
11/26/2026
„თამარს ვაქებდეთ მეფესა“ - წერს შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში...
საქართველოში თამარის გაგონებაზე ბევრს სწორედ თამარ მეფე ახსენდება, თუმცა ამ სახელის ისტორია გაცილებით ადრე იწყება.
მისი თავდაპირველი მნიშვნელობა ძველ ებრაულში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა „თამარ“ ფინიკის პალმას ნიშნავს.
სახელი თამარი ძველი აღთქმის რამდენიმე ამბავში გვხვდება. დაბადების წიგნში ასე ჰქვია იუდას რძალს, სამუელის მეორე წიგნში კი მეფე დავითის ასულს.
ორივე შემთხვევაში ქალები ერთი და იმავე სახელს ატარებენ, თუმცა მათი ისტორიები სხვადასხვა დროსა და ოჯახში ვითარდება.
სახელის ებრაული ფორმა, תָּמָר (tamar), იმავე სიტყვას იმეორებს, რომლითაც ფინიკის პალმას აღნიშნავდნენ.
საქართველოში ამ სახელს ერთიანი საქართველოს მეფის, თამარის სახელს უკავშირებენ.
გიორგი III-მ თავისი ასული თამარი 1178 წელს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, თანამოსაყდრედ დაისვა. მამის გარდაცვალების შემდეგ, კი თამარი ქვეყანას დამოუკიდებლად მართავდა.

"მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა,“ - ასე მოიხსენიებენ თამარ მეფეს, ხოლო მისი მეფობის ხანას საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანა ჰქვია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს 14 მაისს იხსენიებს. ამ დღეს თამარობას ვუწოდებთ და დღესასწაულს ამ სახელის მატარებლებსაც ვულოცავთ.
ქართულში სახელს ბევრი მოფერებითი ფორმა აქვს - თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. მისი ფუძე გვარებშიც გვხვდება, მაგალითად, თამარაშვილი, თამარაძე და თამარაული.
თამარი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, სახელი ქალის სახელების ხუთეულში შედის.
ასევე დაგაინტერესებთ:
გააზიარე სტატია