიდენტად დარჩენილიყო პირი, რომელმაც ავადმყოფი ბავშვების სამკურნალოდ გამოყოფილი უცხოური ვალუტით თავისთვის და თავისი მეუღლისთვის შეიძინა 2 ჯავშნიანი ავტომობილი?“

რადგან ვახტანგ რაზმაძემ 1992 წელს გამოქვეყნებულ მიმართვაში ჩამოყალიბებულ მრავალ პროპაგანდისტულ და აბსურდულ შეკითხვებში ერთ-ერთი პრეზიდენტის ყბადაღებულ ბრონირებულ „მერსედესს“ დაუკავშირა და თან ისე, თითქოს მისი შესყიდვით ბიუჯეტიდან მაინცდამაინც ავადმყოფი ბავშვების სამკურნალო ფული დაიხარჯა, აქვე გაგახსენებთ, 1991 წლის შემოდგომაზე რას წერდა გამსახურდიას ოპოზიციაში მყოფი ერთი ცნობილი მწერალი, პუტჩამდე რამდენიმე თვით ადრე:

გამსახურდია და მერსედესი

„ერთ-ერთ სესიაზე პრეზიდენტმა ბრძანა, მავნებლები და კრემლის აგენტები მოგვიმრავლდაო, მავნებელთა ხელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობაო. თუ გნებავთ, ერთ მაგალითს დაგისახელებთო. ყურადღებად ვიქეც, ახლა კი გაგვიმხელს კრემლის აგენტის ამოცნობის საიდუმლოს-მეთქი. რუსთაველზე ინტელიგენტი გაუმართავი მანქანით რომ დადის და გამონაბოლქვით სწამლავს ჰაერს, ის გახლავთ მავნებელიო. წამით თვალები დავხუჭე, ჩემს წინ ჩაიარა უხარისხო ბენზინით და კუსტარული ავტომომსახურებით გაწამებული მანქანების პარადმა, რომელთა პატრონებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ პრეზიდენტმა ახლახან მავნებლების (ესე იგი ხალხის მტრების) სიაში ჩარიცხა.

მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისას კინაღამ გამიტანა წყნეთიდან ელვის სისწრაფით დაძრული მანქანების კოლონამ, მშვენივრად გამართულ „მერსედესში“ ამაყად გაჭიმულ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს რომ მიაცილებდა. პრეზიდენტი უსიამოდ გასცქეროდა ტროტუართან მიჭყლეტილ მავნებელთა მანქანებს.“

მაგრამ დავუბრუნდეთ რაზმაძის 1992 წლის მიმართვას ზვიად გამსახურდიასადმი. პროკურორი აცხადებდა, რომ გამოძიების მასალების მიხედვით გამსახურდიას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჯერ კიდევ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ კი რესპუბლიკის პრეზიდენტად ყოფნისას ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, გადაამეტა ძალაუფლებას და ა.შ. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა ყოფილიყო, შეიარაღებული, კრიმინალური გადატრიალებით დამხობილ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს დამამხობლების პროკურატურამ ბრალად დასდო: კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება კი.

2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეწყდა ეს სამარცხვინო საქმე, სპეციალურმა კომისიამ კი პირველი პრეზიდენტისადმი წაყენებული მთელი ბრალდებები უსაფუძვლოდ სცნო. ასე მოხდა, როგორც კი სიმართლემ ისტორიის გაყალბებით მიყრილი მტვრისა და ჭუჭყის გადაწმენდა და განთავისუფლება დაიწყო. იმ ჭუჭყიდან კი - წარსულის და არა მარტო წარსულის შესაფასებლადაც - შემოგვრჩა გაზეთის გაყვითლებულ ფურცლებზე გაცრეცილი ასეთი შეკითხვაც:

„გულით ქართველი თუ ხართ, თუ გიყვართ სამშობლო და მისი ხალხი, სისტემატურად რატომ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ, გაფიცვების, საბოტაჟების მოწყობისკენ, სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩასადენად?“

პროკურორ ვახტანგ რაზმაძის შეკითხვა ზვიად გამსახურდიას, 1992 წ.

გამსახურდიას მიმართვის სათაურის სქრინი

ახლა კი მეორე დოკუმენტი, რომელიც წლებით ადრე, 1989 წლის ივნისში დაიწერა და ფართო საზოგადოებისთვის 1991 წლის ზაფხულში, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა. ეს არის ზვიად გამსახურდიას მიმართვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი - ტექსტი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ წარმოედგინა ავტორს მასობრივი მოძრაობის აგორება და რა შინაარსს დებდა თავად ცნებაში, რომელსაც სხვა რეალობაში, სხვა სუბიექტების მიერ სრულიად განსხვავებული შეფასება მიეცა.

