
10/29/2026
ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ გოლკიპერთან სტუმრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სახელი და დიდება კარგია, მაგრამ დრო და სიბერე მასაც ჩვეულებრივ ერევა. სახელი შეიძლება უკვდავი იყოს, მაგრამ სანამ მარადიულობის ჟამი დადგება, ადამიანური სისუსტეები, სინანული და მარტოობის შიში, ყოველდღიური და დაუპატიჟებელი სტუმრები ხდებიან...
78 წლის დავით გოგია - ფებურთელი და მეკარე, დიდი სპორტული კარიერით, ახლა შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე, უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე, ორი წლის წინ, მძიმე სენმა წაართვა. დარჩა მოგონებების პირისპირ, სინანულსა და დარდში...

დავით გოგია შვიდი სეზონის განმავლობაში შეუცვლელი გახლდათ.
"ინტერთან" გოლგაუშვებელი მატჩები უეფას თასზე: 1:0, 0:0.
იმ დროს გოგია იდგა, საჩემპიონო სეზონის 30 მატჩიდან 24-ში. და მხოლოდ 18 გოლი გაუშვა.
1968-1980 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში" და ლანჩხუთის „გურიაში“.
„დინამოს“ შემადგენლობაში იყო სსრკ ჩემპიონატის გამარჯვებული (1978 წ.), ვერცხლის (1977 წ.) და 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (1972-1976 წწ). საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976-1979 წწ.), “კარაველას თასის” მფლობელი (ესპანეთი, 1973 წ.)
1978 წელს დასახელდა საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

„დინამოს“ რიგებში ჩაატარა სსრკ ჩემპიონატის 176 და თასის 15 მატჩი, ევროთასებზე 19 და 35 საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა.
***
ამხელა ისტორია რომ დაწერე და ზურგს დიდი კარიერა გიმაგრებს, ცხადია, დამსახურებული ამბიცია გექნებოდა, მოგინდებოდა გეცხოვრა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდი. თუმცა ეს ხომ სულ სხვაა და ჭეშმარიტება კიდევ - სულ სხვა რამაა... დღეს კი, დავით გოგია, სიამაყით რომ ჰყვება თავის ბიოგრაფიას, მეუღლის სახელის ხსენებაზე ყელში ბურთი ეჩხირება და თვალები უწყლიანდება.

ხვდები, რომ მთავარი მაინც სიყვარულია, ერთადერთი, რაც უნდა იჩქარო და დააგროვო. სხვა ყველაფერი წარმავალია, დროს მიაქვს...
ის ფაქტიც, არასდროს ინტერვიუს მიცემა რომ არ მოსდომებია და ახლა, ასაკში რომ ჰყვება თავის ცხოვრებაზე, იმ ოპერიდანაა - ასაკმა შეცვალა, ამიტომაც ალაპარაკდა. როგორც შუშას უმრგვალებს ზღვის მლაშე წყალი ბასრ კიდეებს, ასეა ცხოვრებაც, გვალბობს და გვათვინიერებს.
"ზმნასთვის" მიცემულ, ცოლთან დაკავშირებულ ვრცელ ინტერვიუს, თქვენ უკვე გაეცანით, სადაც სპორტსმენი ხათუნასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა.
ინტერვიუს ამ ნაწილში კი, ის თავის კარიერაზე გვიამბობს.
დავით გოგია: უფლის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად წავიდა. ღმერთის შვილი ვარ. მე ასე მიმაჩნია.
პერანგით დავიბადე და იღბლიანი გახლდით. კარიერაშიც გამიმართლა და ოჯახშიც.
დედისერთა ვიყავი, ოჯახში მარტო მე მზრდიდნენ. მშობლები და ბებია ბაბუა თავზე მევლებოდნენ. გულს არაფერზე მწყვეტდნენ. ერთადერთი, რაზეც გული დამწყვიტეს, მოტოციკლეტი იყო. სისწრაფე მიყვარს და ამიტომ არ მიყიდეს.

