კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თუშ მეცხვარეს - სტეფანე თათარაიძეს ცოლი რომ გარდაეცვალა, ცხრა თვის ქალიშვილი დარჩა. ლელა წლინახევრის იყო, მამამ მეორე ცოლი რომ შეირთო. კესომ ორი ვაჟი გაუჩინა. მესამე შვილზე რომ დაორსულდა, სტეფანე შიშმა შეიპყრო, ვაითუ, ქალი გაჩნდეს და ოჯახში ლელას სიყვარული მან გაყოსო... ამიტომ დედის გარდაცვალებით დაჩაგრული უფროსი გოგონას სიყვარულმა, მამას ამგვარი აზრი მიაღებინა...
ეთერ თათარაიძე: მამა, სტეფანე თათარაიძე ძალიან ჰუმანური კაცი იყო, დედაზე ჰუმანურიც. ამიტომ მისგან ლამის ბრძანებამდე მისული მოთხოვნა - დედას აბორტი გაეკეთებინა, წარმოუდგენელიც იყო. მაგრამ ლელას სიყვარულმა ეს აზრი გაუჩინა. დედაჩემმა წლინახევრიდან გაზარდა დედით დაობლებული ლელა. ორი ვაჟის შემდეგ ჩემზე დარჩა ორსულად. მამას გოგოს დაბადება არ უნდოდა. ლელა პამპალებდა სახლში. ახლაც ეგ პამპალებს (იცინის).
დედა მორწმუნე იყო, ალბათ, გულითაც უნდოდა რომ გავეჩინე. მამამ რამდენჯერ გააგზავნა ექიმთან. ბოლოს მაინც დაუბარა, მე ცხვარში წავალ და შენ ამ საქმე მიხედეო. დედა ჰყვება, დავწექი და ვფიქრობ, ამ ტკბილ ოჯახს ამის გამო ხომ არ დავანგრევო, არ უნდა სტეფოს ეს შვილი და ხვალ ექიმთან წავალო. მოკლედ, დაწვა გადაწყვეტილებით, რომ მეორე დღეს აბორტის გასაკეთებლად უნდა წავიდეს.
იმ ღამეს კი ესიზმრება: მთაზე გამოჩნდა მაღალი, თეთრწვერა, ახოვანი კაცი, მომიახლოვდა და მითხრაო, მიჰყვება დედა: ოღონდ იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და გპირდები, მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო... და ეს თეთრწვერა მოხუცი გაქრა. თვალი გავახილე და განცდისგან აღარც დამიხუჭავსო, ამბობდა კესო. მაშინ ვიფიქრე, მე და სტეფანე რომც გავიყაროთ, ამ ბალღს არ მოვიცილებო.

იმ დღეს მარტო იყო, ჩემს უფროს და-ძმას ეძინათ. მიხვდა, რომ ვიბადებოდი, განთიადი ყოფილა. წყალი გააცხელა, იმშობიარა, ჭიპლარი გადაჭრა. არანაირი ტკივილი არ მიგრძვნიაო. როგორ ცუდად ვიყავი ბიჭების გაჩენის დროს და ახლა რანაირად ვერ ვგრძნობდი ტკივილსო, გაოცებული იყო. გამაჩინა სრულიად მარტომ და ტკივილი არ უგრძვნია. ყველაფერი მარტომ გააკეთა. მაბანავა, შემახვია, დამაპურა, დამაძინა და თვითონაც მოწესრიგდა.
ლელა გამოსულა დილას ოთახიდან და შენ რომ დაიჩხავლე, დედი, აქ ვინ არისო, მოგვარდა და გაკოცაო...
ცხვარში მყოფი მამა დაბრუნდა და გაჩენილი დავხვდი მე, გოგო. ეს მისთვის მარტივი ამბავი არ არის და გულმოსულს მივყავართ თუშეთში. მე სამი თვის ვარ, მთაზე გადასაადგილებელი საბავშვო "ტრანსპორტით", ვირზე გადაკიდებული ხის აკვნის მსგავს საწოლში ჩამაწვინეს და კავკასიონი სამი დღე გადავიარეთ.
02/07/2026