1989 წლის ამ წერილში ჩანს სტრატეგიული ხედვა: ნებისმიერი დიდი ძვრა ფუჭი და იზოლირებული რჩება, თუ ადამიანმა საკუთარ ყოველდღიურ ყოფაში არ დაინახა კავშირი დიდ იდეასა და საკუთარ თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და ღირსებას შორის. გამსახურდიასთვის აქსიომაა ის, რაც ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ დასამტკიცებელ თეორემად რჩება - და ამ „თეორემის“ დამტკიცების გზად სწორედ საზოგადოების ინფორმირება, არსებული სისტემის სისუსტეებისა და მანკიერებების თვალნათლივ ჩვენება და საერთო ინტერესის გაღვიძება ესახება.

გამსახურდიას პორტრეტი
„ვიქონიოთ რეალობის გრძნობა. თვალი გავუმართოთ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ერი. ეროვნული ხსნის მოძრაობას, საზოგადოებრივი ხსნის მოძრაობას ნუ გამოვყოფთ ეროვნულ - გამათავისუფლებელი მოძრაობისგან, რამეთუ ეს ორი რამ ურთიერთგანპირობებული და განუყოფელია. ამთავითვე ვიტყვი, რომ ეროვნულ - გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმატებანი პირდაპირ არის დამოკიდებული მის მასობრივ ხასიათზე. ეს მოძრაობა კი საერთო სახალხოდ ვერ გადაიქცევა, თუ მასებმა არ დაინახეს მისი აუცილებლობა, თუ იგი მათ თავიანთ ღვიძლ საქმედ არ აქციეს. დიახ, ჩვენ მასების შეგნებამდე უნდა დავიყვანოთ ის ჭეშმარიტება, რომ საქართველოს ყველა ეროვნულ და სოციალურ პრობლემას საბოლოო ჯამში ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის გარდა არაფერი უშველის, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაშია. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მთელ ერს ვერ დავრაზმავთ, სანამ მას თვალნათლივ არ ვაჩვენებთ ყოველივე იმას, რასაც ხედავს დღეს მხოლოდ ეროვნული მოძრაობა, სანამ თითოეული ქართველის შეგნებამდე არ დავა ის ცხადი ჭეშმარიტება, რომ არსებულ რეჟიმში განწირულია არა მხოლოდ ერი, არამედ ყოველი ადამიანის ინდივიდუალური არსებობა და კეთილდღეობა. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევქმნით მასობრივ, სტაბილურ, დინამიურ მოძრაობას, რომელიც საყოველთაო, ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება.“


ამ წერილში მოყვანილი 2 საარქივო ტექსტის გვერდიგვერდ წაკითხვა სრული სიცხადით აშიშვლებს იარაღით მოსული ძალის პროპაგანდისტულ ბუნებასა და იმ ბოროტებას, რომელსაც უზურპირებული ძალაუფლება ყოველთვის მიმართავს საკუთარი თავის გადასარჩენად. ზვიად გამსახურდიას 1989 წლის წერილში ჩანს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის გულწრფელი სიმართლე: მან ზუსტად იცოდა, რომ თავისუფლება ვერ მოიპოვება მხოლოდ ლოზუნგებით, თუ ხალხმა საკუთარ ყოფაზე არ იგრძნო სისტემის დამღუპველი ძალა და არ მივიდა საერთო, გაცნობიერებულ დაუმორჩილებლობამდე. ამ სიმართლემ, ამ „თეორემის“ დამტკიცებამ მოიტანა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი.

ფოტო დიდი აქციის

მალე სურათი თავდაყირა დადგა: დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების იარაღით დამხობის შემდეგ, ძალაუფლების მიმტაცებელმა ჯგუფმა დაიწყო იმავე საზოგადოების მოწამვლა, რომელიც გაჰყვა ზვიად გამსახურდიას, აირჩია, შემდეგ კი ისტორიულ რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. პროპაგანდა ცდილობდა მორალური ორიენტირების აღრევას - ჯერ ყოფითი, შეთითხნილი ბრალდებებით ლიდერის გაშავებას, შემდეგ კი თავად პროტესტისა და ეროვნული დაუმორჩილებლობის იდეას აცხადებდა „კანონსაწინააღმდეგო ქმედებად“ და „საბოტაჟად.“ეს არის კლასიკური სქემა, რომლითაც ძალადობით მოსული რეჟიმი ცდილობდა საკუთარი დანაშაულის გადაფარვას: ირგებდა „კანონიერების“ მანტიას და სახელმწიფოს ღალატად აცხადებდა ყველაფერს, რაც მის უკანონო ძალაუფლებას ემუქრებოდა.

რუსული პროპაგანდა იცვლის ფორმებს და ადრესატებს, მაგრამ მისი მიზანი ყოველთვის ერთია - სიმართლის გადაფარვა და თავისუფალი ნების დათრგუნვა. ისტორიული მეხსიერება კი სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ სიცრუისა და ძალისმიერი რიტორიკის მიღმა მუდამ შევძლოთ სიმართლის დანახვა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026