სამტრედიაში რკინიგზასთან ვცხოვრობდით. სკოლაში მიმაცილებდნენ- მომაცილებდნენ. მატარებლის ხმა იავნანასავით ჩამესმოდა. ექვს წლამდე ბებიას და ბაბუას შუაში მეძინა.
დღეს სამტრედია ძალიან მენატრება. ჩემები რომ გარდაიცვალნენ, ის სახლი რომ არ გაექურდათ, მეზობელს მივყიდე. საფლავებსაც ისინი უვლიან. ბოლო რამდენიმე წელია ვეღარ ჩავდივარ. ხერხემალი ორ ადგილას დაზიანებული მაქვს, ხელოვნური სახსარი მაქვს ჩასმული და დიდხანს ვერ ვმგზავრობ.
თბილისში 17 წლის ასაკში ჩამოვედი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. პოლიტექნიკურის მესამე კორპუს დიდი სტადიონი ჰქონდა. ბურთი ვიყიდეთ და თამაში დავიწყეთ. სამტრედიაში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, კარებში ყველაზე უმცროსს ვაყენებდით და რახან ჩემს კურსზე, ყველაზე უმცროსი ვიყავი, კარებში მე ჩამაყენეს. სწრაფი ვიყავი, ხელბურთზეც ვვარჯიშობდი. სირბილი, ხტომა - სკოლაში სპორტულ აქტივობებში ვმონაწილეობდი. ბაბუა ყოველ დილით ცივი ტილოთი მაზელინებდა გულმკერდს. ასაწევი სიმძიმეები, ჩამოსაკიდებელი, ყველაფრით მამზადებდა.
მოკლედ, კარებში კარგად გადავხტი, გადმოვხტი. მერე მითხრეს, შენ ხომ 1948 წლიანი ხარ, შენი წლოვანების მოთამაშეებმა საკავშირო პირველობაზე უნდა მიიღონ მონაწილეობა და არავინ გყავს, ვარჯიში რომ დაიწყო და გახვიდეო? არა-მეთქი.

მოკლედ, ვოვა ელოშვილის მიერ გაკეთებული ახალგაზრდა საფეხბურთო სკოლაში გამსინჯეს. ლოკომოტივის სტადიონზე ვარჯიშობდნენ. გამსინჯეს და ამიყვანეს. მესამე მეკარე ვიყავი. ვოვა ნაკრების მწვრთენიც იყო. იმ ექვსი თვის განმავლობაში გავხდი მეორე მეკარე. საკავშირო პირველობის თამაშებზე, ჯერ სათადარიგოში ვიყავი, შემდეგ კი, კარებში უკვე მე ვიდექი. მოულოდნელად დამაყენეს. მოკლედ, ნახევარფინალიდან (უკრაინაში) ფინალში გავედით. ფინალი ლუგანსკში ჩატარდა და სულ დიდი გუნდების დუბლები თამაშობდნენ, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლის ბავშვები. მოკლედ, ფინალიც მოვიგეთ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. ამ სკოლამ პირველად მოიპოვა ასეთი დიდი წარმატება. უდიდესი მიღწევა იყო.
- ამ დროს რა ასაკის ხართ?
- 18 წლის ვიყავი. საუკეთესო მეკარის პრიზი გადმომცეს. აქ დაგვხდვა სპორტკომიტეტის ხელმძღვაელები და დიდი პატვით მიგვიღეს. "სკარაბლია ნა ბალუ" აღმოვჩნდი.

ერთ დღესაც გასასინჯად "დინამოში" გამომიძახეს. ამაზე რომ არასდროს მიფიქრია, გამსინჯეს და დამტოვეს!
ეს ის დროა, ფებურთელის დანახვაც რომ აგიჟებდა ქომაგებს. ხელით შეხებაც უდიდეს ბედნიერებას რომ ანიჭებდათ. მე ამ დროს თბილისი "დინამოში" მიმიღეს!
მწვრთნელი იყო ალიოშა კოტრიკაძე. თბილისის "დინამო" სამეულში უნდა ყოფილიყო. ალიოშა დაიბარეს - სამეულში თუ შეხვალ, დარჩი, თუ არადა, წადიო. მოკლედ, ალიოშა გორის "დილაში" წავიდა მწვრთნელად.

