Logo

სასიკვდილო დიაგნოზი, 45 ოპერაცია და მამა გაბრიელის სასწაულები

სასიკვდილო დიაგნოზი, 45 ოპერაცია და მამა გაბრიელის სასწაულები

11/02/2026

ტექსტის ზომა

2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირს მამა გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს იხსენიებს.

ჩვენი დროის უდიდესი წმინდა მამა 1995 წლის 2 ნოემბერს, ოთხშაბათს მიიცვალა.

მამა გაბრიელის სენაკში დილიდან შეიკრიბნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, სამთავროს დედათა მონასტრის დედები და დები. მამა საბამ (კუჭავა), მონასტრის მოძღვარმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე მამა გაბრიელს აზიარებდა, რამდენიმე პარაკლისი გადაუხადა.

ამ დღეს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი და სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) იხსენებს:

„საპატრიარქოში ვიყავით, როცა გავიგეთ მამა გაბრიელის ამბავი. კათოლიკოს-პატრიარქმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსს, დღეს უკვე მიტროპოლიტ დანიელს მაშინვე კურთხევა მისცა, რომ მას მამა გაბრიელისთვის ლოცვები წაეკითხა. იმწამსვე გავემგზავრეთ სამთავროში. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და მხოლოდ ხუთი წუთი შევფერხდით. ძალიან შევწუხდით, მეუფეს ვკითხე: ნუთუ ცოცხალს ვერ მივუსწრებთ-მეთქი. მან ასეთი პასუხი გამცა: ბერი იმხელა ღვთისმსახური იყო, ღმერთი ისე არ გაიყვანს, თუ მღვდელმთავარი არ მივაო. მართლაც ცოცხალს მივუსწარით. მეუფემ ლოცვების კითხვა დაამთავრა თუ არა, მამა გაბრიელმა მაშინვე განუტევა სული“.

მეუფე დანიელმა და მამა გაბრიელის მკურნალმა ექიმმა - ზურაბ ვარაზმა შემოსეს და მისი ცხედარი კოშკიდან სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

მონაზვნებმა ერთხმად აღიარეს: იმდენად უყვარდათ, მამა გაბრიელის გარდაცვალებას თუ გადაიტანდნენ, ვერ წარმოედგინათ, მაგრამ სწორედ იმ დღეს მოხდა სასწაული: ისეთი საზეიმო განწყობა დაეუფლათ, გასაოცარი. ყველამ იგრძნო მამა გაბრიელის მეოხება.

მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მანანა ხარბალაძე ჰყვება:

"სევდისა და ნაღველის ნაცვლად, გულში ბედნიერება შემოვიდა. სიხარული იყო გულში. მთელი გზა მცხეთამდე ასეთ ემოციაში ვიყავი. ვიფიქრე, რომ შევალ, ჩავეხუტები მის ცხედარს და მერე მაინც ვიტირებ-მეთქი. მეუფე დანიელი პანაშვიდს უხდიდა. ჩავეხუტე და ისევ სიხარული მოდიოდა. როგორც სიცოცხლეში ვეხუტებოდი და მახარებდა, ასეთი განცდა მქონდა. ქეთი ბექაურის გარდა, არავინ ტიროდა. ის ხმამაღლა ქვითინებდა. ვფიქრობდი, მამა გაბრიელ, მაპატიე, მე ისე ვერ ვტირი, როგორც ქეთი ტირის. ცრემლი რამ გამიშრო-მეთქი. ვერც ვამბობდი, რომ გულში სიხარული მქონდა ჩაბუდებული."

მამა გაბრიელი

ეს ისტორია კი, "ზმნას" მკითხველისთვის ნაცნობია. როცა მანანა ხორბლაძის ისტორიას ეცნობი, რწმუნდები იმაში, თუ რა დიდი წმინდანი გამოგვიგზავნა უფალმა გასულ საუკუნეში. და რომ შეუძლებელია უზენაესში ეჭვი შეიტანო...

33 წლის იყო, თბილისში, უმძიმესი დიაგნოზი რომ დაუსვეს. ჰქონდა სისხლის გათეთრება და ძვლის დაშლა. ექიმმა მშრალად და გარკვევით უთხრა, სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო... სამედიცინო "განაჩენი" მოულოდნელი და მკაცრი იყო. ქმარ-შვილი ტიროდა. მანანას ხერხემლის გაუსაძლის ტკივილს მხოლოდ მორფინი უხსნიდა. სწორედ ამ დროს, უფალმა ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის, მამა გაბრიელის მხურვალე ლოცვა შეისმინა და... ფაქტობრივად მომაკვდავმა ქალმა ცხოვრება განაგრძო.

ამ ამბიდან 35 წელი გავიდა...

მანანა ხორბალაძე

მანანა ხორბალაძე: ათეისტი ვიყავი და მეგონა, რომ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. დედა მორწმუნე იყო, ლოცულობდა. მე არ მივყვებოდი ტაძარში. ძალით მომნათლა სვეტიცხოველში. ვეუბნებოდი, აბა, მაჩვენე, სად არის უფალი? შენ რატომ ხდები ავად-მეთქი?

31 წლის ასაკში დაიწყო ჩემი ავადობის პერიოდი. საკვერცხეებზე სიმსივნე ამომკვეთეს. ისე დამთრგუნა სიკვდილის შიშმა, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობდი. როცა უფალი არ გყავს გულში, გეშინია. ოპერაციის წინ ვიხილე მაცხოვარი, თეთრი გრძელი პერანგით, ელვარებდა. ზუსტად ისეთივე, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. 33 წლის ასაკში ღვთის გზას შევუდექი, მძიმე ავადმყოფობებით.

განაგრძეთ კითხვა...

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026