მომაკითხა გორის ქალაქკომის მდივნის მანქანამ - გამეცნო ჯონი ჯანელიძე. და ჩამიყვანეს გორში. სასტუმროში დამაბინავეს, ხელფასი - 1400 მანეთი დამინიშნეს. გამაფორმეს კომბინატში და ნეფტობაზაში, ორივეგან ათას მანეთს ვიღებდი. ამ პატარა 19 წლის ბიჭს, უცებ, ამხელა ხელფასი - 2500 მანეთი გამიჩნდა.
- კარგი ხელფასი იყო?
- ძალიან. ბაბუა ინჟინერი იყო და 1200 მანეთი ჰქონდა ხელფასი. მამა მძღოლი იყო 800 მანეთი ჰქონდა, დედა ბუღალტერი იყო, ისიც 800 მანეთს იღებდა. მე ყველაზე მეტს ვიღებდი გორის "დილაში" თამაშის პერიოდში.
კარგად ვითამაშე. გავიდა ცხრა თვე. თბილისის "დინამოს" მწვრთნელი იყო ვიაჩესლავ სოლოვიოვი. უთხრეს, გორს კარგი მეკარე ჰყავს და წამოვიყვანოთო. მოკლედ, გამომიძახეს. ჩამოვედი და დავიწყე დუბლებში თამაში. სოლოვიოვმა მოულოდნელად გამოცვალა სერგო კოტრიკაძე, ის გაბრაზდა და "დინამოდან" წავიდა. დავრჩით მე და რამაზ ურუშაძე.
- დაგრჩათ ბურთი და მოედანი...
- უცებ გავხდი მეორე მეკარე. ურუშაძე მაგარი მეკარე იყო. თუ გახურდებოდა, ბურთს ვერ გაუტანდი. მეუბნებოდნენ, ურუშაძესთან თამაში მაინც არ მოგიწევს, სულ სათადარიგოში იქნებიო.
გავიდა რვა წელი, გავხდი პროფესიონალი მეკარე.
ამასობაში, ალიოშა ქუთაისის "ტორპედოში" მწვრთნელად დანიშნეს. უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. ადგა და ქუთაისში წამიყვანა.
- გამოდის, რომ მისი ფავორიტი იყავით; სურდა, რომ მუდმივად მის გუნდში ყოფილიყავით. როცა მის ქალიშვილზე იქორწინეთ, ამაში დიდი წვლილი, როგორც ჩანს, მას მიუძღვოდა...
- კი, ასე იყო. 1970 წლის ბოლო თამაში ტაშკენტის "პახტაკორთან" გვქონდა. მაგრად იწვიმა. მოედანზე წყალი იდგა. თუმცა მწვრთნელმა გვითხრა, უნდა ვითამაშოთ, ჩვენ ვიგებთო და თამაში არ გადაიდო. თამაში მთავრდება, ათი წუთია დარჩენილი, არადა, 1:0-ს ვაგებთ.
ბერადორ აბდურაიმოვი - მათი ლეგენდარული თავმდამსხმელი ჩვენს საჯარიმოში წაიქცა. მსაჯმა პენალი დანიშნა. კიდე პენალი გვინდოდა? ვაგებდით და თამაში მთავრდებოდა. ბაჩაროვი საზიზღარი მსაჯი იყო, ქართველები და საქართველო ეზიზღებოდა. გაფსიხებული ვარ, მივედი მსაჯთან , რატომ დანიშნე პენალი-მეთქი? პენალი იყოო. ავდექი და სილა გავაწანი! მოედნიდან გადიო, მიბრძანა. გამომაგდეს.
რახან მეკარე უკვე შეცვლილი იყო და მეც გამომაგდეს, ფეხბურთელი დააყენეს კარში - კუსა წვერავა. კუსა მოატყუა აბდურაიმოვმა, სხვა კუთხეში მიუთითა დადექიო, კუსაც იმ კუთხეში გადახტა და იმან მეორე კუთხეში შეუგდო ბურთი. „პოდლობა“ გაუკეთა. ამ ტყუილისთვის მალხაზ შერგელაშვილმა დაარტყა და ორი კბილი ამოუგდო აბდურაიმოვს.
ომი ატყდა ქუთაისში. ამ უსამართლო თამაშმა მაყურებელი გააშმაგა, სტადიონზე დაწვეს ყველაფერი. მსაჯმა ასეთი რამ ჩაიდინა, აბდურაიმოვმა საზიზღრობა გააკეთა. "ტორპედოს" ლეგენდამ, ჯემალ ხერხაძემ გასახდელში მსაჯს აგინა. იმან ჩაიწერა ეს გინება. მოკლედ, ამ ამბოხებული ხალხის ნაკადში, ძლივს მიიყვანა მილიციამ ტაშკენტის "პახტაკორი" აეროპორტამდე.
საკავშირო ფედერაციამ მე, ხერხაძეს და შერგელაშვილს სამუდამოდ აგვიკრძალეს ფეხბურთის თამაში. მე ვარ 21 წლის ვიყავი, ისინი 23 წლისანი. მორჩა, აკრძალვაა, ვერსად ითამაშებ!

ქუთაისის ქალაქკომის მდივანს სამეგობრო ჰყავდა მოსკოვში. ჩაერია სოლიკო ხაბეიშვილიც. მწვრთნელი დახმარებას ითხოვდა, დამეხმარეთ, თორემ გუნდი დამეშალა; ეს ფეხბურთელები რომ არ მყავდეს, მეორე ლიგიდანაც გავვარდებითო.
დაგვიბარეს მოსკოვში. სხედან ბებერი კომუნისტები და ხანში შესული ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ასეთ გამოხტომებს, ვერ იტანენ. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდებოდა, ოღონდ თამაშის უფლება დაებრუნებინათ. პირობითი მოგვცეს, პატარა გადაცდომის შემთხვევაში, უკვე სამუდამოდ ჩამოვშორდებოდით ფეხბურთს.
იური ჩხაიძე, ჩემი მეგობარი იყო, ვისთან ერთადადაც ორი წელი ერთ ოთახში ვცხოვრობდი. მოსკვიჩი - 412 ჰყავდა, ახალი გამოსული იყო. მოდი, ოდესაში გავერთოთო. დავჯექით და წავედით. გავიარეთ ჩემთან, სამტრედიაში. დედამ ქათამი, ხილი - ყველაფერი ჩაგვიწყო.
სოხუმი, სოჭი გავიარეთ. ხერსონში წვიმდა და დიდ ტრასაზე მე დამსვა საჭესთან. თენდებოდა. თურმე, ჩამთვლიმა. 20 მეტრიანი ტრასიდან გადავსულვარ ხრეშიან გზაზე. ამ დროს იურის გაეღვიძა და გამომსტაცა საჭე, გავცურდით და ამოვტრიალდით. გაჩერდა მანქანები, მოვიდნენ, დაგვეხმარნენ, ამოგვაბრუნეს. არაფერი დაგვმართნია. ჩავედით ოდესაში, პატივი გვცეს ვისთანაც სტუმრად მივდიოდით. მერე სასტუმროში დავბინავდით და ნახევარი ფული, რაც დროის სატარებლად გვქონდა, მანქანის შეკეთებაში წავიდა.
ერთ დღეს ოდესის "ჩერნომორეცის" ადმინისტრატორი მოვიდა და გვეუბნება, დარჩით ჩვენს გუნდში, არაფერს მოგაკლებთ, აქ ითამაშეთო. თქვენს აქაურ გულშემატკივრებს უნდათ, აქ დარჩეთო. უარი ვთქვით, ჩამოვედით და მე „დინამომ“ ამიყვანა. ურუშაძე აღარ იყო გუნდში და მეკარედ - თამაზ სტეფანია დამხვდა.

ლვოვის "კარპატთან" თამაში წავაგეთ. მე საბუთების წამოსაღებად ქუთაისში გავემგზავრე. სტეფანია, რომელსაც "სტიოპკას" ვეძახდით, წასულა გორში, საცოლესთან სტუმრად, დაულევია და "პახმელიაზე" მყოფი მოდიოდა გორიდან, გზიდან გადავარდა, დაიმტვრა და გარდაიცვალა. 1972 წლის 28 მარტი იყო; თამაზი 21 წლის იყო...
მისი გარდაცვალების ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ახლო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით.

"სტიოპკა" დავკრძალეთ და მესამე დღეს თამაში გვქონდა.
ასე შემოვრჩი "დინამოს". მერე ტრავმები მიეწყო... მაჯა რომ დავიზიანე, ნოდარ ახალკაცი მეუბნება, დათო, ჭადრაკის თამაში იციო? ისე რა-მეთქი. კარგად ისწავლეო. რატომ-მეთქი? აბა, ცალხელა მეკარე სად გინახავსო?
წავედი და 21 დღე რომ უნდა მქონოდა თაბაშირი, მეათე დღეს შემოვიხსენი და თამაში დავიწყე. ბურთი ძვალზე რომ მხდებოდა ტვინში მირტყამდა. ტრავმებმა ნელ-ნელა გამაწამა და ფეხბურთსაც დავემშვიდობე.

ასევე დაგაინტერესებთ:
Exclusive: "ვნანობ, რომ ხათუნასთვის არ მითქვამს - მიყვარხარ და შენზე ლამაზი ქალი არ დადის-მეთქი" - დავით გოგიას ემოციური ინტერვიუ
გააზიარე სტატია